საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100123006876512
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №370აპ-24 ქ. თბილისი
ნ-ე თ. 370აპ-24 17 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ნ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, წ-ს რაიონის სოფელ გ-ში, ვ-ს დასახლებაში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა თ. ნ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულების გამო, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ. შ-ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში. ნ. შ-მ აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის იანვარში, წ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, კ. გ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ბინაში, მთვრალმა თ. ნ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. შ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და ფეხებს ურტყამდა ტანის არეში. თ. ნ-ს ქმედებების შედეგად ნ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის სექტემბერში, წ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, კ. გ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ბინაში, მთვრალმა თ. ნ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. შ-ს, კერძოდ, ხელებს ურტყამდა სახის არეში. თ. ნ-ს ქმედებების შედეგად ნ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 27 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, წ-ს რაიონის სოფელ გ-ში, კ. გ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ბინაში, მთვრალმა თ. ნ-მ არასრულწლოვანი შვილის - დ. ნ-ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. შ-ს, კერძოდ, ტელევიზორის დისტანციური პულტი ესროლა ზურგის არეში, ხელებს ურტყამდა სახის არეში და ძლიერად მოქაჩა თმა, ასევე ფეხი დაარტყა მუხლზე. თ. ნ-ს ქმედებების შედეგად ნ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენით:
2.1. თ. ნ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (2021 წლის 27 მარტის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა თ. ნ-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განჩინებითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის საოქმო განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2.3. ყადაღა უნდა მოეხსნას თ. ნ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 ლარის ფარგლებში ყადაღადადებულ, წ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, კ. გ-ს ქუჩის N...-ში მდებარე თ. ნ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი ... და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.
2.4. გამართლებულ თ. ნ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, თ. ნ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ნ. შ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება თ. ნ-ს მის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ. ნ-ს ქმედებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები - ვ. ნ-ე, თ. ნ-ე, დ. ქ-ი, გ. გ-ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მათთვის ნ. შ-ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა თავად დაზარალებულისგან, შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
12. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ ნ. შ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა. ანალოგიური მსჯელობა მიემართება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომელშიც ასახულია დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ძალადობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს სასამართლოში არ დაუდასტურებია.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული იყენებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოშობას უშუალოდ თ. ნ-ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედებით.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, ECtHR, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, ECtHR, 9/07/2019).
15. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ. ნ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR, 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი