საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100125010814672
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №748აპ-25 ქ. თბილისი
გ-ძე ნ, 748აპ-25 10 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განაჩენით:
1.1. ნ. გ-ძე, - დაბადებული .. წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 17 დეკემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2024 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 17:05 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმელის მიღებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ნ. გ-მ ყოფილ მეუღლეს - მ. გ-ს მუშტი დაარტყა ჯერ თავის, ხოლო შემდეგ - ყურის არეში, რის გამოც, დაზარალებულმა, ყველა შემთხვევაში, განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ მ. გ-ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატმა შ. ბ-მა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ნ. გ-ის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:
9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც გასათვალისწინებელია დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
11. შესაბამისად, სასამართლო ნ. გ-ის მიმართ ბრალადშერაცხილი დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) ერთად ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას (არაერთხელ არის ნასამართლევი ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის; საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ნ. გ-ძე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთაა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 3 აგვისტოდან. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის დოკუმენტაცია ნ. გ-ის სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების ან ნასამართლობის მოხსნის შესახებ. შესაბამისად, მას ახალი განზრახი დანაშაული ჩადენილი აქვს განზრახი დანაშაულისათვის მოქმედი ნასამართლობის დროს. ამდენად, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი), მის მიერ ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლის) მიმართ ჩადენილი ქმედების სახესა და ხერხს (მთვრალმა ყოფილ მეუღლეს მუშტი დაარტყა ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ყურის არეში) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დანაშაულის ჩადენის მოტივს (ალკოჰოლური სასმელის მიღებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტი), მიზანს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ; ასევე, ნ. გ-ის პიროვნების, მისი წარსულის, დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზეზის გათვალისწინებით, უფრო მსუბუქი სახის სასჯელით კერძო/სპეციალური პრევენციის და რესოციალიზაციის მიზნების მიღწევას.
12. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ არსებობს მსხვერპლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების განგრძობადი საფრთხე, სახელმწიფოს კი ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნ. გ-ის დანიშნულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). ამასთან, ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე