გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 08.12.2011
საქმის ნომერი
ას-975-1009-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-975-1009-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ხ-ი, მ., ნ. და ლ. ხ-ები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხეთა: ე. ხ-ის, მ. ხ-ის, ნ. ხ-ისა და ლ. ხ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, მ-ის ქუჩა ¹23-25-ში არსებული მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ეზოს არ გააჩნია ცენტრალური ქუჩიდან ეზოში შესასვლელი, გარდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა.

სარჩელი თავდაპირველად აღძრული იყო ნ. დ-ასა და ე. ხ-ის მიმართ. ნ. დ-ას (ხ-ი) გარდაცვალების გამო მოპასუხე ნ. დ-ა შეიცვალა უფლებამონაცვლეებით _ მ. ხ-ით, ნ. ხ-ით და ლ. ხ-ით.

მოპასუხეებმა: ე. ხ-მა, მ. ხ-მა, ნ. ხ-მა და ლ. ხ-მა სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა საკუთარ ეზოში მისასვლელი გზა, არ ეთანხმებობდნენ მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვას და მოითხოვეს, სასამართლოს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, მ-ის ქუჩა ¹23-25-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ი. ფ-ის, ნ. ხ-ისა და ე. ხ-ის საკუთრებად (ტ. I. ს.ფ. 124). თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, მ-ის ქუჩაA¹23-25-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, კერძოდ, ნ. დ-ასა და ე. ხ-ის სარგებლობაში განაშენიანების ფართის ჩათვლით დარჩათ 195,46 კვ.მ. ეზო, ხოლო ი. ფ-ის სარგებლობაში დარჩა 369,8 კვ.მ. (ტ. I. ს.ფ. 6-7). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, მ-ის ქუჩაA¹23-25-ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 222,67 კვ.მ. რეგისტრირებულია ი. ფ-ის საკუთრებად (ტ. I. ს.ფ. 23).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ბინა შედგებოდა ორი დამოუკიდებელი სართულისაგან და პირველი სართულიდან ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელი იყო მხოლოდ ეზოს გავლით. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, 2007 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმით (ტ. I. ს.ფ. 54-56), თავად მოსარჩელის წარმომადგენელ ლალი ტიკიშვილის განმარტებით (ტ. I. ს.ფ. 204-206), უდავოდ დადასტურებულია, რომ აპელანტის კუთვნილი ბინის ორი სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა კიბით, ხოლო ი. ფ-ის ბინის მეორე სართულზე შესვლა შესაძლებელია ცენტრალური ქუჩიდან, სადაც ბინის გავლით შეიძლება ი. ფ-ის ეზოში გასვლა. შესაბამისად, დასტურდება, რომ მოსარჩელე ი. ფ-ის ეზოს გააჩნია სხვა მისასვლელი, გარდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია და იმსჯელა სადავო ფაქტობრივ გარემოებაზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ სერვიტუტისათვის, როგორც სანივთო გარიგებისათვის, აუცილებელია ნების ნამდვილობა, რაც გულისხმობს კონტრაჰენტთა ნების თავისუფალ გამოხატვას ამ გარიგების მომწესრიგებელი ნორმების ფარგლებში. სერვიტუტი, თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი გზით შეიძლება დადგინდეს, კერძოდ, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს, ხოლო სანივთო გარიგებას მხარეთა ნება, რომლის შინაარსი ძირითადად კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა უარი განაცხადეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი სახლები ერთმანეთთანაა «მიტყუპებული» და სადავო ჭიშკარი ასევე ეკუთვნის მასაც, რადგან, ეს უკანასკნელი წარმოადგენს აუცილებელ გზას, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა, რადგან, მოწინააღმდეგე მხარეთა საკუთრებაში არსებული შესასვლელით აპელანტმა შეიძლება ისარგებლოს მეზობელთა შეთანხმებისა და კეთილი ნების გამოვლენის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს აპელანტის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარეთა ნაკვეთის დატვირთვის ფაქტის არსებობას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან შეიძლება სამომავლოდ გაყიდოს მეორე სართული თავად კი გადავიდეს საცხოვრებლად პირველ სართულზე, ასეთ შემთხვევაში იგი ვერ მოხვდება თავის სახლში, რადგან გზა დაკეტილი ექნება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ვერ იმსჯელებდა იმ მოვლენებზე, რომელიც ჯერ არ დამდგარა და არ წარმოადგენს განხილვის საგანს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ი. ფ-ის ბინას შესასვლელი სააპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის აქვს ცენტრალური ქუჩიდან, ბინის გავლით კი შესაძლებელია ეზოში გასვლა. ი. ფ-ე მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვას ითხოვს არა იმის გამო, რომ მას არ გააჩნია ეზოში მისასვლელი სხვა გზა, არამედ იმიტომ, რომ მას სურს, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები და ეზოდან პირდაპირ დაუკავშირდეს ცენტრალურ ქუჩას და არა საცხოვრებელი ბინის გავლით.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლომ სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 247.1-ე, 248.1-ე, 180.1-ე მუხლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:L

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და საქმის ფაქტორბივი გარემოებები, კერძოდ, არ იმსჯელა და არ დაადგინა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის პირველი სართულიდან სავალი გზით სარგებლობის აკრძალვის გამო, შეუძლებელია საჯარო გზასთან დაკავშირება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშეEდატოვა ის ფაქტი, რომ მ-ის ქ. ¹23-25 წარმოადგენს ერთ სახლთმფლობელობას, არსებობს ერთიანი საინვენტარიზაციო გეგმა და მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, სარგებლობდნენ ეზოში შესასვლელი ერთადერთი სავალი გზით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ეზოს თავისებური განაშენიანებიდან გამომდინარე, შეუძლებელია მეორე შესასვლელის მოწყობა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 247-ე, 48-ე და 180-ე მუხლები. დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 225-ე და 226-ე მუხლების მოთხოვნები, ამასთან, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, მ-ის ქუჩა ¹23-25-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ი. ფ-ის, ნ. ხ-ისა და ე. ხ-ის საკუთრებად (ტ. I. ს.ფ. 124). თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, მ-ის ქუჩაA¹23-25-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო მისი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, კერძოდ, ნ. დ-ასა და ე. ხ-ის სარგებლობაში განაშენიანების ფართის ჩათვლით დარჩათ 195,46 კვ.მ. ეზო, ხოლო ი. ფ-ის სარგებლობაში დარჩა 369,8 კვ.მ. (ტ. I. ს.ფ. 6-7). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, მ-ის ქუჩაA¹23-25-ში მდებარე უძრავი ქონება 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 222,67 კვ.მ რეგისტრირებულია ი. ფ-ის საკუთრებად (ტ. I. ს.ფ. 23).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ი. ფერძის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ბინა შედგებოდა ორი დამოუკიდებელი სართულისაგან და პირველი სართულიდან ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელი იყო მხოლოდ ეზოს გავლით. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით, კერძოდ 2007 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმით (ტ. I. ს.ფ. 54-56), თავად მოსარჩელის წარმომადგენელ ლალი ტიკიშვილის განმარტებით (ტ. I. ს.ფ. 204-206), უდავოდ დადასტურებულია, რომ აპელანტის კუთვნილი ბინის ორი სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა კიბით, ხოლო ი. ფ-ის ბინის მეორე სართულზე შესვლა შესაძლებელია ცენტრალური ქუჩიდან, სადაც ბინის გავლით შეიძლება ი. ფ-ის ეზოში გასვლა. შესაბამისად, დასტურდება, რომ მოსარჩელე ი. ფ-ის ეზოს გააჩნია სხვა მისასვლელი გარდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია და იმსჯელა სადავო ფაქტობრივ გარემოებაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის ი. ფ-ის ბინას შესასვლელი აქვს ცენტრალური ქუჩიდან, ბინის გავლით კი შესაძლებელია ეზოში გასვლა. ი. ფ-ე მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის დატვირთვას ითხოვს არა იმის გამო, რომ მას არ გააჩნია ეზოში მისასვლელი სხვა გზა, არამედ იმიტომ, რომ მას სურს, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, კერძოდ, ეზოდან პირდაპირ დაუკავშირდეს ცენტრალურ ქუჩას და არა საცხოვრებელი ბინის გავლით.

საკასაციო პლატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, შესაბამისად, არ გაითვალისწინა ყველა ის წინაპირობები, რომლებიც აუცილებელია ამ ნორმით გათვალისწინებული დასკვნისათვის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ი. ფ-ეს ცენტრალურ ქუჩასთან დაკავშირება შეუძლია მის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი ბინის მე-2 სართულიდან, სადაც ბინის გავლით შეიძლება ი. ფ-ის ეზოში გასვლა.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნების მიხედვით ი. ფ-ე ვერც მის საკუთრებაში არსებული მიწიდან და ვერც მის საკუთრებაში არსებული ბინის პირველი სართულიდან საჯარო გზას ვერ უკავშირდება და სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, ამის აუცილებლობაც არ არსებობს, რადგან საჯარო გზას ი. ფ-ე უკავშირდება მის საკუთრებაში არსებული ბინის მე-2 სართულის მეშვეობით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე თუ რამდენად შესაძლებელია ი. ფ-ის მიერ დაკავშირება საჯარო გზებთან, მაგრამ არ გამოუკვლევია, რამდენად შესაძლებელია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან საჯარო გზასთან დაკავშირების გარეშე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა მარტო ისეთ შემთხვევებს, როდესაც საერთოდ არ არსებობს კავშირი, არამედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც არ არსებობს მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო გზებთან აუცილებელი კავშირი. ამ შემთხვევაში უნდა გამოკვლეულ იქნეს ყველა ის ფაქტობრივი გარებოება, რომელიც მიუთითებს მიწის ნაკვეთის ჯეროვან გამოყენებაზე. ის ფაქტი, რომ ი. ფ-ეს გააჩნია საჯარო გზასთან კავშირი მისი ბინის მე-2 სართულიდან, თავისთავად არ გამორიცხავს მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთიდან საჯარო გზასთან დაკავშირების აუცილებლობას. ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს აუცილებელი, უალტერნატივო კავშირი, რომლის გარეშე შეუძლებელია მიწის ნაკვეთს ჯეროვანი გამოყენება, მაგალითად, როდესაც არსებობს მიწის ნაკვეთის გამოყენების სამეურნეო საჭიროება.

კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტურ გარემოებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გამოსაკვლევია შემდეგი საკითხი: ი. ფ-ის უშუალოდ მიწის ნაკვეთიდან საჯარო გზასთან კავშირის არარსებობით ერთმევა თუ არა მას თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენების შესაძლებლობა და, აქედან გამომდინარე, მოცემულია თუ არა მოპასუხეთა საკუთრების უფლების აუცილებელი გზით დატვირთვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.