საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123007691521
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №807აპ-25 ქ. თბილისი
ი–ი ლ., 807აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ი–ს ბრალად ედება: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი).
ლ. ი–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü ლ. ი–მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და გ. ს–ს ასევე უკანონოდ მიასაღა 0,0437 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 1 მაისს, ქ. თ–ში, ს–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ, გ. ს–ისგან ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ü ლ. ი–მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და გ. ს–ს ასევე უკანონოდ მიასაღა 0,10872 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 4 მაისს, ქ. თ–ში, ს–ს ქუჩის N..-ს მიმდებარედ, გ. ს–ისგან ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ü ლ. ი–მა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და გ. ს–ს ასევე უკანონოდ მიასაღა 0,119 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2023 წლის 8 მაისს, ქ. თ–ში, ქ. თ–ში, ს–ს ქუჩის N..-ს მიმდებარედ, გ. ს–ისგან ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით ლ. ი–ი, – დაბადებული ... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 1 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 1 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით 2023 წლის 8 მაისის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გაუქმდა ლ. ი–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ლ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 26 ივნისიდან.
ლ. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ს–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ლ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 1 მაისის ეპიზოდი). „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლ. ი–ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 მაისი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 1 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი). „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლ. ი–ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი). „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლ. ი–ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდისთვის) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ლ. ი–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
ლ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 26 ივნისიდან.
ლ. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ს–მა. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ, ლ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: ლ. ი–ი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ და განმარტავს, რომ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი; დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში; მსჯავრდებული არ უარყოფს რომ მან გ. ს–ს ნამდვილად გადასცა ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ არა გასაღების, არამედ – თავისი მეგობრისთვის გადასაცემად, რომელთან ერთადაც იძენდა ნარკოტიკებს ერთად მოსახმარად; ამდენად, მსჯავრდებულის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტი არ დგინდება; ბრალდების მოწმეების – გ. ს–ისა და გ. კ–ს ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, რაზეც სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა და არ იმსჯელა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს–ის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ 2023 წლის 1, 4 და 8 მაისს, ლ. ი–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე უკანონოდ მიასაღა გ. ს–ს, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ; კერძოდ:
10. დაცვის მხარე ადასტურებს, რომ ლ. ი–მა გ. ს–ს ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად გადასცა, მაგრამ არა რეალიზაციის მიზნით. კასატორის მტკიცებით, ლ. ი–ს უკავშირდებოდა თავისი მეგობარი, რომელიც ასევე იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რის გამოც, ისინი ერთად ყიდულობდნენ ნარკოტიკს, იყოფდნენ და ერთად მოიხმარდნენ. მსჯავრდებული სწორედ ამ მეგობრისთვის გადასაცემად აძლევდა გ. ს–ს ნარკოტიკულ საშუალებებს.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ მოსაზრებას და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეზე წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება ლ. ი–ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივმა, მოწმე გ. ს–მა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მსჯავრებული ლ. ი–ი გაიცნო თ–ში, ....–ს გამზირზე ,,მ–სთან“. შეხვედრამდე ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მისი დაკვირვებითა და გამოცდილებით, ლ. ი–ი იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რაც სამსახურებრივად მისთვის საინტერესო იყო. მათ გაცვალეს ტელეფონის ნომრები. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მიმოწერისას მსჯავრდებულმა განუცხადა, რომ, თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენა და მისწერა პირადი ნომერი, რომელზეც გ. ს–ს უნდა ჩაერიცხა თანხა. 2023 წლის 1 მაისს, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ლ. ი–ს ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, გადაურიცხა გამომძიებლის მიერ გადაცემული 100 ლარი, რის სანაცვლოდაც, მსჯავრდებულმა კორპუსის სადარბაზოში გადასცა შპრიცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება. 2023 წლის 4 და 8 მაისს, მოწმე აღიჭურვა შესაბამისი ჩამწერი მოწყობილობით და საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ლ. ი–ს ორჯერ გადაურიცხა 205 ლარი, რის შემდეგაც ბრალდებულისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ლ. ი–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები გ. ს–ისგან ამოიღო გამომძიებელმა და დალუქა შესაბამისი წესით.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა გ. კ–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონშესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ მაისის თვეში ოპერატიულმა თანამშრომელმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა პატაკით, რომ ლ. ი–ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” შეძენა-შენახვას და 100-დან 300 ლარის ფარგლებში გასაღებას. ლ. ი–ის მიმართ საგამოძიებო ორგანოში დაიწყო გამოძიება. პირველი საკონტროლო შესყიდვა მოხდა მოსამართლის განჩინების გარეშე. სპეც. სახსრებიდან გამოტანილი 500 ლარიდან ნაწილი – 100 ლარი საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადასცა გ. ს–ს. გ. ს–მა გადაცემული 100 ლარით ლ. ი–ისგან შეიძინა ,,ჰეროინი”. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც გ. ს–მა ლ. ი–ისაგან კვლავ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე გ. კ–ის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი მოწმე გ. ს–ის ჩვენებასთან. მათ შორის რაიმე არსებითი წინააღმდეგობები, თუ შეუსაბამობები არ იკვეთება. ამასთან, ეს ჩვენებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს. ამდენად, მითითებულ მოწმეთა ჩვენებების გაუზიარებლობისა და საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, სასამართლოს არ გააჩნია.
15. მოწმე გ. ს–ის ჩვენება ასევე სრულად შეესაბამება: საკონტროლო შესყიდვის ოქმებს, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2023 წლის 1 მაისს, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, გ. ს–მა ლ. ი–ს ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით გადაურიცხა გამომძიებლის მიერ გადაცემული 100 ლარი, რის სანაცვლოდაც, ლ. ი–მა კორპუსის სადარბაზოში გადასცა შპრიცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომელთა მიხედვით, დგინდება, რომ 2023 წლის 4 და 8 მაისს, გ. ს–ი აღიჭურვა შესაბამისი ჩამწერი მოწყობილობით და საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ლ. ი–ს ორჯერ გადაურიცხა 205 ლარი; ამოღების ოქმებს, რომელთა შესაბამისად დადგენილია, რომ 2023 წლის 1 მაისს გ. ს–ისგან ამოიღეს ერთი ცალი ე.წ. „ინსულინის“ საინიექციო შპრიცში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ხოლო 2023 წლის 4 და 8 მაისს მისგან ამოიღეს – გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის თავმილღობილ პარკში გახვეული ნივთიერება; ქიმიური ექსპერტიზის N........., N............ და N.......... დასკვნებს, რომელთა მიხედვით დადასტურდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთიერებები შეიცავს 0,0437 გრამ, 0,10872 და 0,119 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს”; ,,....... ბანკიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, დადგენილია, რომ გ. ს–ის მიერ ლ. ი–ის ანგარიშზე გადახდის აპარატის მეშვეობით 2023 წლის 1 მაისს გადარიცხულია 100 ლარი, ხოლო 2023 წლის 4 და 8 მაისს – 205 ლარი.
16. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების (ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი და მისი გაშიფრული კრებსები) შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი:
ü 2023 წლის 4 მაისის ვიდეოჩანაწერში ჩანს შენობაში განთავსებული „........ ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომლის მეშვეობითაც გ. ს–მა ლ. ი–ის ანგარიშზე ჩარიცხა 205 ლარი. ვიდეოჩანაწერში ასევე ჩანს გ. ს–ი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის .. სართულზე განთავსებული „ნ–ს“ მაღაზიის გავლით და იგივე კორპუსის მეორე მხრიდან შემოვლის შემდეგ ურეკავს ლ. ი–ს და ეუბნება, რომ მივიდა და შედის ეზოში, სადაც სადარბაზოსთან ხვდება ლ. ი–ი. ისინი ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით ესალმებიან ერთმანეთს და საუბრობენ. გ. ს–ი ეუბნება: – … ,,მოიცა, ერთი წამი...“, ლ. ი–ი: – „ფრთხილად ოღონდ...“ და ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს მრგვალი, კანფეტის ზომის თეთრი ფერის შეფუთვა, თვალების სწრაფი მოძრაობით ამოწმებს, ხომ არავინ იხედება ან ფანჯრებიდან ან აივნებიდან. გ. ს–ი პასუხობს: „ხო, კაი ლ–ნ, კაი ძმაო..” ტრიალდება, იმავე გზის გავლით ბრუნდება უკან და მანქანაში ჯდება.
ü 2023 წლის 8 მაისის ვიდეოჩანაწერში ჩანს შენობაში განთავსებული სს „.......... ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომლის მეშვეობითაც გ. ს–ი ლ. ი–ის ლარის ანგარიშზე რიცხავს 205 ლარს. ბეჭდავს ტრანზაქციის დამადასტურებელ ქვითარს, ამოწმებს და ტოვებს ადგილს. ვიდეოჩანაწერში ჩანს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან გ. ს–ისა და ლ. ი–ის შეხვედრა, რა დროსაც ლ. ი–ი ხელის ჩამორთმევისას გ. ს–ს აძლევს პატარა ზომის მრგვალ შეფუთვას – ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც გ. ს–ი ხელში ატრიალებს და ეკითხება თავი ხომ აქვს კარგად მოკრული და ათვალიერებს მას. ლ. ი–ი პასუხობს: „კი, კი, „ვაბშე“ რა ქენი იცი, აი აქ კბილებში ჩაიდე რა, გაიგე?..“ (ხელით აჩვენებს), გ. ს–ი პასუხობს: „ბიჭო, ეს რაღაცნაირად..“ (არ ასრულებს და ხელში ატრიალებს შეფუთულს). ლ. ი–ი ეუბნება: „სველია გაანებე, არ არის გახსნილი, უყურე, მისმინე ერთი წამით“. გ. ს–ი: „ჰო“. ლ. ი–ი: „აი ესე ჩაიდე, ოღონდ არ დაასველო, აი ესე ჩაიდე, შემომხედე ერთი წამი, კბილები აი ესე, უკან..“ (აწყვეტინებს). გ. ს–ი: „ბიჭო, ამაზე ვფიქრობ, ეს მიმწვარიდან არ გამოვიდეს, ხომ აზრზე ხარ?..“ (აწყვეტინებს, თან ათვალიერებს). ლ. ი–ი: „არა, არა, არ არის, ოღონდ არ გადაყლაპო“. გ. ს–ი: „ეს რომ გამეხსნეს...“. ლ. ი–ი: „არ დაასველო“. გ. ს–ი: „ხო, მაგას ვამბობ“…. შემდეგ ლ. ი–ი გ. ს–ს მიაცილებს ავტომანქანამდე, მოუწოდებს სიფრთხილისაკენ და ეუბნება, რომ ნარკოტიკული საშუალება ხელში ეჭიროს და საჭიროების შემთხვევაში, გადაყლაპოს: „ხელში გეჭიროს, მე ეხლა იქ დავუდგები და თუ რამე – გადაყლაპე, არ დამალო ნასკებში და ეგეთი რაღაცეები, ხომ იცი, ფრთხილად..“. გ. ს–ი პასუხობს: „არა, არა. კაი ძმაო...“, შემდეგ ისევ ათვალიერებს ხელში ლ. ი–ის მიერ გადაცემულ პატარა ზომის მრგვალ ნივთს, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკულ საშუალება და მიდის შეხვედრის ადგილიდან.
17. ზემოაღნიშნულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებულია, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ლ. ი–ის ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პირის იერსახის გამოსახულება. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. სადავო ფონოგრამებში მეტყველი დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მეტყველი ლ. ი–ის ხმა ერთმანეთის იდენტურია.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ცალსახად ცხადყოფს, რომ გ. ს–ი ლ. ი–ს ანგარიშზე თანხას ურიცხავდა არა პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში თავისი მეგობრისთვის დასახმარებლად, არამედ, მსჯავრდებული, დანაშაულის სამივე ეპიზოდში მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ანგარიშზე ფულის ჩარიცხვის შემდეგ, გ. ს–ზე ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მითითებული ნივთიერებების გადაცემისას, ლ. ი–ს ამოძრავებდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
20 საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. ს–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე