საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №78აპ-25 12 ივნისი, 2025 წელი
ბ-ი ბ., №78აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ბ-ს -- ბრალად ედებოდა:
ა) ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ბ) ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
გ) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. ბ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2023 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში, მ-ის მუნიციპალიტეტის ზ-ის პ. დ-მ. ს-ის საცხოვრებელ სახლს, ბ. ბ-მა განზრახ წაუკიდა ცეცხლი, რის შედეგადაც, მთლიანად დაიწვა სახლი, მასში არსებული ნივთებით. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა, დაახლოებით, 40000 აშშ დოლარის, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.2.2. 2023 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში, მ-ის მუნიციპალიტეტის ---ში, მ. ს-ის საცხოვრებელი სახლის წინ, ბ. ბ-ი ქონების განადგურებით დაემუქრა მ. ს-სა და მის ოჯახს, კერძოდ, ამბობდა, რომ გადაუწვავდა ყველაფერს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2022 წლის მაისში, მ-ის მუნიციპალიტეტის ---ში, ბ. ბ-მა, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, იმ მოტივით, რომ, თითქოსდა გ. ს-ი სასიყვარულო მოკლეტექსტურ შეტყობინებებს სწერდა და ეფლირტავებოდა მათ მეზობელ არასრულწლოვან გოგოს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. ს-ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენით:
2.1.1. ბ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.1.2. ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლით დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების (დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება) შეზღუდვა/აკრძალვა 2 წლით.
2.1.3. ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით.
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ბ-ის ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლით დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების (დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება) შეზღუდვა/აკრძალვა 2 წლით.
2.1.5. მსჯავრდებულ ბ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 24 აგვისტოდან.
2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. სააპელაციო საჩივრით მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიკა ბარამიამ – მოითხოვა ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატმა – გ, თ-ემ – ბ. ბ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ბარამიას და მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ადვოკატის – გ. თ-ის – სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი – მარიკა ბარამია – საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სხვა ნაწილში უცვლელად დატოვებას.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 302-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის დარღვევით (ადვოკატ გ. თ-ეს პროკურორის საკასაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2025 წლის 16 იანვარს (ტ.4.; ს.ფ. 93), შესაგებელი კი წარადგინა 2025 წლის 23 იანვარს), რის გამოც, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს არ გაითვალისწინებს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ბ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში. შესაბამისად, რამდენადაც მხარეთა შორის სადავო არ არის ბ. ბ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით) ჩადენა, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს.
4.3. სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა – მ. ს-მა – განმარტა, რომ 2023 წლის 19 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად, საკუთარ ეზოში აღინიშნავდა ფერისცვალების დღესასწაულს. დაახლოებით, 19:30 საათზე, მეზობლის ბავშვებმა მის შვილს – გ. ს-ს – უთხრეს, რომ ქუჩაში ელოდებოდა ნასვამი მეზობელი – ბ. ბ-ი. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ბ. ბ-ს უთხრეს, რომ გ. ს-ი სახლში არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, გარედან ისმოდა ბ. ბ-ის ყვირილი: „ – თუ არ ხარ სახლში, მაგასაც ნახავ, როგორ გადაგწვავ!“. მუქარიდან, დაახლოებით, 15-20 წუთში, მეზობლის ბავშვებმა უთხრეს, რომ მათ სახლს ცეცხლი ეკიდა. მაშინვე გაიქცნენ სახლისაკენ და დაინახეს, რომ პირველი სართული იწვოდა. საბოლოოდ კი, მთლიანი სახლი დაიწვა. იმ მომენტში არ დაუშვია, რომ ეს განზრახი ქმედება იყო, თუმცა მოგვიანებით, მეზობლებმა უთხრეს, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი ბ. ბ-ი იყო, რადგან სახლისთვის ცეცხლის წაკიდებამდე, დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე, ხელში პლასტმასის ბოთლი ეჭირა და ბენზინს ეძებდა. მან მეზობლისგან შეიტყო, რომ აღნიშნულ დღეს, ბ. ბ-ს თ. ლ-ისათვის უთხოვია ბენზინი, თუმცა ამ უკანასკნელს უარით გაუსტუმრებია. რისთვის სჭირდებოდა ბენზინი, მისთვის არ დაუკონკრეტებია. მოგვიანებით, 2023 წლის 21 აგვისტოს, დაათვალიერა მეზობელ ი. ი-ის საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებშიც ჩანდა, რომ 2023 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში, ბ. ბ-ი აგრესიულად მიდის მისი სახლის მიმართულებით, რა დროსაც, ხელში უჭირავს ბოთლი. ეს უკანასკნელი რამდენიმე წამში ბრუნდება უკან, ცარიელი ხელებით. ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ, დარწმუნდა, რომ სახლი ბ. ბ-მა დაუწვა. დაზარალებულის განმარტებით, ხანძრის შედეგად, მიადგა 40 000 აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი.
4.4. სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა – გ. ს-მა – განმარტა, რომ 2023 წლის 19 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ბიძის – მ. ს-ის – ეზოში, რა დროსაც მასთან მისულმა მეზობლის ბავშვებმა უთხრეს, რომ ქუჩაში ელოდებოდა ნასვამი მეზობელი – ბ. ბ-ი. იმავდროულად, მ. ს-ის მეუღლემ – ნ. ჯ-მა – უთხრა, რომ ქუჩიდან ისმოდა მისი მისამართით ბ. ბ-ის ყვირილი, სიტყვებით: „ – თუ გარეთ არ გამოხვალ, გადაგწვავ!“. მუქარიდან დაახლოებით, ნახევარ საათში, მეზობლის ბავშვებმა მ. ს-ს უთხრეს, რომ მისი სახლი იწვოდა. ისინი გაიქცნენ სახლის მიმართულებით და დაინახეს, რომ პირველ სართულს ირგვლივ ცეცხლი ეკიდა. შედეგად, სახლი სრულად დაიწვა. იმ მომენტში არ უფიქრიათ, ვის შეეძლო ჩაედინა ეს დანაშაული, თუმცა, როდესაც გააანალიზა მომხდარი, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ბ. ბ-ის ჩადენილი იქნებოდა, რადგან სწორედ ის იმუქრებოდა სახლის დაწვით. სახლის წვის პროცესში მასთან მივიდა ბ. ბ-ი და უთხრა, რომ სახლი განზრახ იყო დამწვარი, თუმცა ამას მათი უბნელი არ ჩაიდენდა.
4.5. სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას დაზარალებულების მსგავსად ისაუბრეს მოწმეებმა – მ. ს-მა და ნ. ჯ-მა.
4.6. სასამართლოში დაკითხულმა თ. ლ-ემ განმარტა, რომ 2023 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში, ნასვამმა ბ. ბ-მა სთხოვა ბენზინი, რაზეც უარით უპასუხა ისე, რომ არ უკითხავს მიზეზი. შებინდებისას, ფანჯარასთან მდგომმა, დაინახა, რომ მ. ს-ის სახლს ცეცხლი ეკიდა. იგი მეზობლებთან ერთად ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა ხანძრის შედეგად სახლი მთლიანად დაიწვა. იმ მომენტში, შემთხვევის ადგილზე, სხვა მეზობლებს შორის იყო ბ. ბ-იც, რომელსაც ხელში ბორჯომის ბოთლი ეჭირა და რაღაც სითხეს სვამდა.
4.7. სასამართლოში დაკითხული ლ. ს-ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს პირადად დაინახა ნასვამი და აგრესიული ბ. ბ-ი, რომელიც იგინებოდა გ. ს-ის მისამართით; თან ამბობდა, რომ მას პასუხს მოსთხოვდა და „ამ ყველაფერს, ასე არ დაასრულებდა“. ნათქვამში რას გულისხმობდა არ იცის, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიტყო გ. ს-ის სახლის დაწვის შესახებ, გაიფიქრა, რომ დამნაშავე შეიძლება ბ. ბ-ი ყოფილიყო.
4.8. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებულის მეზობლები – გ. ჩ., ზ. ს., რ. კ., გ. კ., ი. ი. და ნ. ნ., რომლებმაც დაადასტურეს მ. ს-ის სახლის დაწვის ფაქტი, თუმცა ხანძრის გაჩენას პირადად არ შესწრებიან.
4.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მ-ის მუნიციპალიტეტის ზ-ის პ. დ-მდებარე და ხანძრის შედეგად დამწვარი, მ. ს-ის სახლი, რომლიდანაც კანონით დადგენილი წესით აიღეს ელექტროსადენების და ნამწვის ნიმუშები.
4.10. სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის -- დასკვნის თანახმად, მ-ის მუნიციპალიტეტის --ში მდებარე მ. ს-ის საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს ღია ცეცხლის (ანთებული ასანთის ან სანთებელას ალის) წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან (ბენზინი, ნავთი, დიზელი და ა.შ.) და წვად მასალასთან (ქსოვილები, ქაღალდი და ა.შ.). ხანძრის კერისთვის დამახასიათებელი ინტენსიური წვით გამოწვეული დაზიანების ნიშნები მდებარეობს ნაგებობაში ქუჩის მხარეს და მარცხენა მხარეს შესასვლელი კარის წინ, საიდანაც ხანძარი გავრცელდა ჰორიზონტალურად და აღმავალი მიმართულებით, მთელ ნაგებობაში. წარმოდგენილი საკვლევი ობიექტებიდან მხოლოდ №2 („ნამწვის ნიმუში ამოღებული შემოსასვლელი ოთახიდან“) და №5 („ნამწვის ნიმუში ამოღებული სამზარეულო ოთახის მარცხენა კუთხიდან“) ობიექტებზე გამოვლინდა ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი. დანარჩენ ობიექტებზე არ გამოვლინდა ნავთობპროდუქტების კვალი. სპილენძის ელექტროსადენებზე აღინიშნება ხანძრის თერმული ზემოქმედებით გამოწვეული ნალღობი, ხოლო აღნიშნულ ელექტროსადენებზე მოკლე ჩართვის ნიშნები არ აღინიშნება.
4.11. სასაქონლო ექსპერტიზის -- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სახლი და დამხმარე ნაგებობა სრულად არის დამწვარი და უცნობია მათი ფაქტობრივი ფიზიკური მდგომარეობა ხანძრამდე. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულება ვერ განისაზღვრება.
4.12. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია შემთხვევის ადგილი. ჩანაწერის დროდ მითითებულია 2023 წლის 20 აგვისტო, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, ჩანაწერს აქვს ცდომილება რეალურ დროსთან მიმართებით. 00:39:31 საათზე კადრში ჩნდება ბ. ბ-ი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს ბოთლისმაგვარი საგანი, რომელშიც მოჩანს ღია ფერის სითხე. ბ. ბ-ი კადრში გამოჩენის შემდგომ მიემართება მ. ს-ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით გამავალ საავტომობილო გზაზე. კადრში ასევე ჩანს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც აცვია მუქი სპორტული მაისური და შორტი. მითითებული მცირეწლოვანი ბავშვი ზის აღნიშნულ ქუჩაზე განთავსებულ სკამზე, რომელიც დგას ვიდეოკამერის მოპირდაპირე მხარეს არსებული ბეტონის კედელთან. მითითებულ ვიდეოჩანაწერში სხვა პიროვნება არ ფიქსირდება. მეორე ვიდეოჩანაწერის მიხედვით, 00:28:38 საათზე, კადრში ჩნდება ბ. ბ-ი, რომელიც მიემართება მ. ს-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, გამავალი ქუჩიდან, საავტომობილო გზიდან, ხელები აქვს შემოწყობილი წელს უკან, ხოლო ხელებში რაიმე ნივთი ან საგანი არ უჭირავს. ამავე დროს კადრში ჩანს შუახნის მამაკაცი, საშუალო აღნაგობის, მელოტი, ტანთ აცვია მონაცრისფრო გრძელსახელოებიანი ზედა, მუქი შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. მითითებული მამაკაცი მიემართება ბ. ბ-ის საპირისპიროდ. ჩანაწერის დროით 00:47:38 საათზე, აღნიშნული შუახნის მამაკაცი უეცრად წელში მოხრით იხედება მ. ს-ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც ვიდეოკამერის მოპირდაპირე მხარეს არსებული სახლიდან, რომელიც შემოღობილია ბეტონის ღობით, გამორბის რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბ. ბ-ი და სირბილით მიდიან მ. ს-ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. არასრული ხილვადობის პირობების გამო, ვიდეოჩანაწერში არ ჩანს აღნიშნული სახლიდან გამოსული ადამიანების ვიზუალური მახასიათებლები.
4.13. სასამართლოში დაკითხულმა გამომძიებლებმა და ექსპერტებმა დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილი ოქმების სისწორე.
4.14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ 2023 წლის 19 აგვისტოს, მ-ის მუნიციპალიტეტის ---ში, მ. ს-ის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა, თუმცა, იმავდროულად, არ ქმნის ისეთ ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა, რომ ხანძარი ბ. ბ-მა გააჩინა, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.15. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ 2023 წლის 19 აგვისტოს, საღამოს საათებში, ბ. ბ-ი მივიდა გ. ს-ის ადგილსამყოფელთან და დაემუქრა მას სახლის დაწვით, რა დროსაც ხელში ეჭირა ბოთლი, მასში არსებული სითხით. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბ. ბ-ი ამავე დღეს ცდილობდა ბენზინის მოძიებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტები ქმნის ალბათობას, რომ ბ. ბ-მა ჩაიდინა დანაშაული, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენი აღნიშნულ ვარაუდს ვერ დაეფუძნება, რადგან, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთაგან არავის დაუნახავს, როგორ გაუჩნდა მ. ს-ის სახლს ცეცხლი და, მეორე მხრივ, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ ბ. ბ-ს თან ბენზინი ან სხვა ნავთობპროდუქტი ჰქონდა. მართალია, მეზობლები აცხადებდნენ, რომ იგი ცდილობდა ბენზინის მოძიებას, თუმცა, მათივე ჩვენებების თანახმად, მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამასთან, მოწმე თ. ლ-ემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე, სხვა მეზობლებს შორის იყო ბ. ბ-იც, რომელსაც ხელში ბორჯომის ბოთლი ეჭირა და რაღაც სითხეს სვამდა. აღნიშნული მოწმის ჩვენებით ფაქტობრივად გამოირიცხება ვარაუდი, რომ ბ. ბ-ს ბოთლში ნავთობპროდუქტი ესხა.
4.16. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის მიერ მ. ს-ის სახლის განზრახ დაწვის ფაქტი უტყუარად არ დასტურდება. უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები კი, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო მოთხოვნაა. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. „აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - “In dubio pro reo”-ს, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
4.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ბ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.18. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიკა ბარამიას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე