საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.09.2024
საქმის ნომერი
2კ-740აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007595368

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №740აპ-24 ქ. თბილისი

ჩ. კ. 740აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძისა და მსჯავრდებულ კ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: კ. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. ჩ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2023 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ში, ..........ს ჩიხი №..-ში მდებარე, ჩ–ების საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლით მთვრალი კ. ჩ–ი, უსაფუძვლო ეჭვიანობისა და ქალის, როგორც მამაკაცის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტის აღქმით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - დ. ც–ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. 2023 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ში, .....ჩიხი №..-ში მდებარე, ჩ–ების საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ალკოჰოლით მთვრალმა კ. ჩ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, აგრეთვე, მესაკუთრეობრივი დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა ეჭვიანობაში და ამ თემებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, ფიზიკურად იძალადა ყოფილი მეუღლის - დ. ც–ს მიმართ, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც დ. ც–ე შეეცადა მისგან თავის დახსნას და, ყვირილის ხმაზე შემოსული მათი არასრულწლოვანი შვილის - დ. ჩ–ს თანდასწრებით, კ. ჩ–მა კვლავ მოუჭირა ორივე ხელი ყელის არეში ყოფილ მეუღლეს და მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დ. ც–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენით:

3.1. კ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. კ. ჩ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.3. კ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. ჩ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. მსჯავრდებულ კ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 15 ივნისიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

2023 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ში ...... ჩიხი №..-ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ალკოჰოლით მთვრალმა კ. ჩ–მა ურთიერთშელაპარაკების დროს, ფიზიკურად იძალადა ყოფილი მეუღლის – დ. ც–ს მიმართ, რის შედეგადაც, დ. ც–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

5.1. მსჯავრდებულ კ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ა–მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, კ. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;

5.2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენში, კ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

7.1. მსჯავრდებულ კ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ. ა–ე ითხოვს მსჯავრდებულ კ. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას;

7.2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი მადონა ურუშაძე ითხოვს კ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს კ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელი გარემოების, გენდერის ნიშნის მითითებით) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულ კ. ჩ–ს გამართლებას.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების/განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც კ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელი გარემოების, გენდერის ნიშნის მითითებით) წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას კ. ჩ–ს უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც კ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - მოწმეთა: ა. ხ–ს, ვ. ა–ს, ზ. დ–ს, ს. რ–ს, ე. ლ–ს ჩვენებებით, N....... შეტყობინებით, N....... შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, სამედიცინო დოკუმენტაციით, სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. ჩ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით) ჩადენა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ა. ხ–მა დაადასტურა 2023 წლის 14 ივნისს მსჯავრდებულ კ. ჩ–სა და დაზარალებულ დ. ც–ს შორის კონფლიქტი, გამომძიებელმა ვ. ა–მა დაადასტურა, რომ მოწმის სახით გამოკითხვისას დაზარალებული დ. ც–ე იყო აღელვებული, ტიროდა, უჭირდა დამშვიდება და ყელის არეში აღენიშნებოდა სიწითლეები. დაზარალებულ დ. ც–ს ყელზე სიწითლისა და დაზიანებების არსებობის ფაქტი დასტურდება ასევე სამედიცინო დოკუმენტაციითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (რაც ობიექტური ტესტით ადასტურებს დაზარალებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ნიშნის – ფიზიკური ტკივილის განცდას).

14. სასამართლო ითვალისწინებს ასევე N......... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებულ გარემოებებს, რომ ვინაიდან მსხვერპლი დ. ც–სე ცდილობდა მეუღლესთან კ. ჩ–სთან ურთიერთობის გაწყვეტას, მეუღლე მას დაემუქრა მოკვლით და ყელში ხელის წაჭერით შეეცადა მის დახრჩობას (შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია როგორც დაზარალებულ დ. ც–ს, ასევე მსჯავრდებულ კ. ჩ–ს მიერ, მსჯავრდებულს შემაკავებელი ორდერი არ გაუსაჩივრებია).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება კ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

16. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას კ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელი გარემოების, გენდერის ნიშნის მითითებით) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება კ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (დამამძიმებელი გარემოების, გენდერის ნიშნის მითითებით) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ვინაიდან,16.1. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა დ. ც–მ და მოწმეებმა: დ. ჩ–მა და ლ. ჩ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცათ ახლო ნათესავის (მეუღლის/მამის/ძმის) მამხილებელი ჩვენება, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მსჯავრდებულ კ. ჩ–ს მიერ ფიზიკური ძალადობის არასრულწლოვანი შვილის – დ. ჩ–ს თანდასწრებით ჩადენა, ასევე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება კ. ჩ–ს ქმედებაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის არსებობა.

16.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ. ჩ–ს მიერ დაზარალებულ დ. ც–ს მიმართ ჩადენილი მუქარის შესახებ ინფორმაციას შეიცავს მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლებიც დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის პირობებში ვერ ადასტურებს, რომ კ. ჩ–ს ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

18. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ კ. ჩ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (დამამძიმებელი გარემოების, გენდერის ნიშნის მითითებით) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას კ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ.

19. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კ. ჩ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა (დანაშაულის რეციდივის) დაცვით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

20.1. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და მის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (Kuparadze v. Georgia, No.30743/09, par 76, ECtHR, 21/09/2017).

22. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძისა და მსჯავრდებულ კ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ა–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე