საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.09.2024
საქმის ნომერი
2კ-413აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002238279

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №413აპ-24 ქ. თბილისი

ჩ-ძე გ, 413აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - მირანდა წერეთლის, მსჯავრდებულების - გ. ჩ-ისა და მ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით:

1.1. მ. კ-ა, - დაბადებული .. წლის .. აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც დაკავებაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, სსკის 62-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლით.

1.2. გაუქმდა მ. კ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინება (1/842-17) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და გათავისუფლდეს ყადაღისაგან მ. კ-ას (პ/ნ:...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი 4781.00 კვ.მ, მდებარე მ-ის რაიონი სოფელი ბ-ძა (საკადასტრო კოდი ....).

1.3. გ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

1.4. გ. ჩ-ძე, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც დაკავებაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლით.

1.5. გაუქმდა გ. ჩ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინება (1/842-17) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და გათავისუფლდეს ყადაღისაგან ე. ს-ის (პ/ნ:...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. მ-ი, კ-ას N.., ქ. მ-ი თ. მ-ის N..-ში (საკადასტრო კოდი ....).

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ამ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; ხოლო გ. ჩ-მ - მოხელის მიერ ფულის მოთხოვნა და მიღება არაპირდაპირ, თავის სასარგებლოდ, რათა მას თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი გამოეყენებინა, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ სამსახურებრივი მფარველობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2014 წლის 23 სექტემბრიდან მ. კ-ა დასაქმებული იყო მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. მ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №28 დადგენილებით დამტკიცებული მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების შესაბამისად ევალებოდა ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე. მას ასევე უფლება ჰქონდა მოეთხოვა და შეუფერხებლად მიეღო ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოეწვია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები და სპეციალისტები. მ. კ-მ, რომელიც ვალდებული იყო დაეცვა ზემოაღნიშნული მოთხოვნები და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განეხორციელებინა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების შესაბამისად, ეს უფლება-მოვალეობები გამოიყენა ბოროტად, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს „ე-ის“ დირექტორის მინდობილი პირის - ვ. ბ-ის უპირატესობის მისაღებად, კერძოდ: 2017 წლის 26 ივნისს, მ-ის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და შპს „ე-ის“ დირექტორის მინდობილ პირს - ვ. ბ-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მ-ის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში (ბ-ის უბანი) ო-ეს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 30587,84 ლარით. ხელშეკრულებაზე დართული თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო 75,600 კუბური მეტრი ქვიშა ხრეშის შეტანისა და 63,00 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის 630 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოშანდაკების სამუშაოები. მ. კ-ია, 2017 წლის 17 აგვისტოს, მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს გ. ჩ-ან ერთად, შპს „ე-ის“ დირექტორის წარმომადგენელ ვ. ბ-ს, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით გაზრდის მიზნით, დაპირდა არსებული ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას, სადაც გაზრდიდა ობიექტზე ქვიშა-ხრეშის შეტანისა და მოშანადაკების სამუშაოების მოცულობას. ასევე შეუთანხმდა, რომ მიმწოდებელს რეალურად ობიექტზე შეეტანა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე ნაკლები მოცულობის ქვიშა-ხრეში, რის მიუხედავადაც შესრულებულ სამუშაოს ჩაუთვლიდნენ სრულყოფილად შესრულებულად და სახელშეკრულებო ღირებულებას აუნაზღაურებდნენ მთლიანად. დაპირებისამებრ, მ. კ-ამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 2017 წლის 23 აგვისტოს მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ე-ს“ შორის 2017 წლის 26 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება 30547,84 ლარიდან გაიზარდა 33572 ლარამდე, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად 2017 წლის 25 აგვისტოს ნაცვლად განისაზღვრა 2017 წლის 9 სექტემბრით. სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა განაპირობა, ობიექტზე შესატანი და მოსაშანდაკებელი ქვიშა-ხრეშის მოცულობის გაზრდამ, კერძოდ, ნაცვლად თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 75,600 კუბური მეტრი ქვიშა ხრეშის შეტანისა და 63,00 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის 630 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოშანდაკების სამუშაოებისა, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიმწოდებელს ობიექტზე უნდა შეეტანა 240 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში და 210 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის ფართობზე - 630 კვადრატულ მეტრზე შეესრულებინა 200 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოშანდაკების სამუშაოები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული სამუშაოების შესრულების დროს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო 1,2 ტკეპნის კოეფიციენტი ანუ მიმწოდებელს ობიექტზე უნდა შეეტანა მოსაშანდაკებლად გათვალისწინებულ მოცულობაზე 1,2-ჯერ მეტი მოცულობის ინერტული მასალა. რეალურად კი, ვ. ბ-ამ, მ. კ-ნ შეთანხმებით, ობიექტზე შეიტანა სულ 110 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე 130 კუბური მეტრით ნაკლები) და შესაბამისად, 1,2 ტკეპნის კოეფიციენტის გათვალისწინებით შეასრულა 91,67 (110:1,2) კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოშანდაკების სამუშაოები (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე 108,33 კუბური მეტრით ნაკლები), მიუხედავად ამისა, შპს „ე-ს“ სრულად აუნაზღაურდა სახელშეკრულებო თანხა 33572 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

· 2014 წლის 23 სექტემბრიდან მუშაობდა მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. მისთვის, როგორც მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლისთვის, ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 26 ივნისს, მ-ის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და შპს „ე-ის“ დირექტორის მინდობილ პირს - ვ. ბ-ას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მ-ის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში (ბ-ის უბანი) ო-ს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება განსაზღვრული იყო 30 587,84 ლარით. იმ მიზნით, რომ გ. ჩ-ს მიეღო გამორჩენა ქრთამის სახით შპს „ე-ის“ წარმომადგენლისაგან, 2017 წლის 10 აგვისტოს, შეხვდა ზემოაღნიშნული კომპანიის დირექტორის მინდობილ პირს ვ. ბ-ას, რა დროსაც მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-აში, ო-ეს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით გაზრდის, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული რომელიმე სამუშაოს შეუსრულებლობის ან ნაკლებობით შესრულების მიუხედავად, თითქოსდა სრულყოფილად შესრულებული სამუშაოების შემსყიდველის მხრიდან ჩაბარების უზრუნველყოფისა და შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ასანაზღაურებელი თანხის დროულად გადახდის სანაცვლოდ, ვ. ბ-ას ქრთამის სახით თავისთვის მოსთხოვა 800 ლარი, საიდანაც, თითქოს 200 ლარი უნდა გადაეცა მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის - მ. კ-ის. 2017 წლის 17 აგვისტოს გ. ჩ-მ ვ. ბ-ია შეახვედრა ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს მ. კ-ას, რა დროსაც იგი შპს „ე-ის“ დირექტორის წარმომადგენელ ვ. ბ-ას, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით გაზრდის მიზნით, დაპირდა არსებული ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას, სადაც გაზრდიდა ობიექტზე ქვიშა-ხრეშის შეტანისა და მოშანდაკების სამუშაოების მოცულობას. ასევე შეუთანხმდა, რომ მიმწოდებელს რეალურად ობიექტზე შეეტანა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე ნაკლები მოცულობის ქვიშა-ხრეში, რის მიუხედავადაც შესრულებულ სამუშაოს ჩაუთვლიდნენ სრულყოფილად შესრულებულად და სახელშეკრულებო ღირებულებას აუნაზღაურებდნენ მთლიანად. დაპირებისამებრ, მ. კ-მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 2017 წლის 23 აგვისტოს მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ე-ს“ შორის 2017 წლის 26 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება არსებული 30 547,84 ლარიდან გაიზარდა 33572 ლარამდე, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად 2017 წლის 25 აგვისტოს ნაცვლად განისაზღვრა 2017 წლის 9 სექტემბრით. სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა განაპირობა, ობიექტზე შესატანი და მოსაშანდაკებელი ქვიშა-ხრეშის მოცულობის გაზრდამ, კერძოდ, ნაცვლად თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 75,600 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის შეტანისა და 63,00 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის 630 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოშანდაკების სამუშაოებისა, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიმწოდებელს ობიექტზე უნდა შეეტანა 240 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში და 210 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის ფართობზე - 630 კვადრატულ მეტრზე შეესრულებინა 200 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოშანდაკების სამუშაოები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული სამუშაოების შესრულების დროს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო 1,2 ტკეპნის კოეფიციენტი ანუ მიმწოდებელს ობიექტზე უნდა შეეტანა მოსაშანდაკებლად გათვალისწინებულ მოცულობაზე 1,2-ჯერ მეტი მოცულობის ინერტული მასალა. რეალურად კი, ვ. ბ-მ, მ. კ-ან შეთანხმებით, ობიექტზე შეიტანა სულ 110 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე 130 კუბური მეტრით ნაკლები) და შესაბამისად, 1,2 ტკეპნის კოეფიციენტის გათვალისწინებით შეასრულა 91,67 (110:1,2) კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოშანდაკების სამუშაოები (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე 108,33 კუბური მეტრით ნაკლები), მიუხედავად ამისა, შპს „ე-ს“ სრულად აუნაზღაურდა სახელშეკრულებო თანხა 33572 ლარი. გ. ჩ-მ, ვ. ბ-ან, ზემოაღნიშნული სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ 2017 წლის 17 აგვისტოს არაპირდაპირ აიღო მოთხოვნილი ქრთამის თანხა 800 ლარის ოდენობით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. კასატორმა - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მირანდა წერეთელმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ:

3.3. გ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება; ხოლო კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელად დატოვების შემთხვევაში - სასჯელის დამძიმება;

3.4. მსჯავრდებულ მ. კ-ის შეფარდებულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.5. კასატორმა - მსჯავრდებულების - გ. ჩ-სა და მ. კ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ხ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

4.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

6. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობას, ასევე გ. ჩ-სა და მ. კ-ის შეფარდებული სასჯელების დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულების გამართლებას.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გ. ჩ-ს წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, გ. ჩ-ის მიმართ ქრთამის მოთხოვნისა და მიღებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა, კერძოდ:

8. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ვ. ბ-ს ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ გ. ჩ-მ სესხად, მეუღლის ავადმყოფობის გამო, სთხოვა 200 ლარი, რაც გადასცა. გ. ჩ-ძე შესასრულებელ სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, თვალს დახუჭავდა სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ქვიშა-ხრეშის ოდენობაზე. 2017 წლის 10 აგვისტოს შეხვდა გ. ჩ-ს, რომელმაც 600 ლარი სთხოვა თავისთვის, ხოლო 200 ლარი - მ. კ-ის. ამის შემდეგ 14 აგვისტოს სმს-ით ანგარიშის ნომერი მიწერა; 17 აგვისტოს შეხვდა გ. ჩ-სა და მ. კ-ას, რა დროსაც მ-მ უთხრა, რომ ყველაფერი გააკეთეს, რისი გაკეთებაც შეეძლო, ხოლო გ. ჩ-მ მიაწოდა ქაღალდის პატარა ნაგლეჯი, რაზეც ეწერა რესტორანის ბუღალტრის ნომერი, სადაც უნდა ჩაერიცხა თანხა.

9. გ. ჩ-მ კატეგორიულად უარყო თავის ჩვენებაში ვ. ბ-ის როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე ქრთამის მიღება. ერთხელ ტენდერის გამოცხადებამდე 200 ლარი ისესხა მისგან. სტუმრიანობის გამო რესტორანში დაუგროვდა ვალი, რის თაობაზეც უთხრა ვ. ბ-ას, რომელიც დახმარებას დაპირდა, შემდეგ კი 800 ლარი ჩარიცხა რესტორნის მენეჯერის ანგარიშზე. დეკემბრის ბოლოს აპირებდა ვ. ბ-ის 1000 ლარის დაბრუნებას. მას, როგორც მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, უნდა განესაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის შემთხვევაში ბიუჯეტში იყო თუ არა შესაბამისი თანხა. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მას არ ეხებოდა. თავის მხრივ, მ. კ-აც აღნიშნა ჩვენებაში, რომ ვ. ბ-ია გ. ჩ-ს არ გაუცვნია მისთვის და რომ გ. ჩ-ძე არ იყო უფლებამოსილი პროექტის მოცულობის გაზრდაზე ან ხელშეკრულებაში რაიმე ცვლილების შეტანაზე. მას მხოლოდ უნდა განესაზღვრა, იყო თუ არა ბიუჯეტში შესაბამისი თანხა. ვ. ბ-მ შეასრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები და გაცილებით მეტი ქვიშა-ხრეში შეიტანა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 110მ3 ქვიშა-ხრეში შეიტანა არა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაობისათვის, არამედ - სამუშაოს შესრულებისას დაზიანებული გზის შესაკეთებლად.

10. მოწმე ნ. ჭ-ის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მითითებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ოქმით ცალსახად ვერ დასტურდება 800 ლარის ჩარიცხვა მის ანგარიშზე გ. ჩ-ის მხრიდან ქრთამის მიღების მიზნით.

11. რაც შეეხება 2017 წლის 14 აგვისტოსა და 17 აგვისტოს გამართული შეხვედრისა და საუბრის ამსახველ DVD დისკებზე განთავსებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების კრებსით ამონაწერებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ ჩანაწერების გამოკვლევისას, ვერ მოხდა მათი, საქმისთვის მნიშვნელოვანი ნაწილის, მოსმენა და თარგმნა.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სწორად დააკვალიფიცირეს გ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას მ. კ-სა და გ. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების გ. შ-ს, პ. შ-ას, ვ. ბ-ას, უ. ლ-ს, გ. გ-ას, ბ. ა-ს და თ. წ-ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ხელშეკრულებებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტებით, ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან 25.08.2017 წლის, 09.09.2017, 17.11.2017 წლის 20.11.2017 წლის, 22.11.2017 წლის, 29.11.2017 წლის შესრულებული სამუშაოების აქტებით; სასაქონლო ზედნადებებით, მ-ის რაიონის სოფელ გ-ის ო-ს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, საგადასახადო დავალებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

14. კონკრეტულ შემთხვევაში, მ. კ-ია დასაქმებული იყო რა მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, იგი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. გ. ჩ-ე კი ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი იყო და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

15. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 ივნისს, მ-ის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და შპს „ე-ის“ დირექტორის მინდობილ პირს - ვ. ბ-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მ-ის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში (ხ-ის უბანი) ო-ეს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 30587,84 ლარით.

16. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში 2023 წლის 23 აგვისტოს, დანართი №1-ით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელშეკრულებო ღირებულება 30587,84 ლარიდან გაიზარდა 33572 ლარამდე, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად 2017 წლის 25 აგვისტოს ნაცვლად განისაზღვრა 2017 წლის 9 სექტემბერი.

17. ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა განაპირობა ობიექტზე შესატანი და მოსაშანდაკებელი ქვიშა-ხრეშის მოცულობის გაზრდამ, კერძოდ, ნაცვლად თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 75,600მ3 ქვიშა-ხრეშის შეტანისა, 63,00მ3 ქვიშახრეშის 630 კვ. მეტრ ფართობზე მოშანდაკების სამუშაოებისა, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიმწოდებელს ობიექტზე უნდა შეეტანა 240 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში და 210 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის ფართობზე - 630 კვადრატულ მეტრზე შეესრულებინა 200 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოშანდაკების სამუშაოები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული სამუშაოების შესრულების დროს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო 1,2 ტკეპნის კოეფიციენტი ანუ მიმწოდებელს ობიექტზე უნდა შეეტანა მოსაშანდაკებლად გათვალისწინებულ მოცულობაზე 1,2-ჯერ მეტი მოცულობის ინერტული მასალა.

18. მოწმე ი. წ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლამდე იყო რა შპს „ქ-ის“ დირექტორი, გააჩნდა ქვიშა-ხრეშის კარიერები, ლიცენზიას ფლობდა რამდენიმე უბანში, მათ შორის მდინარე ტეხურის, ა-ის, ც-ის მდინარეებიდან ქვიშახრეშის მოპოვებაზე, შპს „ე-ან“ 2017 წელს გააფორმა ხელშეკრულება, ვ. ბ-ია ერთხელ იყო მასთან პირადად მისული, მანამდე არ იცნობდა, აჩვენა კარიერი და კოორდინატები, ქვიშა-ხრეში ა-ის კარიერიდან წაიღო, ნ-თან იყო ახლოს, გატანილი ქვიშა-ხრეშის მოცულობა ზედნადებებში იყო მითითებული, სულ წაიღო 110 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში, რაზედაც ბუღალტერის მეშვეობით გამოწერილი ჰქონდა ზედნადებები, ხოლო რაც შეეხება თანხას, ანგარიშზე ურიცხავდა.

19. საქმეში არსებული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დათვალიერდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „orac-le“; გაირკვა, რომ შპს „ქ-ის“ მიერ შპს „ე--ზე“ გამოწერილი აქვს საერთო ჯამში 330 ლარის ღირებულების 110 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მიწოდების ამსახველი 11 ერთეული სასაქონლო ზედნადები. ამდენად, დასტურდება, რომ ვ. ბ-ამ, ობიექტზე შეიტანა სულ 110 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე 130 კუბური მეტრით ნაკ- 17 ლები) და შესაბამისად, 1,2 ტკეპნის კოეფიციენტის გათვალისწინებით შეასრულა 91,67 (110:1,2) კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოშანდაკების სამუშაოები (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე 108,33 კუბური მეტრით ნაკლები).

20. საქმეში არსებული დათვალიერების ოქმით საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას დათვალიერდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა. დათვალიერებისას მოძიებულ იქნა მ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ო-ს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. ამ გვერდზე განთავსებული ფაქტობრივი გადახდების შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 14 სექტემბერს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გადახდილ იქნა 33 572,00 ლარი.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

22. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და მ. ბ-სა და გ. ჩ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

23. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - მირანდა წერეთლის, მსჯავრდებულების - გ. ჩ-ისა და მ. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე