საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123008028610
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №204აპ-25 ქ. თბილისი
ჭ–ი გ., 204აპ-25 27 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების − ლ. დ–ის, ზ. რ–ისა და ო. ს–ის, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჭ–ს ბრალად ედება: განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. ჭ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 04:50 საათზე, ქ. თ–ში, მეტროსადგურ ....–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდგომ, გ. ჭ–მა განზრახ მოკვლის მიზნით, დ. ზ–ს თანნაქონი გატეხილი მინის ბოთლით ყელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის საშიში შემავალი ჭრილობა, რითიც დაუზიანა სასულე ვენა. გ. ჭ–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვა ვერ აღასრულა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დ. ზ–ი ........ს ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ექიმების კვალიფიციური დახმარების შედეგად, სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ü 2023 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 04:50 საათზე, ქ. თ–ში, მეტროსადგურ ....–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, გ. ჭ–მა თანნაქონი გატეხილი მინის ბოთლით ერთი ჭრილობა მიაყენა ს. დ–ს. კერძოდ, გატეხილი მინის ბოთლის მარჯვენა მხრის შუა მესამედში, მედალურ ზედაპირზე დარტყმით ს. დ–ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განაჩენით გ. ჭ–ის, – დაბადებული .... წელს, – ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჭ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გაუქმდა გ. ჭ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
გ. ჭ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 22 ივლისიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ჭ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალდების კვალიფიკაციით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით: თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. დ–ის, ზ. რ–ისა და ო. ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ გ. ჭ–ის მიმართ, შევიდა ცვლილება:
გ. ჭ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
გ. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ჭ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 22 ივლისიდან;
ცნობად იქნა მიღებული, რომ გ. ჭ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − ლ. დ–მა, ზ. რ–მა და ო. ს–მა, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გ. ჭ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან იგი გახდა მსჯავრდებულსა და მის მეგობრებთან დაპირისპირებული ჯგუფის აგრესიისა და თავდასხმის მსხვერპლი; გ. ჭ–ი იძულებული იყო მათგან თავი და საკუთარი მეგობრები დაეცვა, რის გამოც, მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო; გ. ჭ–თან და მის მეგობრებთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრები, რომლებიც იყვნენ ძლიერ მთვრალები და უკიდურესად აგრესიულები, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ როგორც თვითონ გ. ჭ–ს, ისე მის მეგობრებს − გ. და ლ. კ–ს. თავდასხმის შედეგად, არაერთი დაზიანება მიიღო გ. ჭ–მა, კერძოდ, სხვადასხვა დაზიანებებთან ერთად, მას გაუტეხეს ცხვირის ძვალი, ხოლო ლ. კ–ს ჩაუმსხვრიეს ნეკნები. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, დგინდება ისიც, რომ თავდამსხმელები ექვსნი იყვნენ, თუმცა გ. ჭ–სა და ძმები კ–ების ჩვენებების შესაბამისად, დამატებით კიდევ იყო სამი პირი, მათი ვინაობა არ დადგენილა, რამდენადაც ვიდეოკამერის ჩანაწერების ხედვის არეში არ მოქცეულან. გ. ჭ–მა ბოთლი აიღო არა შურისძიების მიზნით, როგორც ამას სასამართლო განმარტავს, არამედ − საკუთარი თავისა და მეგობრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ვინაიდან მოწინააღმდეგე ჯგუფის მხრიდან ემუქრებოდათ პერმანენტული საფრთხე. ყოველივე აღნიშნული კი უდავოდ ადასტურებს, მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. ჭ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, კონფლიქტის მონაწილე დაპირისპირებულ მხარეთა ჩვენებები და თავად გ. ჭ–ის ჩვენება, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა ანალიზის შედეგად, პროკურორს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. ჭ–ი მოქმედებდა, როგორც მინიმუმ, მკვლელობის არაპირდაპირი განზრახვით. მითითებული დამატებით დგინდება დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობის სიმძიმის, ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით. საქმის მასალებით აგრეთვე დადგენილია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა შურისძიების მოტივით. ყოველივე აღნიშნული კი, მსჯავრდებულის ქმედებაში ადასტურებს მკვლელობის განზრახვის არსებობას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, როგორც დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ჭ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ისე – ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების – დაკვალიფიცირებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, გ. ჭ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
10. მოცემულ შემთხვევაში დაცვისა და ბრალდების მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია მითითებული (დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გ. ჭ–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ხოლო ბრალდების მხარის მოსაზრებით, მის ქმედებაში იკვეთება განზრახ მკვლელობის მცდელობის ნიშნები). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ და დეტალურად შეაფასეს თითოეული მტკიცებულება და დაასაბუთეს ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც, დაადგინეს, რომ გ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილი კვალიფიკაციით, არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა არგუმენტებს ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გაეცა, მათ შორის – მხარეთა მიერ სადავოდ გახდილ ყველა საკითხზე.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატებისა და პროკურორის მოთხოვნებს, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების − ლ. დ–ის, ზ. რ–ისა და ო. ს–ის, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი