დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141224010120083
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №222I -24 ქ. თბილისი
ს. ხ., 222I -24 17 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ს-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მსჯავრდებულ ხ. ს-ს, – დაბადებულის ... წლის ... თებერვალს,– საქმის მასალების მიხედვით:
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით: ხ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ხ. ს-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენი; ხ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ხ. სურმანიძეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2021 წლის 9 ოქტომბრიდან.
5. 2024 წლის 1 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ხ. სურმანიძის პირადი საქმე.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ს-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი დარჩა უცვლელად.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. ს-მ, რომელიც ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, ხ. ს-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ორივე ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ ჯარიმებზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი მართებულად არ გავრცელდა.
3. რაც შეეხება კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით – შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. შესაბამისად, ვინაიდან ხ. ს-ს ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე – რ. დ. – წინააღმდეგია მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებისა, სასამართლო კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას მსჯავრდებულს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმციროს სასჯელი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ხ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი