გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 08.12.2011
საქმის ნომერი
ას-1666-1654-2011
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1666-1654-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კ. ო-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-ი, ს. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ო-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. დ-ისა და ს. მ-ის მიმართ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კ. ო-ე არ წარმოადგენს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოსარგებლე პირს და მხარეებს შორის ურთიერთობა ამ კანონით არ უნდა დარეგულირდეს.

საქალაქო სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენელ მ. ა-ის განცხადება სხდომის გადადების თობაზე არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლზე, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მ.ა-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი განცხადების დებულებაზე, რომლის თანახმადაც მ. ა-ს სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ მარწმუნებელმა აცნობა 25 ოქტომბერს, ხოლო გარდაბნის რაიონული სასამართლოს სხდომის თაობაზე მან შეიტყო 27 ოქტომბერს, როცა უკვე ცნობილი იყო დღევანდელი სხდომის თარიღი, განცხადების ავტორი ვერ ასაბუთებს, რატომ მიანიჭა უპირატესობა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებას და რატომ არ მოითხოვა ადმინისტრაციული საქმის გადადება იმ ვითარებაში, როდესაც უკვე ხელთ ჰქონდა მოწვევა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ამასთან, ამავე განჩინებით დასაბუთებულად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, კ. ო-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე, 372-ე მუხლებზე, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტზე და აღნიშნა შემდეგი: იმ ვითარებაში, როდესაც არ დაკმაყოფილდა სხდომის გადადების შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანია. პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ განხილვის თაობაზე მხარეს ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით. თავად აპელანტი დანიშნულ დროს სასამართლოში არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ო-ის წარმომადგენელმა მ. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების შესახებ განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტმა, რომელსაც შეტყობინება ტელეფონის მეშვეობით ჩაბარდა, წარმომადგენელს აცნობა 2011 წლის 25 ოქტომბერს. შეტყობინებამდე ერთი კვირით ადრე მ.ა-ისათვის ცნობილი იყო გარდაბნის რაიონული სასამართლოს სხდომის შესახებ და სასამართლო უწყება მას ჩაბარდა 27 ოქტომბერს. განცხადებაში დასაბუთებული იყო გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე შპს «ჰ. 96-ის» პროცესზე გამოცხადების აუცილებლობა. სასამართლოს რომელიმე ინსტანციისადმი უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო პალატას მ.ა-მა დაუყოვნებლივ აცნობა გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე. აღნიშნულით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა კი არ შეიძლება გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიზეზი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მხარის უფლება, თვითონაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, არის მხოლოდ უფლება და არა ვალდებულება, მით უფრო, როდესაც საქმეში არ არის მტკიცებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება აპელანტის (წარმომადგენლის) არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე განსხვავდება ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პოზიციისაგან. სასამართლომ საქმე არ განიხილა ობიექტურად, რითაც მხარეს უარი უთხრა მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩვრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ კ. ო-ის წარმომადგენელ მ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კ. ო-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2011 წლის 1 ნოემბერს, 15:00 საათზე.

სასამართლო სხდოიმის თაობაზე აპელანტს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით ამავე წლის 13 ოქტომბერს თანახმად საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტისა.

სასამართლო კანცელარიის სარეგისტრაციო შტამპის მონაცემების თანახმად, აპელანტის წარმომადგენელმა მ. ა-მა სააპელაციო სასამართლოს წერილობით მიმართა 2011 წლის 28 ოქტომბერს, წარადგინა გარდაბნის რაიონული სასამართლოს უწყება შპს «ჰ. 96-ის» ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით 2011 წლის 1 ნოემბერს, 15:30 საათზე, ჩანიშნული სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის შესახებ. აღნიშნულით განმცხადებელმა დაასაბუთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა და იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც გამოიხატა შემდეგში:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტი, თუმცა მითითებული ნორმებით პროცესუალური ურთიერთობების რეგულირებისათვის სავალდებულოა, გამოირიცხოს ხომ არ არსებობდა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა მხარის გამოუცხადებლობას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მისი სარჩელისა თუ სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე სასამართლო აქტის მიღებას საფუძვლად უდევს სასამართლოს ვარაუდი, რომ მხარეს, რომელიც საპატიო მიზეზის გარეშე არ ცხადდება სასამართლო სხდომაზე და არ ასრულებს მის ამა თუ იმ ვალდებულებას, დავის მიმართ ინტერესი არ გააჩნია, რაც ცალსახად ჯდება დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში. ასეთ დროს მოიაზრება, რომ მხარემ მისი ქმედებით გამოხატა ნება ამ ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მიმართებით, საკმარისია მიეთითოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლზე, რომელიც მოცემულ ურთიერთობაში განმარტებულ უნდა იქნას ფართოდ და გავრცელდეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზეც.

რაც შეეხება საპატიო მიზეზის არსებობას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხილს მე-3 ნაწილზე, რომლითაც დადაგენილია, რომ ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

იმ ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, რომ მხარემ სასამართლო სხდომამდე აცნობა პალატას გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება _ მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა სასამართლოს ქვემდგომი ინსტანციისათვის უპირატესობის მინიჭების შესახებ. უწყების წარდგენით მხარემ მისი ვალდებულება გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირების თაობაზე სათანადოდ განახორციელა, რაც არ უნდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მხარის კანონით დადგენილი წესით ინფორმირება მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას არ წარმოადგენდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული დანაწესი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო პალატა მოცემული ფაქტობრივი ვითარებისა და ზემოაღნიშნიული ნორმის ანალიზის საფუძველზე მიზანშეწონილად თვლის, განმარტოს შემდეგი:

მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას არაკეთილსინდისიერად არ ახორციელებს წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე. შესაბამისად, მოცემული შემთხვევიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობდა კ. ო-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.