საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122006102841
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №799აპ-24 ქ. თბილისი
ჩ–ა ი., 799აპ-24 26 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ი. ჩ–ს პ/ნ .......... - ბრალად ედებოდა:
განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 12:45 საათზე, ქ. რ–ში, მ–თა ქუჩის N..-ში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა ი. ჩ–სმ, ამავე დაწესებულების მე-.. საცხოვრებელი კორპუსის N.. საკანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების პატიმარ შ. ა–ს, კერძოდ თავში დაარტყა ხელჯოხი, რის შემდგომაც ი. ჩ–მ შებოჭა შ. ა–ი, შემოხვია ხელები და მოკვლის განზრახვით ძლიერად დაახეთქა იგი მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე. ი. ჩ–ს მიერ, შ. ა–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად შ. ა–მა თავის სხვადასხვა არეში მიიღო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა N.. პენიტენციური სამედიცინო პუნქტში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ი. ჩ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
3.2. ი. ჩ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. ჩ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი. ჩ–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. ი. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის მომენტიდან – 2023 წლის 1 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ მოითხოვა ი. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წრდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულმა ი. ჩ–მ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას.
4.2.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ი. ჩ–მ დააკონკრეტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მას შ. ა–ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და სურდა მხოლოდ მისი ცემა. შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაძლოა შეფასდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად და არა განზრახ მკვლელობად.
4.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მსჯავრდებულმა ი. ჩ–მ წარადგინა შესაგებელი და მიუთითა, რომ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ თავს იცავდა შ. ა–სგან, რომლიც აყენებდა დაზიანებებს;
4.4. მსჯავრდებულ ი. ჩ–ს სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარადგინა შესაგებელი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ჩ–ს პოზიცია დაუსაბუთებელია და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენის შეცვლის საფუძველი, ი. ჩ–ს სასარგებლოდ, არ არსებობს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
6.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ი. ჩ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი. მსჯავრდებული შესაგებელში ასევე უთითებს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში (იხ: შესაგებელი, 193 ფურცლად).
6.2. 2024 წლის 7 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა ი. ჩ–მ. განცხადებაში მითითებულია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გაიგზავნა შესაგებელი 198 ფურცლად, სასამართლოში კი დარეგისტირებულია 193 ფურცელი.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს ი. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2021 წლის 26 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულების N.. საკანში, პატიმრებს: ი. ჩ–ს, ბ. ჭ–სა და შ. ა–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოუხდათ ფიზიკური დაპირისპირება. დაზარალებულმა შ. ა–მა ბ. ჭ–ს სახის არეში მიაყენა დაზიანება (იხ: სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნა ბ. ჭ–სს მიმართ (ტ. 4, ს.ფ. 304-309), რის შემდეგაც დაიწყო შ. ა–სსა და ი. ჩ–ს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც შ. ა–მა მიიღო თავის სტრუქტურის ტრავმული დაზიანება, ქალას სარქველის ფრაგმენტოვანი და ფუძის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა, გამოწვეული ქალა ტვინის ღია ბლაგვი ტრავმით. აღნიშნული დაზიანებებებიდან ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები – მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - შ. ა–ს გარდაცვალებასთან (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნა (ტ. 5, ს.ფ. 96-107). მოცემულ შემთხვევაში სადავოა ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ანუ ი. ჩ–ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობას თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი. ჩ–ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ჩ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი) საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე(დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ი. ჩ–ს განზრახვა (შ. ა–ს განზრახ მკვლელობის), და ითვალისწინებს, რომ შ. ა–სა და ი. ჩ–ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ერთადერთი მოწმე ბ. ჭ–ს სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოვლენისათვის გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მოწმის სახით ჩვენება არ მიუცია, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მოწმეები (დ. ხ–ი, ა. ქ–ი, ხ. ა–ხ–ი, ა. გ–ი, გ. ლ–ი, ლ. კ–ა) კი არ არიან მომხდარი შემთხვევის თვითმხილველნი და ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, უთითებენ იმ გარემოებებზე, რაც N..-ე საკანში ადგილზე ნახეს. კერძოდ, ორ პატიმარს, ი. ჩ–სა და ბ. ჭ–ს აღენიშნებოდათ დაზიანებები და სდიოდათ სისხლი, ხოლო დაზარალებული შ. ა–ი იწვა იატაკზე და თავის არედან სდიოდა დიდი ოდენობით სისხლი. ი. ჩ–ს აქტიური მოქმედებითა და სხვა პატიმრების დახმარებით შ. ა–ი გადაიყვანეს N.. პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, პუნქტში გადაყვანისას შ. ა–ი იყო ცოცხალი, თუმცა გადაყვანის შემდგომ მიღებული დაზიანებების გამო მალევე გარდაიცვალა.
12. სასამართლო ითვალისწინებს ი. ჩ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 26 ივლისს სხვა პატიმრის საშუალებით დაიბარა N..-ე საკანში შ. ა–ი, რომელთანაც უნდა ესაუბრა მათ მიერ შეძენილ ტელევიზორზე, რომელიც უნდა მოეტანა შ. ა–ს, მაგრამ თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას. შ. ა–სმა შემოუთვალა, რომ სხვა პატიმრების თანდასწრებით არ სურდა საუბარი და მოგვიანებით, როცა არავინ იქნებოდა, მაშინ ავიდოდა მასთან საკანში. საკანში ასევე იმყოფებოდა ბ. ჭ–ს. საკანში განთავსებული იყო მსჯავრდებულების საწოლები, ტელევიზორი, რომელის ქვეშ იყო მაგიდა, მაცივარი, ხელის საბანი და საპირფარეშო. როგორც ჭ-ს, ისე მას, მზად ჰქონდათ სასაუბროდ ბლოკნოტი (იხ.: 2021 წლის 28 ივლისის დათვალიერების ოქმი, რა დროსაც დათვალიერდა 2021 წლის 26 ივლისს ამოღებული ორი ცალი წიგნაკი ტ.3, ს.ფ. 79-125)), სადაც ზუსტად ჰქონდათ ასახული ის თანხები და სიგარეტების ოდენობები, რაც ტელევიზორის შესაძენად გადასცეს შერაზს. საკანში შემოსული შ. ა–ი ჩამოჯდა მაგიდასთან სკამზე, თავად იჯდა საწოლზე. დაიწყეს საუბარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. საუბრისას ა–ი ადგა ფეხზე, კარის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება და უთხრა ,,შემოგითვალათ იმანო, დააყენეთ ერთი ადგილი, მოგივათ თქვენი ტელევიზორიო“. დაუძახა შ. ა–ს გაჩერებულიყო და მიახლოვებოდა მას, სწორედ ამ მომენტში საწოლების მხრიდან გამოვიდა ბ. ჭ–ს და გადაუდგა შ. ა–ს წინ და შეაგინა დედის მისამართით. თავადაც წამოიმართა და მოუწოდა ბ. ჭ–ს, არ დაერტყა ხელი შ. ა–სთვის. სწორედ ამ მომენტში შემოესმა მას ბ. ჭ–ს ყვირილის ხმა და დაინახა, რომ სისხლიანი ბ. ჭ–ს გადავარდა გვერდით. მიხვდა, რომ შ. ა–მა დაჭრა ბ. ჭ–ს და თავადაც გაემართა უკვე შ. ა–ს მიმართულებით. იმ მომენტში სულ ორი ნაბიჯი, რომ გადაედგა უკან შ. ა–ს, გადარჩებოდა უბედურ შემთხვევას. დაინახა, როგორ აწია ხელი შ. ა–სმა და უკვე ინსტიქტის დონეზე მიხვდა, რომ თავი უნდა დაეცვა, წელის არეში შეუვარდა, შებოჭა და აწია ჰაერში. მას შემდეგ, რაც აწია ჰაერში და უკან ინერციით გადადგა ნაბიჯი, იგრძნო როგორ ,,ჩეხავდა“ ზურგის არეში ა–ი მას. თავდასხმის მომენტში არ დაუნახავს, რა ეჭირა ხელში ა-ს, მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო საქმის მასალებიდან, რომ ეს იყო ხელნაკეთი სამართებელი. შ. ა–ს ჰაერში აწევის შემდგომ, გრძნობდა, როგორ აყენებდა ზურგის არეში ა–ი მას დაზიანებებს. უკანა სვლით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და გადაწყვიტა ა–ის გადატარება (საჭიდაო ილეთი) და ძირს დაგდება, შემდგომში მისი ცემის მიზნით. მას შემდეგ რაც უკან მოიქნია შ. ა–ი, მან თავი ჩამოარტყა მაგიდის ზედაპირს, რა დროსაც დაიფშვნა მეტლახი, ხოლო თავად იფიქრა, რომ შ. ა–ი ამ დარტყმის შედეგად გაითიშა. ხმას არ იღებდა, ხოლო ბ. ჭ. ყვიროდა ,,ვაი თვალიო“. გაიქცა საკნიდან და დაიწყო ყვირილი დახმარების მოთხოვნით. მას შემდეგ რაც უკან დაბრუნდა საკანში, დამხმარე ბიჭებიდან ვიღაცამ ჭ–ს სახეში წყალი შეასხა, ხოლო შ. ა–ს რაც მიაქცია ყურადღება, დაინახა, რომ მას თავში მეტლახის ნაჭერი ჰქონდა ჩარჭობილი. ხელჯოხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მან შეტაკებისას მოიქნია ხელჯოხი, რომელიც სავარაუდოდ თავის არეში მოხვდა ა–ს და გატყდა. ხოლო გატეხილი ხელჯოხი მოისროლა ოთახში. სანამ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდნენ შ. ა–ს, სცადა მისი გონზე მოყვანა, კერძოდ, თავის არედან ამოუღო მეტლახის ნაჭერი, რა დროსაც დიდი რაოდენობით სისხლმა დაიწყო დენა და სცადა ნაჭრების საშუალებით შეეკავებინა. სწორედ ამ მომენტში მოვიდნენ ექიმი და ექთანი მათ საკანში.
13. სასამართლო ითვალისწინებს, მომხდარი ფაქტის შემდგომ ი. ჩ–ს ქცევას და დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ი. ჩ–მ შემთხვევის ადგილი არ დატოვა რადგან სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა. ვინაიდან, ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების N.. საკანში, მას შემდეგ რაც შ. ა–ი გაითიშა, ი. ჩ–ს დარჩა შემთხვევის ადგილზე, შეეცადა უგონო მდგომარეობაში მყოფი შ. ა–ს დახმარებას, თავის არიდან ამოუღო მეტლახის ნაჭერი და სისხლდენის შესაჩერებლად დააფარა სველი პირსახოცი. შემდგომ კი დაიწყო დახმარების თხოვნა (რაც დასტურდება ასევე N..-ე საკნის მიმდებარედ არსებული კამერის ჩანაწერებით, რომელზეც ასახულია, შ. ა–ს საკანში შესვლიდან რამდენიმე წუთში როგორ გამოვიდა საკნიდან სისხლით დასვრილი ი. ჩ–ს, რის შემდეგაც ადგილზე შეიკრიბნენ სხვა მსჯავრდებულები). მითითებული გარემოებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ი. ჩ–ს ცდილობდა ცოცხალი შ. ა–ს გადარჩენას, რადგან მას არ ჰქონდა დაზარალებულის განზრახ მკვლელობის განზრახვა. ყოველივე აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ასევე დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის მსჯელობა, რომ ი. ჩ–მ მიერ შ. ა–ს თავიდან მეტალის ნივთის ამოღება და სველი პირსახოცის დაფარება ემსახურებოდა არა დაზარალებულის დახმარებას, არამედ აშკარა დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობას.
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ჩ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული იფორმაცია (კონფლიქტის მიმდინარეობისა და შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების აღწერის ნაწილში) თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან.
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინების საფუძველზე მოპოვებულ ფარული ჩანაწერების შინაარს, რომლის თანახმად, საკანში ყოფნის დროს, ი. ჩ–მ, სხვა პატიმართან საუბრისას (ისე, რომ მისთვის უცნობი იყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის თაობაზე) აღწერა თუ როგორ განვითარდა მოვლენები შემთხვევის დღეს (,,ჩემს ძმაკაცს თხარა თვალებში, სიმონ. აზრზე ხარ? ისედაც ორი თვალი კი არ აქვს, აზრზე ხარ? ბოზიშვილი ვიყო, ამ ჩემს ძმაკაცს კი არ აქვს ორივე თვალი და რომელიც ჰქონდა და ხედავდა, იქ თხარა პირდაპირ, სიმონ. მერე მოტრიალდა ეგი და წაიქცა ბოზიშვილი ვიყო...„პროსტა“ რომ არ დამეჩეხა მაგას, შეიძლება ვაფშე არ მესროლა, მაგრამ...გაიგე? ძირს დავაგდებდი და გავლახავდი ბოლო ბოლო, სიმონ. ისე მაგრად მომიწია სროლა, რა. ასე ჩავუტარე, ფეხი გამოვუღე და ძირს იყო და ჩამოარტყა თავი, მაგის დედას შე..ცი. ღმერთი კი ხედავს ამას, რომ მაგის მოკვლა მე არ მდომებია. დავარდა მაგიდაზე, ამხელა კაფელი ჰქონდა თავში შერჭობილი. ...მე წავიქეცი სიმონ. ამან მაგიდას დაარტყა თავი. მოვათრიე ,,კრანთან“ წყალი დავასხი, პირსახოცი დავადე. სუნთქავდა, ხროტინებდა. მეთქი გადარჩესთქო და მოკვდა. რომ მჩეხავდა სიმონ, ბოზიშვილი ვიყო, ერთი ვიგრძენი ,,ხრჭ“ რაღაც, ხომ აზრზე ხარ? ოთხჯერ მაქვს ზურგი გაჩეხილი სიმონ და ის არ მიგვრძნია წესიერად, მერე რომ გადამეკეტა, სიმონ. აქეთ ჩემი ძმაკაცი იყო, გავარდა ვაი თვალი, ვაი თვალიო...რომ წავედი ,,კაროჩე“ ,,ბრიტვა“ იყო თუ რა ჩემი ყ..ე იყო, ეს ხელი მაგ დროს აწია, გაიგე? შეეძლო პროსტა ჩემს სახეზეც გაესვა, პროსტა ეს გავუკეთე ნახე? ჩავუფრინდი და ისე დავიჭირე რა წელში. ჰო და ავწიე იმენა“ (იხ.: კრებსები – ტ.11, ს.ფ. 130-157; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო/ვიდეო ფაილები)), ისაუბრა მის რეალურ განზრახვაზე, შ. ა–სის მხრიდან თავდასხმაზე, რა დროსაც დაზარალებულმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ი. ჩ–სს.
14.1.1. ამასთან, დაუსაბუთებლობის გამო ვერ იზიარებს სასამართლო ბრალდების მხარის პოზიციას, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების არ გაზიარების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ი. ჩ–მ იცოდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ და განზრახ შეთხზა მისთვის ხელსაყრელი ვერსია. კასატორი პოზიციის დასაბუთებისთვის არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ არგუმენტს ან/და რელევანტურ მტკიცებულებას რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას არ გაეზიარებინა აღნიშნული მტკიცებულება.
14.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ჩ–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებების არსებობას ადასტურებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ი. ჩ–ს აღენიშნებოდა გულმკერდის უკანა ზედაპირისა და მარჯვენა მტევნის მე-2 თითის ნაკვეთი ჭრილობები. პირადი შემოწმების მონაცემებით ზურგის მიდამოში არსებული ჭრილობები (ოთხი ჭრილობა) განვითარებულია მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად (საპარსი ეკუთვნის მჭრელი თვისების მქონე საგანთა ჯგუფს); მარჯვენა მტევნის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედების შედეგად (კერამიკული ფილის ნატეხი მიეკუთვნება მკვრივი ბლაგვი საგნების ჯგუფს); ნაკაწრები განვითარებულნი უნდა იყვნენ რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ზურგზე არსებული დაზიანებები მდებარეობენ ი. ჩ–სათვის ძნელად ხელმისაწვდომ ადგილას. ნაკაწრები და უსწორო კიდეებიანი ჭრილობები მდებარეობენ ი. ჩ–სათვის ხელმისაწვდომ ადგილას (იხ.: ტ. 4, ს.ფ.298-303). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ასევე სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N............ დასკვნას, რომლის თანახმად, ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს ი. ჩ–სს ზურგზე არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობების განვითარების შესაძლებლობას მის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებაში - „ე.წ. „ბრიტვის“ ზემოქმედებით.
15. სასამართლო ითვალისწინებს სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N.......... დასკვნას, რომლითაც მათ შორის დგინდება, რომ შ. ა–ს გვამზე არსებული დაზიანებები (ჭრილობები) თავის არეში, შესაძლებელია განვითარებული იყვნენ ი. ჩ–ს მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებაში – „თავში ხელჯოხის ჩარტყმით, შემდგომ მაგიდაზე დაცემით, მაგიდის მეთლახის ფილების გატეხვით და მეთლახის ნატეხის თავში ჩარჭობით (იხ: ტ. 11, ს.ფ. 61-78).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ი. ჩ–ს, ბ. ჭ–სა და შ. ა–ს შორის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ი. ჩ–ს ჰქონდა შ. ა–ს მოკვლის განზრახვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ი. ჩ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია).
16.1. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. ჩ–ს მიერ საკასაციო შესაგებელში მითითებულ გარემოებას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონფლიქტის ხანგრძლივობისა და დინამიკის გათვალისწინებით, არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა (რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა) და არც - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.
17. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
18. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი(დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ი. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით განუსაზღვრა სასჯელის ზომა. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ჩ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით).
20.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ჩ–ს საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობის წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. ჩ–ს მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელზეც ასევე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე