საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124009630615
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №84აპ-25 ქ. თბილისი
ქ. ლ. 84აპ-25 23 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ქ–ის, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 5 ივნისს, საღამოს საათებში, თ–ში, ლ–ს ქუჩის ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლ. ქ–მა განზრახ იძალადა მეუღლის – ე. დ–ის – მიმართ, კერძოდ, სახის არეში დაარტყა მუშტი, ასევე თავი მიარტყმევინა კედელზე, რის შედეგადაც ე. დ–მა განიცადა ტკივილი, ხოლო ტუჩისა და პირის არეში მიიღო დაზიანებები. აღნიშნული ქმედებით ე. დ–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით;
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ლ. ქ–მა ჩაიდინა – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
1.2. 2024 წლის 5 ივნისს, საღამოს საათებში, თ–ში, ლ–ს ქუჩის ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლ. ქ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ე. დ–ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ლ. ქ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;
1.3. 2024 წლის 5 მაისს, საღამოს საათებში, თ–ში, ლ–ს ქუჩის ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლ. ქ–მა სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს – ე. დ–ს, შემდეგ თმები მოქაჩა. თითოეული აღნიშნული ძალადობის გამო დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა;
1.3.1. აღნიშნული ქმედებით ლ. ქ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.4. 2024 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, თ–ში, ლ–ს ქუჩის ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლ. ქ–მა თმები მოჰქაჩა მეუღლეს – ე. დ–ს, შემდეგ ორჯერ დაარტყა მუშტი თავში, ხოლო წიხლი – ზურგის არეში. თითოეული აღნიშნული ძალადობრივი ქმედების გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.4.1. აღნიშნული ქმედებით ლ. ქ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ლ. ქ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
2.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 5 მაისის ეპიზოდი) –თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალ პირობითად;
2.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 17 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
2.6. ლ. ქ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 5 ივნისიდან 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით;
2.7. ლ. ქ–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ. აპელანტმა მოითხოვა ლ. ქ–ისათვის შეფარდებულის სასჯელის გამკაცრება და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშვნა.
4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, მსჯავრდებულ ლ. ქ–ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. კასატორი ითხოვს ლ. ქ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებას და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ლ. ქ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ , ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
10.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ოჯახური დანაშაულები, ასევე ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ლ. ქ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული, ალტერნატიული, სასჯელებიდან (გარდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, რომელიც უალტერნატიოვოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ ლ. ქ–მა აღიარა მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულების ჩადენა, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარსულში არ არის ნასამართლევი და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელის ჩაუთვალა პირობითად.
10.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა – პირობითად ჩათვლა, არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში (იხ.: საქართველოს უზენაეის სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის №202აპ-25 განაჩენი).
11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
12. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ლ. ქ–ის მიმართ გაავრცელოს ამნისტია.
14. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე, ლ. ქ–ის მიმართ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე