საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.06.2025
საქმის ნომერი
2კ-170აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100123007468646

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №170აპ-25 19 ივნისი, 2025 წელი

მ–ი ვ., №170აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. მ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 22 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ვ. მ–მა ოჯახის წევრს – მეუღლეს, თ. ა–ეს, ვ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ში, სახლში მისვლისას, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ ამავე დღეს თხილის ნაკვეთში მუშაობისას, თ. ა–ე მასზე ადრე დაბრუნდა შინ, მათი არასრულწლოვანი შვილის ....... წელს დაბადებული ლ. მ–ის თანდასწრებით, დაუწყო გინება და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში. აღნიშნულის შედეგად ვ. მ–მა თ. ა–ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, ვ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მამუკა ნადირაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ვ. მ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 28 ნოემბერს, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და ვ. მ–ისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. მართალია, დაზარალებულმა თ. ა–ემ და არასრულწლოვანმა ლ. მ–მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, თუმცა საქმეში მოიპოვება სხვა მტკიცებულებები, რომლებიც, მხარეთა შეთანხმებით, უდავოდ იქნა მიჩნეული და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. სწორედ აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ: აა(ი)პ იურისტთა ასოციაციის იურისტის ლ. ჭ–ის განცხადება, მისივე გამოკითხვის ოქმი, მოწმეების – ნ. ა–ისა და კ. მ–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და თანდართული ფოტოსურათები ადასტურებენ ვ. მ–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ვ. მ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ვ. მ–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა თ. ა–ემ და არასრულწლოვანმა მოწმემ, ლ. მ–მა ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ვ. მ–ის მიერ თ. ა–ის მიმართ ძალადობის ფაქტს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და არასრულწლოვანმა მოწმემ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ვ. მ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.5. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და არასრულწლოვანმა მოწმემ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ: ლ. ჭ–ის განცხადება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით და მოწმეების: ლ. ჭ–ის, ნ. ა–ისა და კ. მ–ის გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. ვინაიდან მოწმეები – ლ. ჭ–ე, ნ. ა–ე და კ. მ–ე – არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მათი გამოკითხვის ოქმების საფუძველზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები.

5.9. მტკიცებულებები, რომლებზეც აპელირებს კასატორი, მტკიცების საგანთან მიმართებით ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად არაინფორმატიულია. საკასაციო სასამართლო ვ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ასევე ვერ დაუდებს საფუძვლად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობისა და მასში ასახული მწირი ინფორმაციის გათვალისწინებით. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა ვ. მ–ის მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დადგენა.

5.10. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.

5.11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისგან გადახვევა.

5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე