საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.09.2024
საქმის ნომერი
2კ-477აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100123007883915

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №477აპ-24 ქ. თბილისი

კ. ბ.477აპ-24 18 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – გ. ტ–სა და ბ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. ბ. კ–ს, – დაბადებულს .... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.2. გ. ტ–ს, – დაბადებულს ... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

2.1. 2023 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, შელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ბ. კ–ი და გ. ტ–ს ფიზიკურად გაუსწორდნენ ზ. გ–სს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, მათ შორის თავის მიდამოში ხელისა და ფეხის დარტყმებით განზრახ მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

2.2. გ. ტ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - 5,6 მილიმეტრის კალიბრის ვაზნების გასასროლად კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტი და საბრძოლო მასალა 5 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მილიმეტრის კალიბრის რგოლური აალების ვაზნები, რომელიც 2023 წლის 15 მარტს 03:13-03:25 საათის პერიოდში, საქართველოს შსს მცხეთა - მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თ–ს რაიონული სამმართველოს დაბა თ–ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის მიერ თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟ–ში გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული, გ. ტ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ბ. კ–ს უნდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან;

3.3. ბ. კ–ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის განვლილი დრო ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 15 მარტის 03:00 საათიდან;

3.4. გ. ტ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა;

3.6. გ. ტ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. გ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - ანუ იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების აკრძალვა. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა გ. ტ–ს უნდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან;

3.9. გ. ტ–ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის განვლილი დრო ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2023 წლის 15 მარტის 03:00 საათიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულების გ. ტ–სა და ბ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ–მ მოითხოვა ცვლილება მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ მსჯავრდებულების გ. ტ–სა და ბ. კ–ს მიმართ სასჯელის მინიმუმების (3-3 წლით თავისუფლების აღკვეთის) შეფარდება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების გ. ტ–სა და ბ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და გ. ტ–სა და ბ. კ–სათვის სასჯელის დანიშვნას მინიმალური ხანგრძლივობით 3-3 წლით.

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულების – გ. ტ–სა და ბ. კ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულების – გ. ტ–სა და ბ. კ–ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების – გ. ტ–სა და ბ. კ–სათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:

11. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

12. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების – გ. ტ–სა და ბ. კ–ს ინდივიდუალური მახასიათებლები, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ნასამართლეობის არქონა და აღნიშნულის საფუძველზე შეუფარდა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – გ. ტ–სა და ბ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე