საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100121005182180
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №605აპ-24 ქ. თბილისი
გ-ე ი. 605აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
1.1. ი. გ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-მ ჩაიდინა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 5 ოქტომბერს, ი. გ-ს დაევალა საკუთარი ხარჯით მოეხდინა: ა) გ-ში, ჭ-ს ქუჩის №...-ში მდებარე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ... შენობა-ნაგებობაზე არსებული სახურავის დემონტაჟი იმ ნაწილში, რომელიც გადადიოდა მოსარჩელე ა. ღ-ს - ს/კ ... - შენობა-ნაგებობის ნაწილზე; ბ) რკინა-ბოძების დემონტაჟი; გ) აღედგინა საკანალიზაციო მილი და მოსარჩელისათვის უფლება მიეცა, ესარგებლა საკანალიზაციო ჭით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2020 წლის 30 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. იმის გამო, რომ ი. გ-ე არ ასრულებდა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროში 2021 წლის 14 აპრილს დაიწყო წარმოება იძულებით აღსრულების მიზნით. აღმასრულებელმა 2021 წლის 28 აპრილსა და 28 მაისს გააფრთხილა ი. გ-ე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ. ამის მიუხედავად, იგი ჯიუტად თავს არიდებს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ი. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 3772-ე მუხლზე.
3.3. ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3772-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
4. კასატორმა - გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განაჩენის გაუქმება, ი. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განაჩენის გაუქმება და ი. გ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. გ-ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულის სრულად გამართლებას.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ი. გ-ს წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების - ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის - ჩადენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, ბ. ბ-ის მიმართ საქართველოს 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა, კერძოდ:
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ი. გ-ე წარმოდგენს არა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს, არამედ სსკ-ის 3772-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტს, ვინაიდან დასახელებული მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული იმ მოქმედების შეუსრულებლობა, რომლის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება უმოქმედობაში და უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. ქმედების ამსრულებელი მხოლოდ მოვალეა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა კონკრეტული მოქმედების შესრულება, მაშინ, როდესაც საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია ხელისუფლების წარმომადგენელი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მოხელე, ანდა სამეწარმე, ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი.
10. საქმის მასალების თანახმად, ი. გ-ე წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალეს, რომელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება მხოლოდ მას შეუძლია. შესაბამისად, იგი არის საქართველოს სსკ-ის 3772-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დააკვალიფიცირა ი. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 3772-ე მუხლით, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
12. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ი. გ-ს როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - ა.. ღ-ს, მ. მ-ს, მ. ქ-სა და სხვათა ჩვენებებით, 2021 წლის 28 აპრილის ოქმით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, სააღსრულებო ფურცლითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 3772-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
13. მოწმეების - ა. ღ-ს, მ. მ-ს, ნ. ქ-ს ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ, რომ ნამდვილად არსებობს კანონიერ ძალაში შესული გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესახებაც ცნობილი იყო ი. გ-ის. თუმცა მან, იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და არ აღიარებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების ვალდებულებას, არ შეასრულა მისი არცერთი პირობა.
14. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის №... დასკვნის მიხედვით, ი. გ-ს მიერ გაკეთებული სახურავი სცდება თანასაკუთრებაში არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის ა. ღ-ს მხარეს, დაახლოებით 0.30 მეტრით, რაც შემდგომ დაბრკოლებას შეუქმნის ა. ღ-ს სახურავზე სამუშაოების ჩატარებას და ამიტომ, საჭიროებს ი. გ-ს სახურავის ისეთ მდგომარეობაში მოყვანას, რათა არცერთ მესაკუთრეს არ შეექმნას დაბრკოლება სახურავზე სამუშაოების ჩატარებისას. ქ. გ-ი, ჭ-ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს/კ ...) ეზოს მხრიდან ი. გ-ს მიერ ჩასმული რკინის ბოძები და ,,ჟოლოპი’’ დამონტაჟებულია საჯარო რეესტრში (ს/კ ...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რამაც გამოიწვია თანასაკუთრებაში მყოფი ეზოს შევიწროვება.
15. დაცვის მხარე სწორედ ეზოს თანასაკუთრებაში არსებობის უარსაყოფად იშველიებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით ირკვევა, რომ მოსარჩელე ა. ღ-ს მიერ წარდგენილია მშენებლობის დამთავრებასა და ინდივიდუალური სახლთმფლობელობის ექსპლუატაციაში გადაცემაზე შემდგარი აქტები და გ-ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ორდერი №.., რომლითაც დასტურდება, რომ ჯერ კიდევ ქ. გ-ში, ჭ-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების ა. ღ-სა და ი. გ-ს თანამესაკუთრეებად აღრიცხვამდე არსებობდა წყალსადენი და კანალიზაცია, რომელიც იქ მაცხოვრებლებს გადაცემული ჰქონდათ საერთო სარგებლობაში (ტომი1. ს.ფ.110-127). ამდენად, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცალსახად გამორიცხავს ი. გ-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას.
16. ასევე უსაფუძვლოა ი. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისათვის დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში დასახელებული არგუმენტი, რაც უკავშირდება ორმაგ მსჯავრდებას, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ ი. გ-ს ერთხელ უკვე წარდგენილი ჰქონდა ამავე დანაშაულისათვის ბრალდება, რაშიც მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ი. გ-ს ბრალი ჰქონდა წარდგენილი გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრისა და 2017 წლის 16 იანვრის განჩინებების შეუსრულებლობისათვის, რომელთა თანახმად მას აკრძალული ჰქონდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. შესაბამისად, საკითხი ეხებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში სასამართლოს განჩინების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო დავის არსებითად გადაწყვეტის თაობაზე. ამდენად, საკითხი ეხება სასამართლოს მიერ მიღებულ ორ სხვადასხვა გადაწყვეტილებას, რომელთა აღსრულება სავალდებულოა მათი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და თითოეულის აღუსრულებლობა დამოუკიდებლად ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
19. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ი. გ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე