გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-979-02 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: სარჩელში სავალდებულო წილის მიღება შეგებებულ სარჩელში _ უღირს მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. გ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. გ-ის მიმართ, მოითხოვა ქუთაისში, ... მდებარე სახლის 3/4 ნაწილის და ბინაში არსებული სხვა ქონების მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით ე. ა-ე და ჯ. გ-ე დაქორწინდნენ 1998წ. 15 ნოემბერს. 2000წ. 3 დეკემბერს ჯ. გ-ე გარდაიცვალა. მეუღლესთან კარგი ურთიერთობის მიუხედავად, გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე გაურთულდა ურთიერთობა ქმრის ნათესავებთან, რამაც, თავის მხრივ გამოიწვია ურთიერთობის დაძაბვა მეუღლეებს შორის, რის გამოც ე. ა-ე იძულებული გახდა წასულიყო ოჯახიდან. ამჟამად მის ოჯახში ქუთაისში, ... ცხოვრობს ჯ. გ-ის შვილი პირველი ქორწინებიდან _ ლ. გ-ე.
ლ. გ-ემ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში ე. ა-ის მიმართ უღირს მემკვიდრედ მისი ცნობის მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ე. ა-ემ მოითხოვა სავალდებულო წილი ... მდებარე სადავო სახლიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელს ლ. გ-ის მიმართ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ ეთქვა უარი. ლ. გ-ის შეგებებული სარჩელი ე. ა-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა მემკვიდრეობის აღდგენაზე.
მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-ის წარმომადგენელმა დ. კ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ა-ის წარმომადგენელ დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ენი ა-ის სარჩელი მას ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, როგორც სავალდებულო წილის მემკვიდრეს, გამოეყო ¼1/4 წილი, არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის შეგებებული სარჩელი.
ლ. გ-ის წარმომადგენელმა ქ. ჯ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1424-ე, 1421-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან მემკვიდრეს სამკვიდრო შეიძლება მიღებულად ჩაეთვალოს, თუ ის მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან და არა მის სიცოცხლეში დაეუფლა სამკვიდროს ნაწილს, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ სამკვიდრო ნივთები მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის მის საკუთრებას უნდა წარმოადგენდნენ და არ უნდა იყოს გასული მისი მფლობელობიდან ან გაჩუქებული; საქმის მასალებით დადგენილია, რომ როიალი ჯ. გ-ის ნებით გავიდა მისი მფლობელობიდან და მისივე სურვილით მას დაეუფლა ე. ა-ე როგორც მესაკუთრე.
სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა, მხარეს მიეკუთვნა იმაზე მეტი, რასაც იგი არ ითხოვდა. ე. ა-ე ითხოვდა სადავო სახლის 1/5 ნაწილს სასამართლომ კი 1/4 ნაწილი მიაკუთვნა.
კასატორის პრეტენზიით სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა ლ. გ-ის შეგებებული სარჩელი ე. ა-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, ვინაიდან არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ა-ე ჯ. გ-ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა 1998წ. 15 ნოემბერს. ჯ. გ-ე გარდაიცვალა 2000წ. 3 დეკემბერს. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ე. ა-ემ დატოვა მეუღლის ოჯახი, წაიღო პირადი ნივთები, მათ შორის მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი როიალი.
სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზიაა წამოყენებული. სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორადაა განმარტებული სკ- ნორმები, დარღვეულია სკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა, რაც სკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1320-ე, 1328-ე, 1424-ე მუხლები და არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სკ-ს 1320-ე მუხლის მიხედვით სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო ქონება), ისე _ მოვალეობის (სამკვიდრო) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სკ-ს 52-ე მუხლის მიხედვით ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვით აზრიდან.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ე. ა-ემ ჯ. გ-ესთან ერთად ცხოვრების დროს შეძენილი როიალი ამ უკანასკნელის სახლიდან წაიღო სიცოცხლეშივე დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ როიალის წაღების შესახებ იცოდა ჯ. გ-ემ, რაზეც გამოხატა თანხმობა და როიალის წაღების შემდეგ სიკვდილამდე არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯ. გ-ემ თავისი წილი თანასაკუთრებაში დაუთმო და გადასცა თანამესაკუთრე ე. ა-ეს. სკ-ს 186-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. როიალი ჯ. გ-ის მიერ ე. ა-ისათვის გადაცემის შემდეგ გახდა ამ უკანასკნელის საკუთრება და ჯ. გ-ის გარდაცვალების მომენტში იგი სამკვიდრო ქონების შემადგენელი ნაწილი ვერ იქნებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სკ-ს 1371-ე მუხლის შესაბამისად ე. ა-ეს, როგორც მამკვიდრებლის მეუღლეს, სავალდებულო წილი უნდა მიეკუთვნოს, რაც სადავო სახლის 1/4 ნაწილს შეადგენს.
სკ-ს 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქმის მასალების მიხედვით ე. ა-ე ექვსი თვის განმავლობაში და არც შემდეგ არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას, რის გამოც არ მიუღია სამკვიდრო სკ-ს 1421-ე მუხლით დადგენილი წესით. გამომდინარე აღნიშნულიდან, მას არ გააჩნია სასარჩელო მოთხოვნის _ სავალდებულო წილის მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა უღირს მემკვიდრედ ცნობისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და თვლის, რომ ამ ნაწილში კასატორის მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წამოყენებული. სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ე. ა-ის მიერ განზრახი მოქმედების ჩადენა, რითაც ხელს შეუშლიდა მამკვიდრებელს უკანასკნელი ნების განხორციელებაში ან მის მიერ განზრახი დანაშაულის, ან სხვა ამორალური საქციელის ჩადენა მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინაღმდეგოდ. რაც გამორიცხავს ე. ა-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესაძლებლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ლ. გ-ის წარმომადგენელ ქ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება ე. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.