საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100121004838759
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №239აპ.-24 29 ივლისი, 2024 წელი
ი–ე ვ. №239აპ.-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. უ–ს, მსჯავრდებულ ვ. ი–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ლ–ს, მ. ღ–ს და ნ. თ–ს, ასევე მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. თ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ი–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 24 მარტს სისხლის სამართლის №........... საქმეზე მოწმის სტატუსით გამოიკითხა შპს „ა–ს კლინიკა ი–ს“ ექიმი ვ. ი–ე, რომელიც გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ვ. ი–მ ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას და გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მოტივით. კერძოდ, ვ. ი–მ გამოკითხვისას განაცხადა, რომ 2021 წლის 18 მარტს ქ. ა-ში, შპს „ა–ს კლინიკა ი–ში“, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ. ბ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად მ. ბ–ს კუნთში გაუკეთა ადრენალინი, რის შემდეგაც დაუძახა ამავე კლინიკის რეანიმაციის განყოფილების უმცროს ექიმს ბ. ლ–ს, რომელსაც აუხსნა მდგომარეობა და შემდგომ ამ უკანასკნელმა მოახდინა მ. ბ–ს კათეტერიზაცია და ანტი-ალერგიული მედიკამენტების: დექსამეტაზონის, სუპრასტინის და დიმედროლის გადასხმა. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში 2021 წლის 18 მარტს ვ. ი–ს მ. ბ–სთვის ადრენალინი არ გაუკეთებია, არც ბ. ლ–სთვის უთქვამს ადრენალინის გამოყენების შესახებ და არც მისი ხელმძღვანელობით გაკეთებულა სხვა ანტი-ალერგიული მედიკამენტები. ბ. ლ–ს მიერ მ. ბ–სთვის ჩატარებული პროცედურების დროს ვ. ი–ე ზემოაღნიშნულ დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.
1.3. ბ. ლ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.4. 2021 წლის 23 მარტს სისხლის სამართლის №001190321005 საქმეზე მოწმის სტატუსით გამოიკითხა შპს ა–ს კლინიკა ი–ს რეანიმაციული განყოფილების უმცროსი ექიმი ბ. ლ–ი, რომელიც გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ბ. ლ–მა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას და კოლეგიალური დამოკიდებულების გამო, ამავე კლინიკის ექიმის ვ. ი–სთვის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მოტივით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, ბ. ლ–მა გამოკითხვისას განაცხადა, რომ 2021 წლის 18 მარტს ქ. ა-ში, შპს „ა–ს კლინიკა ი–ში“, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ. ბ–სის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა ვ. ი–ეემ უთხრა, რომ მას მ. ბ–სთვის უკვე გაკეთებული ჰქონდა ადრენალინი და ამავე ექიმის მითითებით ბ. ლ–მა, როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა მ. ბ–ს გაუკეთა ანტი-ალერგიული მედიკამენტები: დექსამეტაზონი, სუპრასტინი და დიმედროლი. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ვ. ი–ს ბ. ლ–სთვის არ უთქვამს მ. ბ–ს მიმართ ადრენალინის გამოყენების შესახებ და არც მისი ხელმძღვანელობით გაკეთებულა სხვა ანტი-ალერგიული მედიკამენტები. ბ. ლ–ს მიერ მ. ბ–სთვის ჩატარებული პროცედურების დროს ვ. ი–ე ზემოაღნიშნულ დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით, ვ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
ბ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედო თ. გ–ის.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ვ. ი–ს და თ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ვ–მა, რომელმაც მოითხოვა გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება.
განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ლ–მ, მ. ღ–მ და ნ. თ–მა და მოითხოვეს ვ. ი–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. უ–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. ლ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 7 თებერვალს მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ლ–მ, მ. ღ–მ და ნ. თ–სმა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენის გაუქმება და ვ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობა.
3.3. 2024 წლის 9 თებერვალს, მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. თ–მა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ვ. ი–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.4. საკასაციო საჩივრით 2024 წლის 9 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ასევე მომართა მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. უ–მა (მსჯავრდებულის თანხმობით) და მოითხოვა ბ. ლ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის მსჯავრდებულ ვ. ი–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ლ–ს, მ. ღ–ს და ნ. თ–ს პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო მოცემულობის არასწორმა შეფასებამ, სასამართლო უკანონო განაჩენამდე მიიყვანა. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ პროტოკოლი და ბრძანება ვ. ი–ს არ ავალდებულებდა 30 წუთით პაციენტთან დაყოვნებას. გარდა ამისა მ. ბ–ე არ იყო უმეთვალყურეოდ დარჩენილი. ვინდაინ მ. ბ–სთან აცრამდე შევსებული კითხვარის მიხედვით, მას არ ჰქონდა ვაქცინის ან ინეცქიური თერაპიის მიმართ ალერგიული რეაქციის ისტორია, ვ. ი–ე არ იყო ვალდებული მისთვის გაეწია მეთვალყურეობა, ხოლო მას შემდეგ რაც მ. ბ–ს დაეწყო სიმპტომების გამოვლენა ადგილზე იმყოფებოდა ექიმი ბ. ლ–ი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ. ი–ს არანაირი პირადი მოტივი არ ჰქონდა მიეცა ცრუ ჩვენება, ვინაიდან მას არ ჰქონდა ვალდებულება ყოფილიყო იმუნიზაციის ოთახში. შესაბამისად, ვ. ი–ს რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ მიუძღვის მ. ბ–ს გარდაცვალებაში და გაუგებარია რა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით –პირადი მოტივით უნდა მიეცა მას გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაცია. აღნიშნული ასევე დასტურდება იმ ფაქტით, რომ პირველი გამოკითხვის შემდეგ იგი კვლავ მივიდა საგამოძიებო ორგანოში და დააზუსტა ის ფატობრივი გარემოებები, რაც არასწორად ასახა გამოკითხვის ოქმში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ. ი–ს მხრიდან რაიმე პირადი მოტივის არსებობა და შესაბამისად მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიაჩნია, რადგან სასამართლომ არ გაითვალისიწინა, რომ ვ. ი–ს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ასევე ის ფაქტი, რომ არასწორი ინფორმაციის მიწოდების დღესვე იგი საკუთარი ნებით გამოცხადდა გამოძიებაში, დაწერა განცხადება და გამოძიებას მიაწოდა სწორი ინფორმაცია. სასამართოლომ კი მას განუსაზღვრა მძიმე სასჯელი.
4.2. მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. უ–მა მოითხოვა ბ. ლ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: გამოძიების ეტაპზე ბ. ლ–ი პირველად გამოიკითხა 2021 წლის 23 მარტს, შემდეგ კი იმავე წლის 26 მარტს. პირველი გამოკითხვის დროს მან განაცხადა, რომ ვ. ი–მ უთხრა, რომ მ. ბ–სთვის ადრენალინი უკვე გაკეთებული ჰქონდა და მან სხვა მედიკამენტები გაუკეთა ვ. ი–ს კურატორობით, ხოლო 26 მარტის გამოკითხვის ოქმში მან განაცხადა, რომ როდესაც შევიდა დაყოვნების ოთახში ვ. ი–ე იქ საერთოდ არ იმყოფებოდა. მან მეორე გამოკითხვის დროს, ნებაყოფლობით და საკუთარი ინიციატივით დააზუსტა მის მიერ პირველი გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლომ კი დაადგინა, რომ ბ. ლ–მა ვ. ი–სთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მისცა ცრუ ჩვენება, რაც არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებებით.
4.3. ვ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. თ–მა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმე განხილულია საქართველოს კონსტიტუციის და სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ფორმალური კანონდარღვევის სტადია, რომ იგი მცდელობას არ გასცილებია და მიმართული არ იყო შედეგის დადგომისკენ, რადგან ვ. ი–ს მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღება დაუყოვნებლივ განხორციელდა და მანვე დაუყოვნებლივ მეორე დღეს აღკვეთა უარყოფითი შედეგი – განაცხადა, რომ მას მ. ბ–სისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. ვ. ი–ს მიერ 24 მარტს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გადაზრდილა დანაშაულში, რადგან სამუშაო საათების დაწყებისთანავე სწორი განმარტებით გამოასწორა შეცდომა. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ კი კანონი მსჯავრდებულის საზიანოდ განმარტა, რადგან საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, თუ განხორციელდება ამ დანაშაულის ობიექტური მხარე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩვრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 18 მარტს იმუნიზაციის ჯგუფში იყვნენ: ექიმი – ვ. ი–ე, ამცრელი – თ. გ–ი და რეგისტრატორი – ს. ი–ე. ასევე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ. ბ–ე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.
5.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეების – მ. ბ–ს, თ. შ–ს, ნ. კ–ს, გ. ა–ს, ლ. ხ–ს, მ. კ–ს, მ. მ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 18 მარტს, მ. ბ–ს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შედეგად გამოწვეული გართულებების შემდეგ, დაყოვნების ოთახში არ იმყოფებოდა ვ. ი–ე და შესაბამისად, იგი ვერც გაუკეთებდა ადრენალინს პაციენტს, რაც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს ცრუ ინფორმაციის სახით მიაწოდეს თავად ვ. ი–მ, თ. გ–მა და ბ. ლ–მა. აღნიშნულს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
5.5. პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ ვ. ი–მ, თ. გ–მა და ბ. ლ–მა, თავდაპირველი გამოკითხვისას განაცხადეს, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ა–ში, შპს „ა–ს კლინიკა ი–ში“, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ. ბ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, მ. ბ–ს კუნთში გაუკეთა ადრენალინი ვ. ი–მ, რის შემდეგაც დაუძახა ამავე კლინიკის რეანიმაციის განყოფილების უმცროს ექიმს ბ. ლ–სს, რომელსაც აუხსნა მდგომარეობა და შემდგომ ამ უკანასკნელმა მ. ბ–ს კათეტერიზაციის გზით გადაუსხა ანტიალერგიული მედიკამენტები: დექსამეტაზონი, სუპრასტინი და დიმედროლი. თუმცა, სინამდვილეში, 2021 წლის 18 მარტს ვ. ი–ს მ. ბ–სთვის ადრენალინი არ გაუკეთებია, აღნიშნული პრეპარატის გაკეთებას მ. ბ–სთვის არ დასწრებია თ. გ–ი, ვ. ის არც ბ. ლ–სთვის უთქვამს ადრენალინის გამოყენების შესახებ და არც მისი ხელმძღვანელობით გაკეთებულა სხვა ანტიალერგიული მედიკამენტები. ბ. ლ–ს მიერ მ. ბ–სთვის ჩატარებული პროცედურების დროს ვ. ი. ზემოაღნიშნულ დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.
5.6. საკასაციო პალატა ყურადღებას ამავილებს, რომ გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიცემა, ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ერთ-ერთი მოქმედების ჩადენის მომენტიდან. ინფორმაცია ცრუდ ითვლება თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ განზრახ არის დამახინჯებული ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა არ შეიძლება გაგებული იქნეს ვიწრო გაგებით ვინაიდან, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი არ შემოიფარგლება სასამართლოში საქმის წარმოებითა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებით, არამედ იგი მოიცავს გამოძიების პროცესსაც, რომლისთვისაც, ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით ხელშეშლა, სწორედ რომ ექცევა განსახილველი მუხლის დისპოზიციის ფარგლებში.
5.7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ ვ. ი–ს, თ. გ–ს და ბ. ლ–ს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია პირადი ინტერესიდან გამონდინარე მიმართული იყო სინამდვილის შეგნებულად დამახინჯებისკენ, მათ გაცნობიერებული ჰქონდათ რა, რომ გამოძიებას აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, რაც ნიშნავს სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას და შესაბამისი ორგანოსთვის თუ პირისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. მათ დანაშაულებრივი ქმედებებით განზრახ შეუშალეს ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ჰქონდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა, რადგან პირველ რიგში მათთვის იყო ცნობილი როგორც აცრის ჩატარების პროცესი, ასევე დაყოვნების პერიოდში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომ გამოვლენილი სიმპტომების მართვისას გამოყენებული მედიკამენტები და ჩატარებული მანიპულაციები. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამომძიებლის მიერ განისაზღვრებოდა თუნდაც გამოსაკითხ მოწმეთა წრე, სამედიცინო ექსპერტიზისთვის დასმული კითხვების შინაარსი და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
5.8. თუ გავითვალისწინებთ საქმის გარემოებებს, რომ საკითხი ეხებოდა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გამოწვეული ალერგიული რეაქციების მართვას, რამაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, მოწმეთა, მით უფრო, ამ პროცესში ჩართულ პირთა მხრიდან დეტალური და სწორი ინფორმაციის მიღება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანი იყო გამოყენებული პრეპარატების დრო ან კონკრეტული პირის ადგილზე ყოფნის დადგენა. ფაქტია, რომ ვ. ი–ე, თ. გ–ი და ბ. ლ–ი დაკავშირებული იყვნენ მ. ბ–ს აცრის, აცრის შემდეგ წარმოშობილი გართულებების მართვის პროცესთან, უშუალოდ ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციებს, და სწორედ მათ პირად ინტერესში შედიოდა გამოძიებისთვის მიეწოდებინათ ისეთი ინფორმაცია რაც პროტოკოლით იყო გაწერილი და არა ის რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა.
5.9. ზემოაღნიშნული ფაქტების დამახინჯება, თავის მხრივ, ცრუ ინფორმაციაა, ვინაიდან ამგვარი ფაქტები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ხოლო გამოსაკითხმა პირებმა შეგნებულად მიაწოდეს გამოძიებას არასწორი ინფორმაცია. კერძოდ, მათ შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ თავდაპირველი გამოკითხვების დროს, სამივე მათგანი უთითებდა ერთმანეთის მსგავს ინფორმაციას და მათ ასევე იდენტურად გადმოსცეს ფაქტები 2021 წლის 25 და 26 მარტის გამოკითხვებისას.
5.10. ამასთან ვერ იქნება გაზიარებული ვ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. თ–ს პოზიცია, რომ მსჯავრდებულთა მიერ, მათი ხელახალი გამოკითხვის მოთხვნით გამოძიებისათვის მიმართვა წარმოადგენს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას. საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-5 ნაწილების თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი; პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს; და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი.
5.11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლი წარმოადგენს ფორმალურ დანაშაულს და მომზადების ან მცდელობის სტადია არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული დასრულებული იქნა მსჯავრდებულების მიერ გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთანავე, შესაბამისად ნებაყოფლობით ხელის აღებაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.
5.12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტი გამოიხატა მსჯავრდებულების შეთანხმებული ქმედებით – არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხზე გამოძიებისთვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, რომელიც არ ყოფილა ტექნიკური ხასიათის, რაც გამოწვეული იყო პირადი მოტივით - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აერიდებინათ ვ. ი–სათვის.
5.13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ვ. ი–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ლ–ს, მ. ღ–ს და ნ. თ–ს პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და უცვლელად დატოვა ვ. ი–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით ვ. ი–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. ამასთან, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნენ ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. უ–ს, მსჯავრდებულ ვ. ი–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ლ–ს, მ. ღ–ს და ნ. თ–ს, ასევე მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. თ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე