დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.09.2024
საქმის ნომერი
2კ-37-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190141124009858197

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№371-24 26 სექტემბერი, 2024 წელი

ნ–ი გ., №371-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით, გ. ნ–ი (მისი დასწრების გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენში. გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩაემოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განჩინებით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2024 წლის 19 აგვისტოს, მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ქ–მ და გ. ჩ–მა მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს გ. ნ–ს მიმართ 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ქ–სა და გ. ჩ–ს შუამდგომლობა, გ. ნ–ს მიმართ 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

6. მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ქ–მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინება და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2023 წლის 15 ნოემბრის საქართველოს კანონის გავრცლება და გ. ნ–ს დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამნისტია ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესაბამისი დანაშაულის ჩადენით მოპოვების შემთხვევაზე.

9. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს იმავე პუნქტით განსაზღვრული ბრალდებულის მიერ შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე მიტოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (ბრალდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.

10. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტით, ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი ძებნილმა პირმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, ხოლო მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს: მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუ ეს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა.

11. მოცემულ შემთხვევაში, ამნისტიის შესახებ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონით დაცვის მხარე არ წარმოადგენს სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის სუბიექტს. შუამდგომლობით ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმის თავდაპირველი განაჩენის გამომტან სასამართლოს უნდა მიმართოს პროკურორმა. წარმოდგენილი მასალებით, კი ირკვევა, რომ შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება, რომ დაცვის მხარემ დაიცვა 2023 წლის 15 ნოემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტით დადგენილი დანაწესი (მიემართა შესაბამისი პროკურორისთვის). მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, გ. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩაემოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, თუმცა თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (10.08.2017წ.) აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის თავისუფალი უფლებრივი ტვირთისგან. კერძოდ, მასზე 2014 წლის 29 ივლისიდან რეგისტრირებულია იპოთეკა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული საკითხების გარკვევის მიზნით კანონდებელმა შუამდგომლობის წარდგენის უფლებამოსილ სუბიექტად განსაზღვრა შესაბამისი პროკურორი.

12. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინება, გ. ნ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე