გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2001
საქმის ნომერი
3კ/315-01
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ 3კ/315-01 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ხ-ძეს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სადგომი ... ქობულეთის რაიონში, სადაც შვილ გ. ხ-ძესთან ერთად ცხოვრობდა. მ. და დ. ძ-ძეებს საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სადგომი ოზურგეთის რაიონის სოფ. ... 1996 წელს მეუღლეები _ დ. და მ. ძ-ძეები და ე. ხ-ძე შეთანხმდნენ ბინების გაცვლის თაობაზე. ე. ხ-ძე გადავიდა საცხოვრებლად ოზურგეთის რაიონის სოფ. ..., ძ-ძეების კუთვნილ საცხოვრებელ სადგომში, ხოლო დ. და მ. ძ-ძეები კი ... ე. ხ-ძის საცხოვრებელ სადგომში. მხარეებს შორის გაცვლის ხელშეკრულება სანოტარო წესით არ გაფორმებულა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ არ იქნა. გაცვლის შემდეგ ე. ხ-ძე დარჩა ... მდებარე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, ხოლო მ. ძ-ძე კი ოზურგეთის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ. ე. ხ-ძის შვილმა გ. ხ-ძემ პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ არ მოიწონა სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სადგომი. ძ-ძეებმაც არ გადაუხადეს ე. ხ-ძეს შეთანხმებისამებრ 1000 ლარი, რის გამოც ე. და გ. ხ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. და დ. ძ-ძეების მიმართ და მოითხოვეს ქობულეთის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება. მ. და დ. ძ-ძეებმა კი შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე საცხოვრებელი სადგომების გაცვლის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ე. და გ. ხ-ძეების სარჩელი და მ. და დ. ძ-ძეები ოჯახის წევრებთან ერთად გამოასახლა ... მდებარე საცხოვრებელი სადგომიდან, რომელიც ჩაბარდა მოსარჩელეებს. მ. და დ. ძ-ძეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 267-ე მუხლის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისი წესები, ხოლო იმავე კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად კი, საცხოვრებელი სადგომის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით და რეგისტრირებული 3 თვის ვადაში. ვინაიდან მხარეთა შორის გაცვლის თაობაზე წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული, ძ-ძეებმა არ შეასრულეს 1000 ლარის გადახდის პირობა, ამიტომ იმავე კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი საცხოვრებელი სადგომების გაცვლის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, კანონით დაწესებული ნორმის დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობას.

მ. და დ. ძ-ძეებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ რამდენჯერმე განიხილა აღნიშნული სააპელაციო საჩივარი და ბოლოს, 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა მ. და დ. ძ-ძეების სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო; ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დატოვებულ იქნა უცვლელად: გაცვლის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა ბათილად და მხარეებს დაუბრუნდათ ყოველივე, რაც მათ საკუთრებაში იყო გარიგების დადების მომენტისათვის. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სამოქალაქო კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი, საკუთრების უფლების შეძენისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას სწორად ეთქვა უარი, ვინაიდან ეს ფორმა დაცული არ იყო.

მოსარჩელის მოთხოვნა გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად. სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, ე. ხ-ძეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ქონების დაბრუნება მ. და დ. ძ-ძეებისაგან.

სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ფორმის დაუცველად დადებული გარიგება უცილოდ ბათილი (არარა) გარიგებაა და ბათილია დადების მომენტიდან. ამ გარიგების ბათილობა არ გამორიცხავს მხარეების მიერ მათზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. თუ აპელანტები თვლიან, რომ მოსარჩელეების მხრიდან მიადგათ ზიანი, რაზედაც შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს საერთო წესით.

მ. და დ. ძ-ძეებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ე. ხ-ძემ გამოხატა ცალმხრივი ნება ბინის გაცვლის თაობაზე, რომელიც უნდა ჩაითვალოს ნამდვილად, რადგანაც კასატორებს უარი არ განუცხადებიათ გაცვლის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ასევე, გაცვლის აშკარა შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კასატორებმა არ გადაუხადეს მოსარჩელეს შეპირებული 1000 ლარი. კასატორებმა ... მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით გასწიეს მთელი რიგი ხარჯები, ხ-ძეებმა კი სოფ. ... მდებარე კასატორების კუთვნილი კარ-მიდამო გაანადგურეს. როცა კასატორებმა მოითხოვეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებაზე არ იმსჯელა. კასატორებმა ვერ დააკონკრეტეს ზარალის ოდენობა, რის გამოც საჭირო შეიქმნა ექსპერტიზის ჩატარება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ მ. ძ-ძის საკუთრებას წარმოადგენს ოზურგეთის რაიონის სოფ. ... 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სადგომი. ე. ხ-ძის საკუთრებაშია ქობულეთის რაიონის ... მდებარე სართულნახევრიანი საცხოვრებელი სადგომი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მხარეები შეთანხმდნენ კუთვნილი საცხოვრებელი სადგომების გაცვლის თაობაზე. ხ-ძეების ოჯახი 1996 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ოზურგეთის რაიონის სოფ. ..., ძ-ძეების საცხოვრებელ სადგომში, ხოლო ძ-ძეების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ..., ხ-ძეების კუთვნილ სახლში. მხარეთა შორის გაცვლის ხელშეკრულება სანოტარო წესით არ გაფორმებულა და არც საჯარო რეესტრში იქნა გატარებული. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დ. და მ. ძ-ძეების საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რადგან ე. ხ-ძემ გამოხატა ბინის გაცვლის ნება და საცხოვრებელი სადგომების გაცვლის აშკარა შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია, მხარეთა შორის გაცვლის ხელშეკრულება ნამდვილია. მართალია, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1996 წელს, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება მის ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ, რადგან იგი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 523-ე მუხლი, რომლის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები. სწორად იქნა გამოყენებული იმავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. გაცვლის ხელშეკრულების დადებისას ვინაიდან მხარეთა შორის აღნიშნული წესი არ ყოფილა დაცული, დ. და მ. ძ-ძეების სააპელაციო საჩივარს სწორად ეთქვა უარი საცხოვრებელი სადგომების გაცვლის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომის გაცვლის შეთანხმება სწორად მიიჩნია ბათილად. სწორად იქნა გამოყენებული, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ ნორმის თანახმად, ე. ხ-ძის მოთხოვნა ... მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სადგომიდან ძ-ძეების ოჯახის გამოსახლების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომების გაცვლის ხელშეკრულება არარა გარიგებად იქნა მიჩნეული და ე. ძ-ძემ მოითხოვა ... მდებარე საცხოვრებელი სადგომიდან ძ-ძეების ოჯახის გამოსახლება. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო არ წარმოიშობა. ამ მუხლის საფუძველზე ე. და გ. ხ-ძეები ოჯახის წევრებთან ერთად უნდა გამოსახლდნენ ოზურგეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მ. ძ-ძის კუთვნილი საცხოვრებელი სადგომიდან და ამ სადგომში შესახლებულ უნდა იქნეს დ. და მ. ძ-ძეების ოჯახი. ქობულეთის რაიონულ სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას ძ-ძეებმა აღნიშნეს, რომ მათი საცხოვრებელი სადგომი სოფ. ... გაცილებით ძვირად ღირებული იყო და მის შესაფასებლად მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება. რაიონული სასამართლოს 1998 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა ძ-ძეების საცხოვრებელი სადგომის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ღირებულების დასადგენად, მაგრამ ვინაიდან მხარეებმა არ გადაიხადეს ექსპერტიზის ხარჯები, ექსპერტიზა არ ჩატარდა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხ-ძეების მიერ მათი კარ-მიდამოს განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ ამჟამინდელი ზარალის ოდენობა. საჭირო იყო ექსპერტიზის ჩატარება. სააპელაციო პალატის სხდომებზე დ. და მ. ძ-ძეები მოითხოვდნენ სახლის პირვანდელ მდგომარეობაში ჩაბარებას, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა და არც ამ ზარალის ოდენობის დადგენისათვის ექსპერტიზის ჩატარება მოუთხოვიათ, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ მათი საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც არ არის დასაბუთებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

დ. და მ. ძ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ე. და გ. ხ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდეს და მ. და დ. ძ-ძეები ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქობულეთის რაიონში, ... მდებარე საცხოვრებელი სადგომიდან და შესახლებულ იქნენ ოზურგეთის რაიონის სოფ. ..., მათ სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სადგომში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.