დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.04.2025
საქმის ნომერი
2კ-69-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802225011276478

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№69I-25 ქ. თბილისი

ჰ-ი რ. (რ) ზ, 69I-25 28 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. (რ) ზ. ჰ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ზ. ჰ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

2017 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ზ. ჰ-ი;

2017 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, რ. ზ. ჰ-ის შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2017 წლის 9 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. ზ. ჰ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინების შეცვლის თაობაზე;

2017 წლის 22 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რ. ზ. ჰ-ის ექსტრადიციის თაობაზე უ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა;

2018 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, რ. ზ ჰ-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2018 წლის 26 აპრილამდე;

2018 წლის 31 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. ზ. ჰ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 24 იანვრის განჩინების შეცვლის თაობაზე;

2018 წლის 20 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან, რ. ზ. ჰ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მიიღო 2018 წლის 11 მაისს;

2018 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა რ. ზ. ჰ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ და რ. ზ. ჰ-ის შეეფარდა გირაო – 15 000 ლარი; იმავე დღეს, რ. ზ. ჰ-ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2020 წლის 5 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან, რ. ზ. ჰ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მიიღო 2020 წლის 27 მაისს.

2. II. უ-ის რესპუბლიკაში რ. ზ. ჰ-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

რ. ზ. ჰ-ის ექსტრადიცია მოითხოვება უ-ის რესპუბლიკის ბუდაპეშტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის №21.Bf.8805/2015/21 განაჩენით, მისჯილი სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 5 წლით), მოხდის მიზნით, რომლის მიხედვითაც, რ. ზ. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ უნგრეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის:

(1) 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა,“ „ბგ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობის მცდელობაში თანამონაწილეობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 2 ეპიზოდი); (2) 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა“ „ბგ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობაში თანამონაწილეობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 3 ეპიზოდი); (3) 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბგ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობის მცდელობაში თანამონაწილეობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 1 ეპიზოდი); (4) 372-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა,“ „ბგ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით (მითვისებაში თანამონაწილეობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 4 ეპიზოდი); (5) 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ პუნქტითა და ამავე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ პუნქტით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება; 10 ეპიზოდი); (6) 285-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (არაკეთილსინდისიერი იურიდიული საქმიანობა; 5 ეპიზოდი).

2015 წლის 10 მარტს უნგრეთის რესპუბლიკის პესტის ცენტრალური რაიონული სასამართლოს №18.B.12.066/2013/225 განაჩენით, რ. ზ. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ უნგრეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის:

(1) 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა,“ „ბგ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობის მცდელობაში თანამონაწილეობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 2 ეპიზოდი); (2) 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა“ „ბგ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობაში თანამონაწილეობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 2 ეპიზოდი); (3) 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა,“ „ბგ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობის მცდელობაში თანამონაწილეობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 1 ეპიზოდი); (4) 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბგ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობის მცდელობაში თანამონაწილეობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 1 ეპიზოდი); (5) 372-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა,“ „ბგ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით (მითვისებაში თანამონაწილეობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 4 ეპიზოდი); (6) 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ პუნქტით და ამავე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ პუნქტით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება; 10 ეპიზოდი); (7) 285-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (არაკეთილსინდისიერი იურიდიული საქმიანობა; 5 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2016 წლის 31 მარტს უნგრეთის რესპუბლიკის ბუდაპეშტის საქალაქო მეორე ინსტანციის სასამართლოს №21.Bf.8805/2015/21 განაჩენით, ცვლილება შევიდა 2015 წლის 10 მარტის განაჩენში, კერძოდ:

რ. ზ. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ უნგრეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (1) 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა“ „ბგ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობის მცდელობაში თანამონაწილეობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 2 ეპიზოდი); (2) 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა“ „ბგ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობაში თანამონაწილეობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 3 ეპიზოდი); (3) 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბგ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობის მცდელობაში თანამონაწილეობა, ჩადენილი დამამძიმებელ 1 ეპიზოდი); (4) 372-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბა,“ „ბგ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით (მითვისებაში თანამონაწილეობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში; 4 ეპიზოდი); (5) 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ პუნქტითა და ამავე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ პუნქტით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება; 10 ეპიზოდი); (6) 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (არაკეთილსინდისიერი იურიდიული საქმიანობა; 5 ეპიზოდი) და რ. ზ ჰ-ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2017 წლის 4 ოქტომბერს უ-ის რესპუბლიკის ბ-ის საოლქო სასამართლომ ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდის მიზნით, გამოსცა რ. ზ. ჰ-ის დაკავების შესახებ ბრძანება;

2017 წლის 12 ოქტომბერს რ. ზ. ჰ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის საერთაშორისო არხებით.

3. ფაქტები:

რ. ზ. ჰ-იმ, 2001-2002 წლებში, საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უძრავი ქონებით ვაჭრობის სფეროში დაიწყო სააგენტო მომსახურება. დანაშაულებრივი ქმედებები თითოეულ შემთხვევაში გამოიხატა შემდეგით:

2001 წელს, კ. ლ-ს სურდა ბანკიდან სესხის აღება, თუმცა, საკრედიტო დაწესებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, მან ვერ შეძლო იპოთეკით სესხის უზრუნველყოფა და შესაბამისად, არც სესხი აუღია. მოგვიანებით, კ. ლ-ი შეხვდა რ. ზ. ჰ-ის, რომელიც მას სესხის აღებას შემდეგი პირობით დაჰპირდა – კ. ლ-ი დაფიქსირდებოდა, როგორც თანხის მსესხებელი, ხოლო იპოთეკით მესამე პირის უძრავი ქონება დაიტვირთებოდა, რომელიც თანამსესხებელი გახდებოდა. აღნიშნული ოპერაციით მიღებული თანხიდან კი კ. ლ-ი მისთვის საჭირო კრედიტის თანხას მიიღებდა. პარალელურად, რ. ზ. ჰ-ის ცნობილი გახდა, რომ ე. ნ-მ საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის 2001 წლის 3 ოქტომბერს, შპს ,,..“-თან სესხის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, მან იპოთეკით საკუთარი ქონება დატვირთა, ხოლო სანაცვლოდ – 14 000 000 უნგრული ფორინტი მიიღო. ამასთან, ე. ნ-ს სურდა, აღებული ვალდებულებების ნაწილობრივ დაფარვის მიზნით იპოთეკით ხელმეორედ დაეტვირთა იგივე ქონება. მოლაპარაკებების შემდეგ, 2001 წლის 23 ნოემბერს, ე. ნ-იმ რ. ზ. ჰ-ის სახელზე გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ამ უკანასკნელს სესხის გაფორმების და თანხის მიღების უფლებამოსილებასაც ანიჭებდა. მოგვიანებით, ე. ნ-იმ რ. ზ. ჰ-ის აღნიშნული უფლებამოსილება შეუზღუდა, რის თაობაზეც ცნობილი იყო რ. ზ. ჰ-ის.

შემდგომში ,,....“-თან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საფინანსო ორგანიზაცია დასთანხმდა კ. ლ-ის სახელზე სესხის გაცემას, ე. ნ-ის ქონებაზე იპოთეკის დადების უზრუნველყოფით, იმ პირობით, თუ შპს ,,...“-ის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდებოდა. შესაბამისად, ე. ნ-ის ცნობილი იყო, რომ სესხი უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ქონებით, იგი გახდებოდა თანამსესხებელი და პირველ რიგში, კ. ლ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა 10 000 000 უნგრული ფორინტის ოდენობით, რასაც ე. ნ-ი დასთანხმდა.

დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საფინანსო ორგანიზაცია დასთანხმდა 32 000 000 უნგრული ფორინტის ოდენობით სესხის გაცემას. თავის მხრივ, რ. ზ. ჰ-იმ და ტ. ო-იმ, უკანონო ფინანსური მოგების მიღების მიზნით, შეადგინეს ყალბი დოკუმენტი, რომელშიც მიუთითეს, რომ შპს ,,...“-მა მიიღო 17 000 000 ფორინტი და იგი აღნიშნული საფუძვლით თანხმდებოდა იპოთეკის გაუქმების რეგისტრაციას. ყალბი დოკუმენტი 2001 წლის 5 დეკემბერს წარედგინა უძრავი ქონების რეესტრს, რის საფუძველზეც რეესტრმა მიუთითა იპოთეკის გაუქმების თაობაზე.

2001 წლის 6 დეკემბერს ,,..“-მა კ. ლ-ის სახელზე გასცა სესხი 32 000 000 ფორინტის ოდენობით. სესხის თანხიდან საფინანსო ორგანიზაციამ 10 500 00 ფორინტი გადარიცხა კ. ლ-ის სახელზე, 1 000 000 ფორინტი დატოვა სადაზღვევო თანხის სახით, ხოლო – 21 000 000 ფორინტი ნაღდი ფულით რ. ზ. ჰ-იმ მიიღო და გადასცა ტ. ო-ის. ხსენებული თანხიდან, ტ. ო-იმ 10 000 000 უნგრული ფორინტი გადაუხადა შპს ,,...“-ს, 1 000 000 ფორინტი რ. ზ. ჰ-ის გადასცა, ხოლო – 10 000 000 ფორინტი საკუთარი პირადი გამოყენებისთვის დაიტოვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ე. ნ-ს, რომელიც იპოთეკური სესხის ხელშეკრულებაში თანამსესხებლად იყო რეგისტრირებული და იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი ქონება, შემდგარი გარიგებიდან, გარდა შპს „..”-ის მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა, საერთოდ არ მიუღია თანხა, ხოლო ტ. ო-ი და რ. ზ. ჰ.ი, ჯამურად, უკანონოდ დაეუფლნენ მის კუთვნილ თანხას – 11 000 000 უნგრულ ფორინტს.

რ. ზ. ჰ-იმ, თანამონაწილეებთან წინასწარი შეთანხმებით, მიზნად დაისახა, ძვირადღირებულ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და შემდგომში მისი იპოთეკით დატვირთვა ბანკიდან სესხის მიღების მიზნით. რ. ზ. ჰ-იმ მოამზადა და ხელმოწერით დაამოწმა, 2002 წლის 8 იანვრით დათარიღებული, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, შპს ,,..“-მა ბ-ში, .. რაიონში, ო-ს ქ. #...-ში მდებარე, 59 956 000 უნგრულ ფორინტად ღირებული უძრავი ქონება მიჰყიდა ვინმე ი. შ-ს. აღნიშნულით ტ. ო-ი და რ. ზ. ჰ-ი გეგმავდნენ ი. შ-ის გაყალბებული იდენტობის გამოყენებით, კეთილსინდისიერი შემძენის შეცდომაში შეყვანას, რის შემდეგაც გაყალბებული დოკუმენტი უძრავი ქონების რეესტრს წარედგინებოდა. 2002 წლის 19 თებერვალს, დამნაშავეებმა გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულება მართლაც წარადგინეს უძრავი ქონების რეესტრში, რის შემდეგაც, 2002 წლის 26 თებერვალს, რ. ზ. ჰ-ი ბ-ში, სასტუმრო ,,ვ-ში“ შეხვდა პოტენციურ შემსყიდველს გ. ბ-ის და მასთან ქონების გაყიდვის თაობაზე ჰქონდა მოლაპარაკება. რ. ზ. ჰ-ის მიერ დანაშაულის ჩასადენად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, გ. ბ-იმ შეძლო ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება და დაუკავშირდა ქონების ნამდვილ მესაკუთრეებს, რის საფუძველზეც, მან უარი განაცხადა რ. ზ. ჰ-ან ხელშეკრულების გაფორმებაზე. დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, შპს „..“-სთვის მიყენებული ზიანი, ჯამურად – 59 956 000 უნგრულ ფორინტს შეადგენდა.

რ. ზ. ჰ-იმ და ტ. ტ-იმ 2002 წლის 19 თებერვალს, უძრავი ქონების საქალაქო რეესტრში წარადგინეს ვინმე ა. ზ-ის სასარგებლოდ შედგენილი, 2002 წლის 18 იანვრით დათარიღებული, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს ,,..“-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ბ-ში, .. რაიონში, ო-ს ქუჩა ..-ში.) წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე, რეესტრმა ხსენებულ უძრავ ქონებაზე დაარეგისტრირა ა. ზ-ის საკუთრების უფლება. სინამდვილეში შპს ,,....“-ს არ მოუხდენია უძრავი ქონების რეალიზაცია, ხელშეკრულებაზე არსებული კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერა იყო ყალბი. აღნიშნულის შემდეგ, 2002 წლის 28 თებერვალს, დამნაშავეებმა, 2002 წლის 20 თებერვლით დათარიღებული, მეორე გაყალბებული ხელშეკრულება წარადგინეს რეესტრში, რომლის თანახმად, ა. ზ-იმ ქონება პ. ს-ის მიჰყიდა. სინამდვილეში, ხელშეკრულებაზე მითითებული ხელმოწერა და ბეჭედი იყო გაყალბებული. უძრავი ქონების რეესტრში ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების შეტანით, რ. ზ. ჰ-ი და ტ. ო-ი გეგმავდნენ უძრავი ქონების რეესტრის ჩანაწერების უკანონოდ შეცვლას იმ მიზნით, რომ უკანონო ფინანსური სარგებელი მიეღოთ; ხოლო ვინაიდან, დაზარალებული მხარის საკუთრების უფლება რეესტრის მონაცემების მიხედვით, არ იყო საბოლოოდ შეცვლილი, დაზარალებულ მხარეს ზიანი არ მისდგომია. დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი შეადგენდა – 83 774 000 უნგრულ ფორინტს.

უკანონო ფინანსური სარგებლის მიღებისა და კეთილსინდისიერი შემძენის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ტ. ო-ის მითითებით, რ. ზ. ჰ-იმ, 2001 წლის 30 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში მოამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, დაზარალებულ ს. პ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ბ-ის ... რაიონში, მ-ის ქუჩის №..., .....-ში) კ. გ-ზე მიყიდვის თაობაზე. ხსენებული ხელშეკრულება წარედგინა უძრავი ქონების რეესტრს, რის საფუძველზეც, რეესტრმა საკუთრების უფლება დაურეგისტრირა კ. გ-ის. დანაშაულის შედეგად მიყენებულმა ზიანმა ჯამურად – 6 747 000 ფორტინი შეადგინა. აღნიშნულის შემდეგ, 2002 წლის 13 თებერვალს, რ. ზ. ჰ-ის მიერ შედგენილი გაყალბებული, 2001 წლის 11 დეკემბრით დათარიღებული, ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკუთრების უფლება კ. გ-ან ჯერ ზ. ა-ის სახელზე დარეგისტრირდა, შემდეგ კი კვლავ ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებით – ა. ბ-ოს სახელზე.

რეალურად კ. გ-ის განზრახვას წარმოადგენდა ბ-ის I, კ-ნა ..., 30. ... მისამართზე მდებარე ბინის შესყიდვა, რომელიც ზ. ა-ის მიერ იყო ნაქირავები. აღნიშნული მიზნით, მან რ. ჰ-ის გადასცა 2 300 000 ფორინტი დეპოზიტის სახით. ზ. ა-ის მიერ ნაქირავები ბინის მესაკუთრეს სინამდვილეში ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენდა, ხოლო კ. გ-ის შეცდომაში შეყვანისა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ბინის დაქირავების უფლების მოპოვების მიზნით, რ. ჰ-იმ და ტ. ო-იმ ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება მოამზადეს. აღნიშნული მიზნით მან რ. ზ. ჰ-ის გადასცა 2 700 000 ფორინტი, რაც პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა.

2002 წლის 26 თებერვალს რ. ზ. ჰ-ი, ბ-ის .. რაიონის, შ. პ-ის ქ. №..-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გამოძიების მიერ დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა მოსალაპარაკებლად ვ. ვ-ის ოფისში. ხსენებულმა უცნობმა პირმა ვ. ვ-ის თავი, ქონების რეალური მესაკუთრის – ე. ბ-ას სახელით გააცნო და ყალბი პირადობის მოწმობა წარუდგინა. რ. ზ. ჰ-ი აქტიურად ცდილობდა დაერწმუნებინა ვ. ვ-ი, რომ ქონების ნამდვილ მესაკუთრეს წარმოადგენდა ე. ბ-ი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შეწყდა უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, ვინაიდან ვ. ვ-მა შეხვედრაზე დამსწრე პირების ქმედებები საეჭვოდ მიიჩნია და შეხვედრა დატოვა.

რ. შ-ს ბ-ს სურდა ბ-ში, კ-ის ქ.#...ში მდებარე უძრავი ქონების შეძენა, რა მიზნითაც ტ. ო-ის დაუკავშირდა და ბ-ის .. რაიონში, ფ-ის ქ. №..-ში მდებარე ოფისში მივიდა.

2001 წლის 20 ნოემბერს, რ. შ-მა ბინის შესაძენად დეპოზიტის სახით 150 000 უნგრული ფორინტი შეიტანა, ხოლო 2001 წლის 27 ნოემბერს, დამატებით – 2 250 000 ფორინტი; ჯამურად – 2 400 000 ფორინტი. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება შეადგინა რ. ჰ-იმ. ე. შ-ის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხით ბინის შეძენის ნაცვლად, რ. ჰ-იმ და ტ. ო-იმ საკუთარი ქირის ხარჯები დაფარეს 600 000 ფორინტის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა – 1 800 000 ფორინტის ოდენობით გამოიყენეს პირადი მიზნებისათვის.

2001 წლის 6 დეკემბერს რ. ზ. ჰ-ისა და ტ. ო-ისა რეკომენდაციით, ფ. კ-მა, ბინის შესყიდვის მიზნით, ხსენებული პირების დეპოზიტზე განათავსა თანხა 1 400 000 ფორინტის ოდენობით. მოგვიანებით, 2002 წლის 6 თებერვალს, დაზარალებულმა დეპოზიტზე დამატებით 200 000 ფორინტიც განათავსა. რ. ზ ჰ-ის და ტ. ო-ის ფ. კ-ის აღნიშნული თანხა უნდა დაებრუნებინათ 2002 წლის 31 მარტისთვის, მაგრამ დაზარალებულისთვის სასურველი ბინის მოძიების ნაცვლად, მის მიერ დეპონირებული თანხა უკანონოდ მიითვისეს.

ა. გ-ის სურდა თანასაკუთრებაში არსებული, ბ-ის .. რაიონში, კ-ს ქ. №..-ში მდებარე უძრავი ქონების გაყიდვა, რა მიზნითაც 2001 წლის 1 სექტემბერს დაუკავშირდა რ. ჰ-ის. პარალელურად, რ. ჰ-ის ცნობილი გახდა, რომ მ. კ-ს ბინის შეძენა სურდა და მას ა. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული ბინის ყიდვა შესთავაზა. 2001 წლის 14 აგვისტოს მ. კ-მა დეპოზიტზე 350 000 ფორინტი, 2001 წლის 30 აგვისტოს – 1 000 000 ფორინტი შეიტანა, ხოლო 2001 წლის 12 ოქტომბერს – რ. ჰ-ის, დამატებით, 2 150 000 ფორინტი გადასცა და პირობითი გარიგება გაუფორმა. აღნიშნულის შემდეგ, მ. კ-მა რ. ჰ-ის და ტ. ო-ის თანდასწრებით, ბ-ის .. რაიონში, კ-ას ქ. №..-ში მდებარე უძრავი ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რ. ჰ-იმ ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების რეესტრში წარადგინა, თუმცა მან, ქონების შეძენის სანაცვლოდ, დეპონირებული თანხა – 3 500 000 ფორინტი – ქონების შემძენს არ გადასცა. ხსენებული თანხა მიითვისეს და საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენეს რ. ზ ჰ-იმ და ტ. ო-იმ.

შპს ,,...“-ის მმართველ დირექტორს – ი. კ-ს – სურდა სასტუმრო ტ-ის შეძენა 120 000 000 ფორინტად, რა მიზნითაც განიზრახა სესხის აღება და 2001 წლის 7 ნოემბერს, ნაცნობის რჩევით, დასახმარებლად რ. ზ ჰ-ის დაუკავშირდა. აღნიშნულის შემდეგ, ი. კ-მა რ. ჰ-ან გააფორმა პირობითი გარიგება და დეპოზიტის სახით 3 000 000 ფორინტი გადასცა. 2001 წლის 4 დეკემბერს ბანკის მხრიდან სესხის განაცხადის შეფასების მიზნით გამყიდველებსა და მყიდველებს შორის ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას. 2002 წლის იანვარში, ვინაიდან, ბანკმა სესხის განაცხადი არ შეაფასა, ი. კ-მა მოითხოვა დეპონირებული თანხის უკან დაბრუნება. სანაცვლოდ, რ. ჰ-იმ მას დეპოზიტზე 1 000 000 ფორინტის ოდენობით თანხა დაამატებინა და დაჰპირდა, რომ თუ სესხის განაცხადების შეფასება მოკლე ვადებში არ მოხდებოდა, ის გადაიხდიდა ხსენებულ თანხას. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რ. ზ. ჰ-იმ არ გადაიხადა დეპონირებული ოდენობის თანხა და ი. კ-ის მოთხოვნის მიუხედავად, ხსენებული თანხა უკანონოდ მიითვისა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

რ. ზ. ჰ-იმ მისი ნათესავების – ი. ტ-ის, კ. ტ-ისა და ჰ. ტ-ის – მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოამზადა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც შეეხებოდა დ-ში, ჰ. ი-ს ქ. №... III.7-ში მდებარე ქონების შეძენას, რის საფუძველზეც მან ქონება მ. ტ-ის მიჰყიდა 14 400 000 ფორინტად, იმ პირობით, რომ გამყიდველს 3 თვის განმავლობაში შეეძლებოდა ქონების გამოსყიდვა. აღნიშნული თანხა რ. ჰ-იმ 2 ნაწილად მიიღო – 2001 წლის დეკემბერსა და 2002 წლის 24 დეკემბერს (მას შემდეგ, რაც ნასყიდობის ხელშეკრულება წარედგინა უძრავი ქონების რეესტრს). ხელშეკრულების მომზადებისას, რ. ზ. ჰ-ის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულება მან არასწორად შეადგინა, ვინაიდან ხელშეკრულებაზე ხელი მხარეების ნაცვლად, მისი, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნა მოწერილი (რის გამოც უძრავი ქონების რეესტრი მას არ დაარეგისტრირებდა). მიუხედავად აღნიშნულისა, რ. ჰ-ი დაზარალებული მხარის მოტყუებით უკანონოდ დაეუფლა ნასყიდობის თანხას. ამასთანავე, ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრმა არ დაარეგისტრირა.

2001 წლის აგვისტოში, რ. ზ. ჰ-იმ შეადგინა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მ. გ-მ (რომელიც გარდაიცვალა 2001 წლის 17 აპრილს), ლ. ვ-ას საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება (მდებარე: ბ-ში, კ-ოს ქ. ...-ში). 2002 წლის 31 იანვარს, მ. გ-ას კანონიერმა მემკვიდრეებმა მოითხოვეს ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება. რის შემდეგაც, ლ. ვ-ამ განიზრახა აღნიშნული ქონების გასხვისება კ. კ-ზე. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ადვოკატ გ. ე-ის ოფისში. აღნიშნული ადვოკატი დაუკავშირდა რ. ზ. ჰ-ის, რათა დარწმუნებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულების სისწორეში. რ. ზ. ჰ-იმ დაარწმუნა ადვოკატი ხელშეკრულების ნამდვილობაში. თუმცა, განზრახვა ბოლომდე აღასრულა, რადგან რეესტრმა კ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლება ვერ დაარეგისტრირა. დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამურად შეადგენდა 15 330 000 უნგრულ ფორინტს.

4. 2025 წლის 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა – მეგი გურჩიანმა და მოითხოვა რ. (რ) ზ. ჰ-ის უ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

დასაშვებად იქნა ცნობილი რ/რ ზ. ჰ-ის უ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, უნგრეთის რესპუბლიკის პესტის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის №18.B.12.066/2013/225 განაჩენის აღსრულების მიზნით, ბუდაპეშტის საქალაქო მეორე ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის №21.Bf.8805/2015/21 განაჩენით განხორციელებული ცვლილებების მხედველობაში მიღებით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ/რ ზ. ჰ-ის – ადვოკატი – მ. ბ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, რ/რ ზ. ჰ-ის არ ჰყავდა თარჯიმანი და იგი ვერ გაეცნო საექსტრადიციო დოკუმენტაციას, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებებს. რ/რ ზ. ჰ-ის განმარტებით, მისი ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესს იცავდნენ, არათუ უნგრულს, არამედ ინგლისურ ენასაც კი ვერ ფლობდნენ საკმარისად. იმის გამო, რომ მისთვის არ შეუთავაზებიათ საკუთარი, არჩეული ადვოკატი მოეწვია, მას იცავდა სახაზინო ადვოკატი, რომელმაც მისი ინტერესები სრულყოფილად ვერ დაიცვა. რ/რ ზ. ჰ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ადვოკატი აგრეთვე აპელირებს საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ იგი სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა. რ/რ ზ. ჰ-ი ცხოვრობს საქართველოში და იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაშია საქართველოს მოქალაქესთან. არის პედაგოგი და აქვს სტაბილური შემოსავალი.

7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა რ. ზ. ჰ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 4 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის თანახმად, რ. ზ. ჰ-ის 2017 წლის 26 ოქტომბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაკავების მომენტში რ. ზ. ჰ-ის განემარტა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებები, მათ შორის, უფლება მისთვის გასაგებ ენაზე თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის შესახებ. რ. ზ. ჰ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი ფლობდა ინგლისურ ენას, დაკავების მომენტში რ. ზ. ჰ-ი უზრუნველყოფილ იქნა ინგლისური ენის მცოდნე თარჯიმნის მომსახურებით. რ. ზ. ჰ-ის უფლებების განმარტებისა და მის მიერ ინგლისური ენის ფლობის ფაქტი დადასტურდა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე რ. ზ . ჰ-ის შესაბამისი ხელმოწერით. 2018 წლის 23 იანვარს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, რ. ზ. ჰ-ის გადაეცა უ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებული უნგრულენოვანი საექსტრადიციო მასალა, მის შესატყვის ინგლისურენოვან თარგმანთან ერთად. ამავე შეხვედრის ფარგლებში, რ. ზ. ჰ-ის მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის მიერ, ინგლისური ენის მცოდნე თარჯიმნის მონაწილეობით, ჩაუტარდა გასაუბრება მისი ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. აღნიშნულ ოქმზე რ. ზ. ჰ-ის მიერ მიეთითა, რომ მას ხსენებული ოქმი თარჯიმნის მიერ ეთარგმნა მისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე, რაც დადასტურდა ოქმზე რ. ზ. ჰ-ის შესაბამისი ხელმოწერით. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში რ. ზ. ჰ-იმ პირველად აღნიშნა, რომ იგი ისურვებდა უნგრული ენის მცოდნე თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობას, რის შემდგომ პერიოდშიც, 2018 წლის 24 იანვარს, რ. ზ. ჰ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელებისა და 2018 წლის 24 აპრილს საექსტრადიციო პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომებზე, რ. ზ. ჰ-ი უზრუნველყოფილი იყო უნგრული ენის მცოდნე თარჯიმნის მომსახურებით. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ რ. ზ. ჰ-ის მიერ ინგლისური ენის სათანადო ცოდნა დადასტურდა, როგორც სასამართლო სხდომებზე, ისე – საექსტრადიციო პროცედურების მსვლელობისას, დაცვის მხარის სურვილის გათვალისწინებით, 2025 წლის 4 აპრილს, ექსტრადიციის დასაშვებობის განმხილველ სასამართლო სხდომაზე, მონაწილეობდა, როგორც ინგლისური, ასევე – უნგრული ენის თარჯიმანი.

7.2. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას, რ. ზ. ჰ-ი სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით. ამასთან, მას არცერთ ეტაპზე განუცხადებია აცილება ადვოკატების მიმართ. შესაბამისად, არ არსებობს საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ რ. ზ. ჰ-ი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ესარგებლა ეფექტური დაცვის უფლებით.

7.3. რ. ზ. ჰ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2015 წელს, რაც კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წელს, ხოლო 2017 წელს რ. ზ. ჰ-ის მიმართ გამოცემულია დაკავების ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და შეჩერებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. უ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ზ. ჰ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2017 წლის 26 ოქტომბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე – საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა, რ. ზ. ჰ-ის უ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:

1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება, განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც ისჯება როგორც საქართველოს, ისე – შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.

5.2. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრებული – ,,in abstracto“ ორმაგი დასჯადობის პრინციპი, გულისხმობს იმას, რომ ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

რ. ზ. ჰ-ის მიერ ზემოაღწერილი ქმედებების (რომლებიც ისჯება უნგრეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილებს სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში:

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის 19-ე, 22-ე და 23-ე პარაგრაფებში აღწერილი ქმედებები დასჯადი იქნებოდა სულ მცირე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის 24-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედებები დასჯადი იქნებოდა სულ მცირე, სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება ან გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის 20-ე, 21-ე და 30-ე პარაგრაფებში აღწერილი ქმედებები დასჯადი იქნებოდა სულ მცირე, სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის 29-ე პარაგრაფში აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა სულ მცირე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის 25-ე, 26-ე, 27-ე და 28-ე პარაგრაფებში აღწერილი ქმედებები დასჯადი იქნებოდა სულ მცირე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ზ. ჰ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – უ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება (27/02/2025, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხი), რომ რ. ზ. ჰ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

6.3. რ. ზ. ჰ-ი უ-ის რესპუბლიკის მოქალაქეა.

7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:

7.1. რ. ზ. ჰ-ის უ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკი:

უ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ რ. ზ. ჰ-ის საქმეში არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა ვარაუდს, რომ უ-ის რესპუბლიკაში მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი გამოტანილია რ. ზ. ჰ-ისა და მისი ადვოკატის მონაწილეობით. ამასთან, რ.ზ ჰ-იმ ისარგებლა განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით, სადაც იგი ადვოკატთან ერთად ესწრებოდა საქმის განხილვას.

7.2. საქართველოში თარჯიმნით მომსახურების უფლება:

საკასაციო საჩივრის თანახმად, რ/რ ზ. ჰ-ის არ ჰყავდა თარჯიმანი და იგი ვერ გაეცნო საექსტრადიციო დოკუმენტაციას, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ადვოკატის მოცემულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლომ დეტალურად გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი ყველა მასალა, მათ შორის, შეაფასა პროკურატურის მიერ წარმოდგენილ პოზიციაში ასახული არგუმენტები და აღნიშნავს, რომ:

როგორც 2017 წლის 26 ოქტომბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება (ტ.II, ს.ფ 191-197), რ. ზ. ჰ-ი ფლობს ინგლისურ ენას. იგი ხელს აწერს მოცემულ დოკუმენტს (ინგლისური ენის თარჯიმანთან ერთად). ოქმში აღნიშნულია, რომ დაკავებულს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ეთარგმნა მისთვის გასაგებ, ინგლისურ ენაზე.

2018 წლის 23 იანვარს, პროკურორი დემეტრე ჯინჯოლია, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში ექტრადიციის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეხვდა რ. ზ. ჰ-ის. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ინგლისური ენის თარჯიმანი. რ. ზ. ჰ-ის პასუხები მოცემულ ოქმში ასახულია და ამასთან მითითებულია, რომ ოქმი მას მისთვის გასაგებ, ინგლისურ ენაზე ეთარგმნა (ტ.III, ს.ფ 256-259).

საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელშიც რ. ზ. ჰ-ი აღნიშნავს, რომ მას გადაეცა უფლებების ნუსხა ინგლისურ ენაზე და საექსტრადიციო მასალა უნგრულ-ინგლისურ ენაზე; ამასთან, რ. ზ. ჰ-ი ამავე დოკუმენტზე აღნიშნავს, რომ მისი უფლებების თარგმანი გაუგზავნონ უნგრულ ენაზე საექსტრადიციო პროცედურის უკეთ გასაგებად (ტ.III, ს.ფ 253-255). N8 პენიტენციური დაწესებულების ხელწერილის თანახმად, მოცემული უფლებების ჩამონათვალი უნგრულ ენაზე მან ჩაიბარა 2018 წლის 2 აპრილს (ტ.III, ს.ფ 340).

2018 წლის 24 აპრილს, რ. ზ. ჰ-იმ აგრეთვე ჩაიბარა უნგრული და ინგლისურენოვანი დოკუმენტები, რაც აგრეთვე დადასტურებულია შესაბამისი ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილით (ტ.IV, ს.ფ 366).

2018 წლის 26 აპრილს პროკურორი დემეტრე ჯინჯოლია მიმართავს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორს, ლაშა მჭედლიშვილს, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატის ინფორმირების მიზნით, აცნობებს, რომ რ. ზ. ჰ-ის დაკავებისას მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იგი უზრუნველყოფილი იყო ინგლისური ენის თარჯიმანით. მას შემდეგ რაც რ. ზ. ჰ-იმ პირველად დააფიქსირა უნგრული ენის თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის სურვილი, 2018 წლის 24 იანვარს რ. ზ. ჰ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელებისა და 2018 წლის 24 აპრილს, საექსტრადიციო პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე გამართულ სასამართლო სხდომებზე რ. ზ. ჰ-ი უზრუნველყოფილი იყო უნგრული ენის მცოდნე თარჯიმნის მომსახურებით (ტ.IV, ს.ფ 369-370).

მოცემული საკითხის სრულყოფილად შეფასების ფარგლებში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს 2025 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომას, რომელშიც განიხილებოდა რ. ზ. ჰ-ის უ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობა. როგორც საქმეში წარმოდგენილი თარჯიმნის ხელწერილებით, ისე – პროკურატურის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ,,დელტა დეველოპმენტ გურპის“ დირექტორის წერილით ირკვევა, მოცემულ სხდომაზე, რ. ზ. ჰ-ის ექსტრადიციის დასაშვებობის პროცესზე, წარმოდგენილი იყვნენ უნგრული ენის მცოდნე თარჯიმანი – მ. ტ-ძე და ინგლისური ენის მცოდნე თარჯიმანი – ე. კ-ანი. თავად 2025 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმით, ნათლად იკვეთება, რომ სხდომაზე წარმოდგენილია ორივე თარჯიმანი, რომელთაც კანონით დადგენილი წესით განემარტათ მათი უფლებები და მოვალეობები; მოსამართლე სთავაზობს ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, თავად გადაწყვიტოს თუ რომელი სინქრონული თარჯიმნის მომსახურებით სურს სარგებლობა. მეტიც, მოსამართლე რ. ზ. ჰ-ის აგრეთვე სთავაზობს, რომ მას შეუძლია ისარგებლოს ორივე თარჯიმნის მომსახურებით (რათა მისთვის რაიმე გაუგებარი არ დარჩეს). რ. ზ. ჰ-ი შეკითხვებს პასუხობს ინგლისურ ენაზე (12:22-12:26 საათი). ისევე, როგორც შემდგომში, მოცემულ სასამართლო სხდომაზე რ. ზ. ჰ-ი აგრეთვე საუბრობს ინგლისურ ენაზე.

ამდენად, როგორც დგინდება, რ. ზ. ჰ-ს არცერთი თხოვნა კონკრეტული დოკუმენტის, მათ შორის, უნგრულ ენაზე გადათარგმნის თაობაზე, უპასუხოდ დატოვებული არ ყოფილა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, მისივე ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტების შინაარსითა და სასამართლოს სხდომის ოქმით, აგრეთვე იკვეთება, რომ მისთვის გასაგებია ინგლისური ენა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა ისარგებლა თარჯიმნის მომსახურებით კანონით დადგენილი წესით და ამასთან, იგი არცერთ სტადიაზე შეზღუდული არ ყოფილა ინგლისურისა და უნგრული ენის თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის შერჩევაში.

7.3. საქართველოში ადვოკატის არჩევისა და ყოლის უფლება:

საკასაციო საჩივარში ადვოკატი აგრეთვე აღნიშნავს, რომ როგორც რ/რ ზ. ჰ-ი განმარტავს, მისი ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესს იცავდნენ, არათუ უნგრულს, არამედ ინგლისურ ენასაც კი ვერ ფლობდნენ საკმარისად. იმის გამო, რომ მისთვის არ შეუთავაზებიათ საკუთარი არჩეული ადვოკატი მოეწვია, მის ინტერესებს იცავდა სახაზინო ადვოკატი, რომელმაც მისი ინტერესები ვერ დაიცვა სრულყოფილად.

საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აღნიშნული პრეტენზიაც დეტალურად შეისწავლა და აღნიშნავს, რომ:

რ/რ ზ. ჰ-ის 2017 წლის 26 ოქტომბრის დაკავების ოქმის თანახმად, მას განემარტა ადვოკატის ყოლის უფლება. ამავე დღეს შედგენილი წერილის თანახმად, პროკურორი მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის სახაზინო წესით ადვოკატის გამოყოფის თაობაზე, ვინაიდან, რ. ზ. ჰ-მ არ იცის საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის ენა (ტ.II, ს.ფ. 215).

2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შესახებ (მას ესწრებოდა როგორც ადვოკატი, ისე თარჯიმანი), რ. ზ. ჰ-ის ადვოკატის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, როგორც საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი პროკურატურის პოზიციიდან დგინდება, საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას, არცერთ ეტაპზე ადვოკატის მიმართ აცილება რ. ზ. ჰ-ის არ განუცხადებია.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად საკასაციო საჩივრის ავტორის, მ. ბ-ის მიერ პირველად გაცემული ორდერი, საქმის მასალებით თარიღდება 2018 წლის 5 იანვრით (ორდერის მოქმედების ვადაა 1 წელი, ტ.II, ს.ფ. 245). მოცემულ ადვოკატს, ამავე თვეში, კერძოდ, 17 იანვარს გადაეცა რ. ზ. ჰ-ის საექსტრადიციო წარმოების ასლები, რასაც თავადვე ადასტურებს ხელმოწერით (ტ.III, ს.ფ. 246). მოცემული ადვოკატი აგრეთვე ესწრება სხვადასხვა სამართლებრივ პროცედურას, მათ შორის, საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელების სხდომას, 2018 წლის 24 იანვარს და რ. ზ. ჰ-ის მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების, გირაოს საფუძველზე სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლების სხდომას, 2018 წლის 24 აპრილს (ორივე სხდომა უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით). საქმეში წარმოდგენილია მ. ბ-ს მეორე ორდერიც, რომლის საფუძველზეც, ამავე ადვოკატმა მონაწილეობა მიიღო ზემოხსენებულ, 2025 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა რ. ზ. ჰ-ის უ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობა და აგრეთვე, როგორც აღინიშნა, ამ მდგომარეობით, იგი წარმოადგენს საკასაციო საჩივრის ავტორსაც.

ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ იკვეთება ფაქტი, რომ რ. ზ. ჰ-იმ ჯეროვნად ვერ ისარგებლა ადვოკატის ყოლის უფლებით. ზემოაღწერილ გარემოებებთან ერთად, აღნიშნულზე დამატებით მიუთითებს დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ფაქტებიც. საქმის მასალებით არ იკვეთება ის გარემოება, რომ იგი სამართლებრივი პროცედურების რომელიმე ეტაპზე შეიზღუდა საკუთარი დამცველის თავად შერჩევაში, ან რომ მის მიერ გაცხადებული მოთხოვნები, ენობრივი ბარიერის გამო, გაუგებარი იყო რომელიმე ადვოკატისათვის, რის გამოც საკუთარი ინტერესები ადეკვატურად ვერ დაიცვა.

8. ხანდაზმულობის ვადა:

8.1. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც რ. ზ. ჰ-ი მსჯავრდებულია უ-ის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

8.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ,“ „გ,“ ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა: 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

8.3. რ. ზ. ჰ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2015 წელს, რაც კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წელს, ხოლო 2017 წელს რ. ზ. ჰ-ის მიმართ გამოცემულია დაკავების ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის და შეჩერებულია.

8.4. ამასთან, უ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა, უ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით, გადის 2027 წლის 3 ოქტომბერს.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

9.1. სტატუსი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (26/02/2025), რ. ზ. ჰ-ის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მათთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმინატურული სტატუსით საქართველოში.

9.2. ამნისტია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

9.3. შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

10. პრინციპი – ,,Non bis in idem“:

10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

10.2. რ. ზ. ჰ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.

11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.

11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში, ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).

11.5. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ რ. ზ. ჰ-ის უ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება, ან რომ მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. ადვოკატი მოცემულ პოზიციას აყალიბებს მხოლოდ ზოგადი სახის ფორმულირებით და მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე, უტყუარი სახის მასალა, ან საფუძვლიანი არგუმენტი საკასაციო სასამართლოსათვის არ განუცხადებია.

12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

12.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს;

12.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29).

12.3. აღსანიშნავია რომ რ. (რ) ზ. ჰ-ის ექსტრადიცია მოითხოვება, მათ შორის, მძიმე კატეგორიის დანაშაულებისათვის და მოცემულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს მოქალაქესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ჩათვლით), ვერ ქმნის ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 4 აპრილის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. (რ) ზ. ჰ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე