დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.09.2024
საქმის ნომერი
24აგ.-2024
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010142224701690830

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №24აგ-24 ქ. თბილისი

ქ. გ., 24აგ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით:

გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენი გ. ქ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით გ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2024 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენის გადასინჯვა, შემდეგი მოტივებით: შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, დაცვის მხარისთვის რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს, ღამის საათებში, ..... განვითარებულ მოვლენებს, რომელთა გამოც გ. ქ. მსჯავრდებულია, შეესწრო უცხო პირი, ნ. ნ.; მას არანაირი ნათესაური და ახლობლური კავშირი არ გააჩნია არც დაზარალებულებთან და არც მსჯავრდებულებთან; სილამაზის სალონში, რომელშიც მსჯავრდებულის დედა მუშაობს, თმის შესაღებად მისულმა ნ. ნ-მ სალონის კედელზე განთავსებულ ფოტოებში შემთხვევით ამოიცნო გ. ქ. და გაიხსენა 2019 წლის 10 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები; 2024 წლის 12 აპრილის გამოკითხვის ოქმში, ნ. ნ-მ განმარტა, რომ იგი შეესწრო შემთხვევას, რომელშიც გ. ქ-ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, მას არავინ დაუჭრია და არც დანა სჭერია ხელში; შუამდგომლობას თან ასევე ერთვის სილამაზის სალონის თანამშრომლის, მოწმე ჟ. თ-ს გამოკითხვის ოქმი. მოწმე ადასტურებს ნ. ნ-ს მიერ შემთხვევით, ფოტოსურათით გ. ქ-ს ამოცნობის ფაქტსა და მის მონათხრობს; დაცვის მხარემ აგრეთვე წარმოადგინა: ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, სადაც მითითებულია, რომ ნ. ნ-მ ფოტოსურათებით ამოიცნო 2019 წლის 10 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს მონაწილე პირები: გ. მ., ლ. დ., გ. დ., თ. პ., თ. ქ., გ. ქ.; ადვოკატ მ. ხ-ს მიერ შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად, ნ. ნ-მ ღამის განათების პირობებში, მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოხდა კონფლიქტი, ასევე, ავტოფარეხზე, რომელშიც ბიჭები იმყოფებოდნენ. შუამდგომლობის ავტორი, წარმოდგენილ მასალებს მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-მ. ხ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და განაჩენის გადასინჯვას იმავე საფუძვლებით, რომლებზეც უთითებდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით, მათ შორის, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მხოლოდ ნ. ნ-ს მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაცია, მისივე მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, არ წარმოადგენს შუამდგომლობის დასაშვებად მიჩნევისა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. ამასთან, დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია სრულად ეწინააღმდეგება გ. ქ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი