საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.04.2024
საქმის ნომერი
2კ-1185აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.04.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1185აპ-23 თბილისი

ჯ. მ., 1185აპ-23 18 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, მ. ჯ-ესა და ჯ. შ-ეს ბრალად დაედოთ ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (6-6 ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2021 წლის 2 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ-ში, რ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ჯ-ე და ჯ. შ-ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ საკანალიზაციო ჭების 15 ცხაურს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

o 2021 წლის 8 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ-ში, რ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ჯ-ე და ჯ. შ-ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ საკანალიზაციო ჭების 4 ცხაურს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

o 2021 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ-ში, რ-ის ქუჩის --ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ჯ-ე და ჯ. შ-ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ საკანალიზაციო ჭების 6 ცხაურს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

o 2021 წლის 10 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მ. ჯ-ე და ჯ. შ-ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სანიაღვრე არხის 5 ცხაურს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

o 2021 წლის 13 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მ. ჯ-ე და ჯ. შ-ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სანიაღვრე არხის 5 ცხაურს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

o 2021 წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მ. ჯ-ე და ჯ. შ-ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სანიაღვრე არხის 8 ცხაურს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

§ ჯ. შ-ე, -, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით ექვსივე ეპიზოდისათვის წარდგენილი ბრალდებებისათვის. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

§ მ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით ექვსივე ეპიზოდისათვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

§ მ. ჯ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ექვსი ეპიზოდისათვის (2021 წლის 2, 8, 9, 10, 13 და 14 დეკემბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულისათვის განესაზღვრა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ჯ-ეს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2021 წლის 19 დეკემბრიდან იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ჯ. შ-ისა და მ. ჯ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით ექვსივე ეპიზოდისათვის გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი და კანონიერი სასჯელების განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ჯ. შ-ისა და მ. ჯ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით ექვსივე ეპიზოდისათვის გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი და კანონიერი სასჯელების განსაზღვრას.

7. მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ადვოკატი მ. ც. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დაუშვას პროკურორის საჩივარი და უცვლელად დატოვოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჯ. შ-ის ბრალეულობას მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება მ. ჯ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ექვსი ეპიზოდისათვის (2021 წლის 2, 8, 9, 10, 13 და 14 დეკემბრის ეპიზოდები) მსჯავრდებასთან მიმართებით, ხოლო სასჯელთან დაკავშირებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მ. ჯ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

12. გარდა ამისა, ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს სააპელაციო პალატამ არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

13. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე