საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100123007230037
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №463აპ-24 9 აგვისტო, 2024 წელი
გ–ე კ., №463აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენზე, მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. გ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (სამი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 16:53 საათზე, რ–ში, მ–ს გამზირის N..-ში მდებარე შპს „.....ის“ მაღაზიაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (12 ეპიზოდი), 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი კ. გ–ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2 ცალ „კარტ ნუარის“ ფირმის ყავას, საერთო ღირებულებით – 69,9 ლარი.
1.3. 2023 წლის 1 მარტს, დაახლოებით 14:27 საათზე, რ–ში, მ–ს გამზირის N..-ში მდებარე შპს „......ის“ მაღაზიაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (12 ეპიზოდი), 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი კ. გ–ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2 ცალ „კარტ ნუარის“ ფირმის ყავას, საერთო ღირებულებით 69,9 ლარი.
1.4. 2023 წლის 3 მარტს, დაახლოებით 17:25 საათზე, რ–ში, კ–ს გამზირზე N..-ში მდებარე შპს „.......ის“ მაღაზიაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (12 ეპიზოდი), 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი კ. გ–ე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1 ცალ, 34,95 ლარად ღირებულ „კარტ ნუარის“ ფირმის ყავას.
1.5. 2023 წლის 29 მარტს, დაახლოებით 13:20 საათზე, რ–ში, მე-.. მიკრორაიონში, კორპუსი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი კ. გ–ე ტანთცმული დუტის ჟილეტის გარეთა მარჯვენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა უფერო, გამჭვირვალე მინისხუფიან ფლაკონს, რომლის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო სითხე ტამპონებით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – ჰეროინს, რაოდენობით – 0,01518 გრამს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 1 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა კ. გ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც რეციდივის გათვალისწინებით მოითხოვა კ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა კ. გ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. 2024 წლის 22 მარტს, მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, თ. გ–მ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კ. გ–სთვის განაჩენთა ერთობლიობით უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, კ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რის გამოც უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ, კ. გ–ს რეციდივის მხედველობაში მიღებით უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი და საბოლოოდ, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ. გ–სათვის უფრო მსუბუქი ზომის სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოტივაცია და კ. გ–ს დაუმძიმა სასჯელი თითოეული ეპიზოდისათვის, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, როგორც დამოუკიდებლად, ისე – დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მსჯავრდებული ნასამართლევია არაერთი განზრახი დანაშაულისათვის (მათ შორის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლისთვის) და სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულმა შეღავათმა (სასჯელის პირობითად ჩათვლამ) ვერ უზრუნველყო სასჯელის ერთ-ერთი მიზანი – ხელახალი დანაშაულის თავიდან აცილება, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია სასჯელის დანიშვნა რეციდივის და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე