საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007914240
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №372აპ-25 ქ. თბილისი
გ. გ., 372აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ-ს, – პირადი ნომერი 01024000481, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. ნ. ა. და გ. გ. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავთ საერთო შვილი – .... დაბადებული გ. გ. და 2023 წლის მაისიდან ცხოვრობდნენ მათ საერთო საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე – თ-ში, .... ბინაში. თანაცხოვრებისას, განსაკუთრებით კი მითითებულ მისამართზე გადასვლის შემდეგ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, გ. გ., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, თითქმის ყოველდღე, აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს, კერძოდ: გ. გ., მისი როგორც მამაკაცის უპირატესობის წარმოჩენისა და ნ. ა-ს, როგორც ქალის დამცირების მიზნით, უკრძალავდა მას მუშაობას და მოითხოვდა, რომ მუდმივად ყოფილიყო სახლში და დაკავებულიყო საოჯახო საქმეებით. გ. გ., ეჭვიანობის ნიადაგზე უკრძალავდა მეუღლეს მეგობრებთან, კოლეგებთან და ახლობლებთან შეხვედრას, უკონტროლებდა ჩაცმულობას, სოციალურ ქსელში კომუნიკაციას და იმ მიზეზით, რომ მას, როგორც მამაკაცს უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა ნ. ა.სგან მოითხოვდა უსიტყვო მორჩილებას. 2023 წლის მაისიდან, თ- ში, ... ბინაში ცხოვრებისას, გ. გ. გახდა მეტად აგრესიული, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, მეუღლესთან დაეწყო უთანხმოება საერთო ქონებასთან დაკავშირებით, რა დროსაც, მითითებულ ბინაში ცხოვრებისას, ნ. ა-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა ,,ფსიქიკურად ავადმყოფს”, ,,ბოზს”, აგინებდა. მსგავსი ქმედება განმეორდა 2023 წლის 12 აგვისტოსაც, კერძოდ, საღამოს საათებში, იმყოფებოდნენ მათ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: ...) გ. გ.მ მეუღლესთან ზოგადად არსებული უთანხმოების გამო, კვლავ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: გ. გ. ნ. ა.ეძახდა ,,გიჟს”, ,,ფსიქიკურად ავადმყოფს”, რომელსაც უნდა ემკურნალა და მიმართავდა ქალისათვის დამამცირებელი უცენზურო სიტყვებით, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი – გ. გ.. გ. გ., ზემოთ აღწერილ სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, მეუღლის – ნ. ა-ს მიმართ ახორციელებდა მათი არასრულწლოვანი შვილის – .... დაბადებული გ. გ-ს თანდასწრებით. ყოველივე აღნიშნულის გამო კი ნ. ა. მუდმივად იყო დათრგუნული, შეშინებული, განერვიულებული და გ. გ-ს მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების შედეგად განიცდიდა ტანჯვას.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. გ.მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.2. ნ. ა. და გ. გ. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავთ საერთო შვილი – .... დაბადებული გ. გ. და 2023 წლის მაისიდან ცხოვრობდნენ მათ საერთო საკუთრებაში არსებულ ბინაში (მდებარე: თ. ...). თანაცხოვრებისას, განსაკუთრებით კი მითითებულ მისამართზე გადასვლის შემდეგ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, გ. გ., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, თითქმის ყოველდღე, აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს, კერძოდ: გ. გ., მისი როგორც მამაკაცის უპირატესობის წარმოჩენისა და ნ. ა.ს, როგორც ქალის დამცირების მიზნით, უკრძალავდა მას მუშაობას და მოითხოვდა, რომ მუდმივად ყოფილიყო სახლში და დაკავებულიყო საოჯახო საქმეებით. გ. გ., ეჭვიანობდა და უკრძალავდა მეუღლეს მეგობრებთან, კოლეგებთან და ახლობლებთან შეხვედრას, უკონტროლებდა ჩაცმულობას, სოციალურ ქსელში კომუნიკაციას და იმ მიზეზით, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა, ნ. ა-სგან მოითხოვდა უსიტყვო მორჩილებას. 2023 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 21:35 საათზე, გ. გ.მ ნ. ა-ს, მათი არასრულწლოვანი შვილის – 2.. დაბადებული გ. გ-ს თანდასწრებით, ასევე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გ. გ.მ, მეუღლეს აგინა და მიმართა უცენზურო სიტყვებით, ხოლო ურთიერთშელაპარაკების დროს, ბავშვის თვალწინ მიაყენა დაზიანება მარჯვენა ხელის მაჯის არეში, ამასთანავე, ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი სახის მარჯვენა მხარეს, თვალისა და ლოყის მიდამოში. გ. გ-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ, გამოიწვია ნ. ა.ს ფიზიკური ტკივილი და სხეულის დაზიანება.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით გ. გ.მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობის ეპიზოდი) –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით.
2.4. გ. გ-ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 3 ივნისიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 12 აგვისტოდან 2023 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
3.1. გ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ს. კ-მ მოითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობა.
3.2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა მოითხოვა, მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სანქციის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება;
4.1. გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
4.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
4.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
4.3. გ. გ-ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 3 ივნისიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 12 აგვისტოდან 2023 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.
7.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გათვალისწინებით, რომ გ. გ-მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, არის ნასამართლობის არმქონე პირი; ასევე გაითვალისწინა – დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენა და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა იმ ხანგრძლივობით (სასჯელის დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით - მინიმალური ხანგრძლივობით), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის დანაწესს და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან საქმის განხილვის დროისათვის წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის თანხმობა გ. გ-ს მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გ. გ-ს მიმართ გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
12. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
13. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 მარტის განაჩენზე, გ. გ-ს მიმართ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე