საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100122006186833
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №725აპ-23 ქ. თბილისი
ტ–ი ვ., 725აპ-23 24 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ტ–ს ბრალეულობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ტ–ს ბრალად ედება: ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
ვ. ტ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:
- 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ვ. ტ–ი ქ. რ–ში, დ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელში თანაცხოვრების დროს, ფულის მიცემაზე უარის მიღებით განაწყენებული, ალკოჰოლით მთვრალი, არაერთხელ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - მ. მ–ს, კერძოდ, ლანძღავდა, აგინებდა და მიმართავდა უშვერი სიტყვებით, რამაც მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
- 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. რში, დ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელში, ალკოჰოლით მთვრალი ვ. ტ–ი, დედას - მ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ფულის არმიცემის შემთხვევაში, დანით ყელს გამოსჭრიდა, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2022 წლის 14 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ. რში, დ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელში, ალკოჰოლით მთვრალი ვ. ტ–ი, დას - ს. ტ–ს, ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დანით ყელს გამოსჭრიდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2022 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონში მდებარე ე.წ. ,,ს–ს ბაზრობის“ ტერიტორიაზე, მ. მ–სს კუთვნილ მაღაზიაში მიაკითხა ალკოჰოლით მთვრალმა ვ. ტ–მა, რომელიც დედას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, კერძოდ, უთხრა, რომ დაუმტვრევდა მაღაზიას და მოკლავდა, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ვ. ტ–ი, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს დასაწყისის, 2022 წლის 14 აგვისტოს შუადღისა და იმავე წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით, 17:00 საათის ეპიზოდები)
გაუქმდა ვ. ტ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ვ. ტ–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. ტ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში დეტალურად დაასაბუთა ის ფაქტორები, რომლებმაც ვ. ტ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა, კერძოდ:
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დანაშაულის სავარაუდო შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა, დაზარალებულებმა - მ. მ–მა და ს. ტ–მა - ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ოჯახის წევრის, შესაბამისად შვილისა და ძმის - ვ. ტ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად, მითითებულია მეუღლე და ძმა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულები - მ. მ–ი და ს. ტ–ი - არიან ის პირები, რომელთაც, შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო, ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამასთან, გამოკვეთილი არ არის არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც, სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს, ხოლო საქმეში სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც ვ. ტ–ს ბრალეულობას დაადასტურებდა, არ მოიპოვება, სახელდობრ:
10. მოწმე პოლიციელების - ა. ღ–სა და გ. ა–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი არ არიან არცერთი ფაქტის თვითმხილველი პირები. მათ მოცემულ საქმეზე ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულებისგან. ამდენად, აღნიშნული ჩვენებები ირიბია და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. დანაშაულის შესახებ დაზარალებულ მ. მ–ს განცხადება კი არის ძალზედ ზოგადი ხასიათის და არ შეიცავს არანაირ დეტალურ ინფორმაციას სისტემატური შეურაცხყოფისა თუ მუქარის შესახებ, საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი ვ. ტ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილი საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი