საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100121004263671
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1304აპ-23 19 მარტი, 2024 წელი
ხ–ი დ., №1304აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ხ–სი (რ–ს ფედერაციის მოქალაქე; პასპორტის ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ოთხი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით); საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ოთხი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2020 წლის 29 მაისს, 20:45 საათზე, დ. ხ–მა უნებართვოდ შეაღწია ჯ. ხ–ს კუთვნილ ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორ ,,ა–ს“ N......... მომხმარებლის გვერდზე და გვერდზე მიბმული მისი სს ,,.......... ბანკის“ N.............. პლასტიკურ ბარათიდან 20:44 საათზე ცხრა ეტაპად, სულ 27 144 ლარით შეავსო N........ მომხმარებლის ბალანსი, ხოლო შემდგომში თანხები გადაიტანა თავისივე სს „........ ბანკის“ N ....******... პლასტიკურ ბარათზე, რასაც ფარულად მართლსაწინააღდმეგო მისკაუთრების მიზნით დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ჯ. ხ–ს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.3. 2020 წლის 7 ივნისს, 06:32 საათზე, დ. ხ–მა უნებართვოდ შეაღწია ტ. თ–ს კუთვნილ ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორ ,,კ–ს“ N........ მომხმარებლის გვერდზე და გვერდზე მიბმული მისი სს ,,.......... ბანკის“ N.............. პლასტიკურ ბარათიდან 2500 ლარით შეავსო N.......... მომხმარებლის ბალანსი, ხოლო შემდგომში ონლაინ თამაშის ,,ბ–ს“ მეშვეობით თანხა გადაათამაშა კ. გ–ს N.......... მომხამრებლის ანგარიშზე, საიდანაც თანხა გადაიტანა კ. გ–ს სს „....... ბანკის“ N .......******....... პლასტიკურ ბარათზე, რასაც ფარულად მართლსაწინააღდმეგო მისკაუთრების მიზნით დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ტ. თ–ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.4. 2020 წლის 1 ივნისს, 21:25 საათზე, დ. ხ–სმა უნებართვოდ შეაღწია ა. ჭ–ს კუთვნილ ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორ ,,ა–ს“ N........ მომხმარებლის გვერდზე და გვერდზე მიბმული მისი სს ,,... ბანკის“ N............... პლასტიკური ბარათიდან 1100 ლარით შეავსო N........ მომხმარებლის ბალანსი, საიდანაც თანხა გადაიტანა კ. გ–ს სს „........“ ბანკის N ........******.... პლასტიკურ ბარათზე, რასაც ფარულად მართლსაწინააღდმეგო მისკაუთრების მიზნით დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით ა. ჭ–ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.5. 2020 წლის 27 მაისს, 17:30 საათზე, დ. ხ–მა უნებართვოდ შეაღწია გ. გ–ს ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორ „ა–ს“ მომხმარებლის გვერდზე N......... გვერდზე მიბმული მისი „.......... ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან 1 ლარით ხოლო მისი მეგობრის - დ. რ–სს „....... ბანკის“ ბარათიდან 2667 ლარით, ჯერ შეავსო „ა–ს“ მომხმარებლის N......... ბალანსი, ხოლო შემდგომში 2640 ლარი გადარიცხა ა. ვ–ს სს ,,....... ბანკის“ N.........******....... პლასტიკურ ბარათზე, რომელსაც ფლობდა და განკარგავდა დ. ხ–სი, რასაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. უშუალოდ დანაშაულის შედეგად გ. გ–ს მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი. აღნიშნული ქმედებით გ. გ–სის მიაყენა ქონებრივი და მორალური, ხოლო დ. რ–ს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.6. 2020 წლის 27 მაისს, 19:04 საათზე, დ. ხ–სმა უნებართვოდ შეაღწია ქ. ა–ს სახელით გახსნილ გ. მ–ს ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორ „....ის“ მომხმარებლის გვერდზე N.......... გვერდზე მიბმული მისი „......... ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან 2595 ლარით ჯერ შეავსო „....ის“ მომხმარებლის N.......... ბალანსი, ხოლო შემდგომში 2570 ლარი გადარიცხა ა. ვ–ს სს ,,........ ბანკის“ N.......******.... პლასტიკურ ბარათზე, რომელსაც ფლობდა და განკარგავდა დ. ხ–ი, რასაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. აღნიშნული ქმედებით გ. მ–ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით დ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯ. ხ–ს ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტ. თ–ს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტ. თ–ს ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ა. ჭ–ს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ. გ–სა და დ. რ–ს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გ. გ–სა და დ. რ–ს ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ. მ–ს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გ. მ–ს ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ხ–ს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. კ-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ხ–ს წარდგენილი ბრალდებებით უდანაშაულოდ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი.
3.2. 2023 წლის 13 ნოემბერს, მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობა ყველა წარდგენილი ეპიზოდით.
3.3. 2023 წლის 29 ნოემბერს, მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ–მ, დამატებით წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
3.4. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის მსჯავრდებულ დ. ხ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის, რ. კ–ს პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან იგი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაფუძნებულია ირიბ მტკიცებულებებზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება განახორციელა თუ არა დ. ხ–მა უნებართვო შეღწევა კომპიუტერულ სისტემაში, გადარიცხა თუ არა თანხები კ. გ–ს, ა. ვ–სა და თავისსავე საბანკო ანგარიშებზე. ასევე განკარგავდა თუ არა კ. გ–სის ონლაინ კაზინოს პირად გვერდს და გამოიყენა თუ არა მისი პირადი ანგარიში. ბრალდების მხარე დ. ხ–ს ედავება, რომ ქურდობა განახორციელა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორის არის IP მისამართი, არ წარმოდგენილა. საქმეზე წარმოდგენილი არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მით უფრო პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ. ხ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდებს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად აუცილებელია ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, რის დასასაბუთებლად დაცვის მხარემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეს დააკისრა, რაც ეწინააღმდეგება, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას. ამასთან, არც კი იმსჯელა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, რითაც უგულებელყო დაცვის მხარის პოზიცია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, დ. ხ–ს მიმართ ინკრიმინირებული ქმედებების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებები შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, ასევე დაცვის მხარის განმარტებას მტკიცების ტვირთის შებრუნებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხეს დაცვის მხარეს, სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც არ გაიზიარეს დაცვის მხარის მტკიცებულებები და პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან მიმართებით.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების – ჯ. ხ–ს, ტ. თ–ს, ა. ჭ–ს, გ. გ–ს, დ. რ–სა და გ. მ–სის ჩვენებებზე, რომლითაც დადგენილია, როგორ მოხდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის შედეგად, ონლაინ კაზინოების მათ კუთვნილ ანგარიშებზე შეღწევა და ამ ონლაინ კაზინოებში დაფიქსირებული საბანკო ბარათებიდან თანხის გადარიცხვა დ. ხ–ს და მსჯავრდებულთან დაკავშირებული პირების ანგარიშებზე. დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობაზე მეტყველებს სს „........... ბანკიდან“ და სს „.... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომლითაც ცალსახად დადასტურებულია, რომ ონლაინ კაზინოდან დაზარალებულთა კუთვნილი თანხა გადაირიცხა ა. ვ–ს, კ. გ–სა და დ. ხ–ს ანგარიშებზე. კ. გ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ მან კუთვნილი ონლაინ კაზინოს მომხმარებლის ანგარიში და საბანკო ბარათი, თხოვნის საფუძველზე გადასცა დ. ხ–ს. სწორედ დ. ხ–ს თხოვნის საფუძველზე რამდენიმე ეტაპად 5000 ლარი გადაურიცხა მ. ა. ა–ს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია ასევე მ.-ა. ა–ს ჩვენებით. ასევე, კ. გ–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ თავისი „კ–ს“ მომხმარებლის სახელი და პაროლი სხვა პირისთვის არ გადაუცია და ამ ანგარიშით სარგებლობდა მხოლოდ დ. ხ–სი. მოწმე მ. ა. ა–მა განმარტა, რომ იცნობს დ. ხ–სს, ა. ვ–სა და კ. გ–ს. მის ანგარიშზე გარკვეული თანხები ირიცხიბოდა, თუმცა დეტალები არ ახსოვს. მას ანგარიში ჰქონდა „........ ბანკში“ და „.......... ბანკში“, სადაც თანხას სხვადასხვა პირებთან ერთად, ასევე ურიცხავდნენ კ. გ–სე, დ. ხ–სი და ა. ვ–ი. კ. გ–მ მას ორჯერ ჩაურიცხა თანხა. მოწმე ა. ვ-მა განმარტა, რომ იცნობს დ. ხ–ს. დ. ხ–ს ეხმარებოდა მისი კომპანიის საიტის შექმნაში. ს–ო 2020 წლის მარტში დატოვა, საბანკო ბარათი კი, ს–ში დარჩა. დ. ხ–სს და მას პლასტიკურ ბარათებზე ერთი და იგივე პინკოდი ჰქონდათ. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით დადგენილია, რომ ა. ჭ–ს და ტ. თ–ს ეპიზოდებში, დაცულ სისტემაში შესვლა განხორციელდა IP 1..........მისამართიდან, ხოლო ჯ. ხ–ს, გ. გ–სა და გ. მ–ს ეპიზოდებში IP .... მისამართიდან. 2020 წლის 29 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და სს „..... ბანკიდან“ დ. ხ–ს საბანკო ამონაწერით, ასევე დადასტურებულია, რომ საბანკო ტრანზაქციების დროს დ. ხ–ი სარგებლობდა, იმავე IP მისამართით - 4......, რომლითაც განხორციელდა უკანონო შეღწევა ჯ. ხ–ს, გ. გ–სა და გ. მ–ს ეპიზოდებში. ამდენად, გამოთხოვილი ინფორმაცია თანხვედრაშია დაზარალებულთა ჩვენებებთან. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ კუთვნილი ანგარიშებიდან, მათ მიერ მითითებულ თარიღში მართლაც მოხდა თანხების გადარიცხვა თავდაპირველად ონლაინ კაზინოს ანგარიშებზე, ხოლო შემდგომ - მათთვის უცნობ ანგარიშებზე. ასევე უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ონლაინ ტოტალიზატორებიდან დაზარალებულთა კუთვნილი თანხა გადაირიცხა კ. გ–ს, ა. ვ–სა და დ. ხ–ს ანგარიშებზე და მათ კუთვნილ პლასტიკურ ბარათებზე. კ. გ–სა და ა. ვ–ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მათ სახელზე არსებულ ანგარიშებს/პლასტიკურ ბარათებს ფლობდა/სარგებლობდა და განკარგავდა დ. ხ–სი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 31 დეკემბრის ექსპერტის N......... დასკვნით კი დადასტურებულია, რომ ა. ვ–ს პლასტიკური ბარათიდან თანხა სადავო პერიოდებში გაანაღდა სწორედ დ. ხ–სმა.
5.5. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, რაც გამორიცხავს დ. ხ–ს დამნაშავეობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კუმულაციურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორიცაა: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს დ. ხ–ს ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად.
5.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ: „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია, წარმოადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც დაეხმარება სასამართლოს კრიტიკულად შეაფასოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაუპირისპიროს ისინი ერთმანეთს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მხარეს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ წარუდგენია წონადი მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა დ. ხ–სის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენის ფაქტებს ანდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობას.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე