საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1317აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100124009047443

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1317აპ-24 ქ. თბილისი

ღ. გ. 1317აპ-24 19 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ღ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ღ–ეს, – პირადი ნომერი ..........., – ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. ღ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 27 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ. ბ–ში „ბ–ს ........ პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „გ–ს ა–ს“ სიახლოვეს, გ. ღ–ე სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, თავს დაესხა ი–ს რესპუბლიკის მოქალაქეს ს. ლ–ს (A–A L–S, პასპორტის N.......). კერძოდ, ელექტრო შოკის გამოყენებით და მუშტად შეკრული ხელების სახის და სხეულის არეში დარტყმებით, ჯანმრთელობის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, გათიშა და შემდგომ დაეუფლა მის კუთვნილ 2 ცალ ოქროს საყურეს. ზემოაღნიშნული ქმედებით ს. ლ–ს მიადგა როგორც ფიზიკური, ისე 450 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განაჩენით:

2.1. გ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. გ. ღ–ეს სასჯელი აეთვალა 2023 წლის 28 დეკემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

3.1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ბეგაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება და გ. ღ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.2. მსჯავრდებულმა გ. ღ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. მ–მა მოითხოვეს ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და გ. ღ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული გ. ღ–ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. მ–ი ითხოვენ ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში, გ. ღ–ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიგა გურაშვილის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია დაუშვებლად იქნეს ცნობილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს გ. ღ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ღ–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი დაცვის მხარის ყველა არგუმენტზე.

9. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, გ. ღ–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ოქროს საყურეების მისი დის – ლ. ღ–ისადმი – კუთვნილების შესახებ. გ. ღ–ე როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყო ადვოკატით, თუმცა დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტიცებულება რაც დაადასტურებდა კასატორი დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ. ღ–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული საყურეები ეკუთვნოდა მის დას – ლ. ღ–ეს. ამასთან, ლ. ღ–ემ, რომელიც გამოკითხული იყო ბრალდების მხარის მიერ და ბრალდების მხარეს მითითებული ჰყავდა დასაკითხ პირთა სიაში (აღნიშნული მოწმე არ ჰყავდა მითითებული დასაკითხ პირთა სიაში დაცვის მხარეს), სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.

9.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ღ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

11. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით) შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გ. ღ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე გაავრცელოს ამნისტია.

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ღ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. მ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი