საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100122005770883
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №623აპ-25 ქ. თბილისი
ქ. ხ., 623აპ-25 16 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ. ქ–ს ბრალად ედება:
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
ხ. ქ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის, N..-..-ში მცხოვრები, გ. ა–ე 2012 წლის 25 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ხ. ქ–თან. ვინაიდან ერთად ცხოვრების პერიოდში ხ. ქ–ი მეუღლის მიმართ ხშირად გამოხატავდა უმიზეზოდ აგრესიას, რასაც თან სდევდა კონფლიქტი, განქორწინდნენ 2019 წლის 5 ივნისს. მიუხედავად ამისა, იგი მაინც აგრესიულად იყო განწყობილი ყოფილი მეუღლის – გ. ა–ის მიმართ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, 2022 წლის 14 მარტს ხ. ქ–ის, როგორც მოძალადის მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რითაც მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ნებისმიერი სახით მასთან კომუნიკაცია, რის შესახებაც ხ. ქ–ისათვის ცნობილი იყო. 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხ. ქ–მა შენიშნა გ. ა–ის ავტომანქანა. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გ. ა–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი, მივიდა ავტომანქანასთან და დაიწყო ხელებისა და ფეხების დარტყმა ავტომობილზე. მიუხედავად იმისა, რომ გ. ა–მ შეახსენა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები, იგი მაინც აგრძელებდა ავტომანქანის დაზიანებას და ასევე გ. ა–ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ü ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის, N..-..-ში მცხოვრები, გ. ა–ე 2012 წლის 25 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ხ. ქ–თან. ვინაიდან ერთად ცხოვრების პერიოდში ხ. ქ–ი მეუღლის მიმართ ხშირად გამოხატავდა უმიზეზოდ აგრესიას, რასაც თან სდევდა კონფლიქტი, 2019 წლის 5 ივნისს განქორწინდნენ. მიუხედავად ამისა, იგი მაინც აგრესიულად იყო განწყობილი ყოფილი მეუღლის – გ. ა–ის მიმართ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, 2022 წლის 14 მარტს, ხ. ქ–ის, როგორც მოძალადის მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით. ორდერის თანახმად, მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ნებისმიერი სახით მასთან კომუნიკაცია, რის შესახებაც ხ. ქ–ისათვის ცნობილი იყო. 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. რუ–ში, მე-.. მ/რ-ის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ. ქ–მა შენიშნა გ. ა–ის ავტომანქანა. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გ. ა–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი, მივიდა ავტომანქანასთან და დაიწყო ხელებისა და ფეხების დარტყმა ავტომანქანაზე. მიუხედავად იმისა, რომ გ. ა–ემ შეახსენა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები, მან დაზარალებულს ხელის სახის არეში დარტყმითა და სახის ჩამოკაწვრით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც, გ. ა–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად – კისრის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე სისხლჩაქცევის, ნაჭდევებისა და ნიკაპზე მარჯვნივ სისხლჩაქცევის სახით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენით ხ. ქ–ი (მონაწილეობის გარეშე), – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 160 (ას სამოცი) საათით.
ხ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 180 (ას ოთხმოცი) საათით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 90 (ოთხმოცდაათი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათით.
გაუქმდა ხ. ქ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü ხ. ქ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ც–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. მსჯავრდებულმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე.
ü რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენით (მსჯავრდებულ ხ. ქ–ის მონაწილეობის გარეშე): მსჯავრდებულ ხ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუგზარ მახათაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 იანვრის განაჩენი სასჯელის ნაწილში შეიცვალა, კერძოდ:
ხ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.
ხ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ხ. ქ–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ხ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს ამ საქმეზე განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.
ცნობად იქნა მიღებული, რომ ხ. ქ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ხ. ქ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ც. საკასაციო საჩივრით მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებს დაცვის მხარის ძირითად მოთხოვნას, მაშინ ალტერნატივის სახით მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან მისი დასკვნები არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ. ქ–ის ბრალეულობას; განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ გ. ა–ის ჩვენებას, რომელიც დაინტერესებული პირია, ვინაიდან მას მსჯავრდებულთან წლების განმავლობაში აქვს უთანხმოება და კონფლიქტი; ამდენად, მისი ჩვენება არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ; დაცვის მხარე გასაჩივრებულ განაჩენს სასჯელის ნაწილშიც უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მისი მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის − ხ. ქ–ის შეზღუდული შერაცხადობა და მისი ოჯახური მდგომარეობა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ხ. ქ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ან ალტერნატივის სახით, შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
9. მსჯავრდებულ ხ. ქ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ ცემაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი.
11. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას დაზარალებულ გ. ა–ის ჩვენების სანდოობისა და დამაჯერებლობის შესახებ. მისი ჩვენება არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით. საქმის მასალების მიხედვით, არ იკვეთება ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს გაუჩენდა საფუძვლიან ეჭვს დაზარალებულის გულწრფელობასა და მიუკერძოებლობაში. გ. ა–ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას, დაწვრილებით და თანმიმდევრულად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სრულად თანხვდენილია, მათ შორის, დანაშაულის უშუალო შემსწრე პირის, თვითონ ხ. ქ–ის დედის − გ. ქ–ს ჩვენებასთანაც. მოწმე გ. ქ–მა დაადასტურა დაზარალებულის ჩვენება და მანაც განმარტა, რომ ხ. ქ–ი ჯერ შეეცადა გ. ა–ის მანქანის დაზიანებას, ხოლო შემდეგ ფიზიკურად თავად გ–ისაც გაუსწორდა.
12. დაზარალებული თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ ხ. ქ–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად, განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ყელის არეში სიწითლე და ნაკაწრები ჰქონდა. მითითებულს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ასევე ადასტურებს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმის, მსჯავრდებულის დედის − გ–ო ქ–ს ჩვენებაც. მოწმე გ. ქ–მა სასამართლოს განუცხადა, რომ ხ–მ გ–ის ავტომანქანისათვის ფეხის რამდენჯერმე ჩარტყმის შემდეგ, გ–საც ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც, მას ყელის არეში სიწითლე და დაზიანება ჰქონდა. დაზარალებულ გ. ა–ის ჩვენება აგრეთვე სრულად შეესაბამება მის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 20 აპრილის N...... დასკვნას, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ გ. ა–ეს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, ზედ ნაჭდევები კისრის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე, სისხლჩაქცევა ნიკაპზე მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შესაბამისად, ხ. ქ–ის მიერ დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობისა და მის შედეგად, გ. ა–ის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი, უტყუარად დადასტურებულია.
13. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შერაცხილი მსჯავრდების ეპიზოდს, საქმეში წარმოდგენილია ხ. ქ–ის მიმართ 2022 წლის 14 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადე − ხ. ქ–ის მიმართ, 30 დღის ვადით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც მსხვერპლი − გ. ა–ე ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დღის – 2022 წლის 11 აპრილისთვის, მოქმედებდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, ხ. ქ–მა დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა გ. ა–ის ავტომანქანასთან და დაიწყო მასზე ხელებისა და ფეხების დარტყმა. დაზარალებულის მოწოდებაზე, რომ მოშორებოდა კუთვნილ ავტომანქანას და შეეწყვიტა მისი დაზიანება, პირიქით, იგი უფრო ახლოს მივიდა გ. ა–ესთან და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა მას.
14. დაზარალებულ გ. ა–ის ჩვენება, ამ ნაწილშიც ასევე სრულად არის თანხვდენილი მოწმე გ. ქ–ს ჩვენებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 28 აპრილის N....დასკვნას, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის „TOYOTA AQUA“ სახ. N ........ წინა მარცხენა კარის საბაზრო ღირებულება მის დაზიანებამდე შეადგენდა − 470 (ოთხას სამოცდაათ) ლარს, ხოლო დაზიანების შემდეგ − 350 (სამას ორმოცდაათ) ლარს.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ხ. ქ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
16. მსჯავრდებულ ხ. ქ–ის მიმართ შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მათ შორის − მსჯავრდებულის შეზღუდული შერაცხადობა და ოჯახური მდგომარეობა) გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე, მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ხ. ქ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელები საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
17 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ხ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი