საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№494აპ-24 თბილისი
ბ-ი ზ., 494აპ-24 17 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილის – იოსებ გულოშვილის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ბ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არაერთგზის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით (დანაშაული, გათვალისწინებული 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით); ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 3 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 15 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში ზ. ბ-ი, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მეუღლეს – თ. კ-ს – მასთან შეწინააღმდეგების უფლება არ ჰქონდა, სისტემატურად ძალადობდა მასზე, კერძოდ:
· 2023 წლის 15 მაისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ-მა არასრულწლოვანი შვილების – ზ. და გ. ბ-ების – თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – თ. კ-ს, კერძოდ, მიმართა უცენზურო სიტყვებით, ხელი ჩასჭიდა ყელის არეში და, დაახლოებით, 2 წუთის განმავლობაში აჯანჯღარებდა და სუნთქვას უკრავდა.
· აგრეთვე, 2023 წლის 16 მაისს, დაახლოებით, 21:00 საათზე, იმავე საცხოვრებელ სახლში ზ. ბ-მა არასრულწლოვანი შვილის – მ. ბ-ის – თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მუცელში და თავი დაარტყა თავის არეში.
· ამასთანავე, 2023 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 09:20 საათზე, იმავე საცხოვრებელ სახლში ზ. ბ-მა თ. კ-ს ხელი დაარტყა მარცხენა მკლავში.
· ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად თ. კ-მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
· 2023 წლის 15 მაისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მეუღლეს – თ. კ-ს – მასთან შეწინააღმდეგების უფლება არ ჰქონდა, ზ. ბ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 16 მაისს, დაახლოებით, 21:00 საათზე, --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მეუღლეს – თ. კ-ს – მასთან შეწინააღმდეგების უფლება არ ჰქონდა, ზ. ბ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 09:20 საათზე, --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შეუწყნარებლობის მოტივით, გენდერის ნიშნით, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მეუღლეს – თ. კ-ს – მასთან შეწინააღმდეგების უფლება არ ჰქონდა, ზ. ბ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ზ. ბ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 15 მაისისა და 16 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 17 მაისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსახდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსახდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 17 მაისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ზ. ბ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 09:20 საათზე, --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ-მა თ. კ-ს ხელი დაარტყა მარცხენა მკლავში, რის შედეგადაც თ. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
· 2023 წლის 17 მაისს, დაახლოებით, 09:20 საათზე, --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. კ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი იოსებ გულოშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ჩადენილი დანაშაულისა და პიროვნების შესაბამისი, მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ, ზ. ბ-ის ქმედებების არასწორად შეფასების გამო, განაჩენი უკანონოა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 15 და 16 მაისის ეპიზოდები) ბრალდების ეპიზოდებში ზ. ბ-ის ბრალეულობა.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზითა და შეფასებით უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ მეუღლეზე მხოლოდ 2023 წლის 17 მაისს ფიზიკური ძალადობა და მუქარა. რაც შეეხება დანარჩენ ეპიზოდებს, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეებმა: ზ. ბ-მა (თვითმხილველი) და თ.ე ბ-მა უარყვეს 2023 წლის 15-16 მაისს მშობლებს შორის კონფლიქტი; მოწმეები: თ. ბ., გ. ჩ. და მ. თ. მხოლოდ 2023 წლის 17 მაისის ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით ფლობენ პირდაპირი სახის ინფორმაციას; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს არ აღენიშნებოდა დაზიანებები ან რაიმე კვალი ყელის არეში მაშინ, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2023 წლის 15 მაისს ზ. ბ-მა თ. კ-ს ყელის არეში ჩასჭიდა ხელი, დაახლოებით, 2 წუთის განმავლობაში აჯანჯღარებდა და სუნთქვას უკრავდა; ასევე – თ. კ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებოდა 2023 წლის 16 მაისს და 17 მაისს; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ თ. კ-ს დარღვეული ჰქონდა უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა და ზ. ბ-ის ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, თუმცა ექსპერტის ჩვენებით გაირკვა, რომ ფსიქოლოგიური ტანჯვა პირის შეიძლება მიადგეს მხოლოდ ერთჯერადი ქმედებითაც; ამასთან, ექსპერტი დაზარალებულს გაესაუბრა არა კონკრეტულად 2023 წლის 15-17 მაისის, არამედ 16-წლიანი თანაცხოვრების პერიოდზე.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ. კ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით – არ მისცა დანაშაულის ჩადენაში მისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ბრალდებულმა კი დაადასტურა მხოლოდ 2023 წლის 17 მაისს ჩადენილი ძალადობა და მუქარა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს ერთობლივად როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები (რომლებიც ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულ ეპიზოდებში ზ. ბ-ის ბრალეულობის დასადგენად არ არის საკმარისი) და ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, მიღებული გადაწყვეტილება კი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
14. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (აღიარა 2023 წლის 17 მაისის ფაქტი, წარსულში არასდროს მხილებულა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, თვითდასაქმებულია და მისდევს სოფლის მეურნეობას, კმაყოფაზე ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი და ხანდაზმული მშობლები, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მასთან არ გააჩნია რაიმე პრეტენზია) გარემოებების, ასევე – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, როგორც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ისე – საბოლოო ზომად განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), ასევე –„ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილის – იოსებ გულოშვილის – საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე