საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1335აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1335აპ-24 თბილისი

დ. მ., 1335აპ-24 5 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. დ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით, 21:30 საათზე, თ-ში, გ- პირველი კორპუსის ბინა №--ში, მ. დ-ე, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას –მ. დ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ „დაახრჩობდა“, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით, 21:30 საათზე, თ-ში, გ- პირველი კორპუსის ბინა №--ში, მ. დ-ემ, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – მ. დ-ეს, კერძოდ, ყელის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით, 21:30 საათზე, თ-ში, გ- პირველი კორპუსის ბინა №--ში, მ. დ-ემ, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – მ. დ-ეს, კერძოდ, ფეხსაცმელი ჩაარტყა გულმკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდში თ-ში, გ- პირველი კორპუსის ბინა №--ში, მ. დ-ე, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით, დედას – მ. დ-ეს – სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აგვისტოს განაჩენით მ. დ-ე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 5 თებერვლისა და 25 თებერვლის ეპიზოდები) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და მ. დ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 1 მარტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: მ. დ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და უფრო მსუბუქი სასჯელები და მ. დ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 1 მარტიდან. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის მიმართ 2 თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი. მსჯავრდებულს, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, განემარტა, რომ, ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიამ გიგაური ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. დ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურს აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა მ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდში მ. დ-ის ბრალეულობა.

9. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას მ. დ-ის მხრიდან დაზარალებულ მ. დ-ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში შეფასებასთან დაკავშირებით და მიუთითებს შემდეგს:

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით ისე, რომ პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას. ამასთან, სისტემატურმა შეურაცხყოფამ უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა.

11. დაზარალებულ მ. დ-ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმიდან არ იკვეთება ტანჯვის განცდა. აღნიშნული ოქმით დადგენილია, რომ 2023 წლის 18 მარტის შემდეგ, როდესაც მისი შვილი, მ. დ-ე, ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად მასთან სახლში გადავიდა, ვინაიდან იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული, დედის მიმართ მუდმივად ამჟღავნებდა აგრესიას, კერძოდ, ყვიროდა და იგინებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თანამიმდევრულად აღწერა 2024 წლის 5 თებერვალს და 25 თებერვალს განვითარებული მოვლენები, კერძოდ მ. დ-ის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობისა (ორი ეპიზოდი) და მუქარის ფაქტები, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო კიდეც ცალ-ცალკე, მის ჩვენებაში არსად იკვეთება, თუ რაში გამოიხატებოდა 2023 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდში შვილის – მ. დ-ის – მხრიდან დედის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და, რომ ის ამ შეურაცხყოფით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

12. გარდა ამისა, საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით – სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის -- დასკვნითაც დადგენილია, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის კვლევის შედეგებით არ გამოვლინდა მ. დ-ის ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი, კერძოდ კი – დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა, მ. დ-ე სწორად გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

14. სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს, ამიტომ იმთავითვე დადასტურებულია მ. დ-ის მიერ ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა სასამართლოს არ ათავისუფლებს, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მათი შეფასების ვალდებულებისგან. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. სადავო ეპიზოდთან მიმართებით ბრალმდებელი ვერ მიუთითებს მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობაზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მ. დ-ის მიერ ოჯახის წევრის (დედის) სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, პირის დამნაშავედ ცნობა არ შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) აღიარებას, რომელიც არ არის დადასტურებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

15. ამრიგად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი. პალატა ასევე ეთანხმება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის სახეს და ზომას და მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. დ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე