საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.12.2025
საქმის ნომერი
2კ-630აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №630აპ-25 ქ. თბილისი

მ-ი ა., 630აპ-25 24 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ფ-ასა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. მ-ის, – -, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2022 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ ნ-ში „ოპელის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით ---), გადაადგილებისას ა. მ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს), არ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე მდგომ არასრულწლოვან ა. ი-ს. შეჯახების შედეგად, ა. ი-ს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინში – ტრავმული სისხლჩაქცევა, ტრავმული შეშუპება მოგრძო ტვინის დისლოკაციით, თხემ-საფეთქლის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, ქალას ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა, მარცხენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, ორივე თვალბუდეში სისხლჩაქცევა. ა. ი-ი გადაიყვანეს შპს --- შემდეგ კი – ქ. თ-ში, უზნაძის ქ. N--ში მდებარე, “--- კლინიკაში“. 2023 წლის 2 იანვარს, 21:40 საათზე, ა. ი-ი გარდაიცვალა თ-ში, უ-ის ქ. N--ში მდებარე, “--- კლინიკაში“, ა. მ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ---) შეჯახების შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებების გამო;

1.2. აღნიშნული ქმედებებით ა. მ-მა ჩაიდინა – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

2.1. ა. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნისას პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა მოითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრება;

3.2. ა. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ს-მა მოითხოვა გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა. მ-ის უდანაშაულოდ ცნობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:

5.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი თორნიკე ტატუნაშვილი ითხოვს ა. მ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას;

5.2. ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები გ. ფ-ა და ლ. ს-ი ითხოვენ გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. მ-ის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში – სასჯელის შემსუბუქებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ითხოვს სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ა. მ-ის უდანაშაულოდ ცნობას, იმავდროულად, მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის შემსუბუქება.

8. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2022 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ნ-ში ა. მ-ი, რომელიც მართავდა „ოპელის“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – ---) შეეჯახა არასრულწლოვან ა. ი-ს. შეჯახების შედეგად, ა. ი-ს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და 2023 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა.

8.1. მხარეებს შორის დავის საგანია, საკითხის გარკვევა, ა. მ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში – გაჩერდეს), შეეჯახა არასრულწლოვან ა. ი-ს და, შესაბამისად, ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო, თუ – ა. მ-ს ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო, მის მოქმედებაში, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება და, შესაბამისად, არ ჩაუდენია მსჯავრადშერაცხილი დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

9.1. მოწმე ა. კ-მა განმარტა, რომ 2022 წლის 31 დეკემბერს, სოფელ ნ-ში, მეგობრებთან – მ. კ-თან და გ. ა-თან ერთად მიდიოდა მაღაზიაში. მაღაზიასთან, ა. ი-იც შეხვდათ. გზად საუბრობდნენ, ზოგი წინ მიდიოდა, ზოგი – უკან, ხანდახან საავტომობილო გზაზეც დადიოდნენ. ავარიის მომენტი კარგად არ ახსოვს, მაგრამ როგორც ახსოვს ამირხანი გზის გვერდულთან მდგომ სატვირთო ავტომანქანასთან გაჩერდა, კერძოდ, იგი გზაზე იდგა (გაჩერებული იყო) სატვირთო ავტომანქანასთან. რა დროსაც დაახლოებით 1 მეტრი იქნებოდა სატვირთო ავტომანქანასა და ა. ი-ს შორის მანძილი. იგი (ა. ი-ი) სატვირთო ავტომანქანასთან ზურგით იდგა. ბოლოს, როცა ა. ი-ი დაინახა, იგი მობილურ ტელეფონში იყურებოდა და მათ შორის მანძილი დაახლოებით 10-15 მეტრი იქნებოდა. ბოლო დანახვიდან შეჯახების ხმა მალევე, 5-6 წამში, გაიგო.

9.2. მოწმე მ. კ-მა განმარტა, რომ მეგობრებთან ერთად ყოფნისას ა. ი-ი შეხვდათ და მასთან ერთად გააგრძელეს გზა. სატვირთო ავტომანქანასთან (რომლის ნაწილი სავალ გზაზე იდგა, დანარჩენი მიწიან ზედაპირზე) რომ ჩაიარეს, საავტომობილო გზაზე გადავიდნენ, რათა მისთვის გვერდი აევლოთ. ა. ი-ი დარჩა, – სატვირთო ავტომანქანის გვერდზე, საავტომობილო გზაზე იდგა. მისთვის უცნობია, რას აკეთებდა იგი. თავად ორ მეგობართან ერთად ცოტა მოშორებით გზაზე მიდიოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ დაჯახების ხმა გაიგეს, უკან მოხედვისას კი დაინახა, რომ ა. ი-ი ძირს ეგდო, გზის სავალ ნაწილზე. ამ დროს მასსა და გარდაცვლილს შორის 15-20 მეტრი იქნებოდა.

9.3. მოწმე გ. ა-მა განმარტა, რომ 2022 წლის 31 იანვარს ლ. კ-თან და მ. კ-თან ერთად მიდიოდა მაღაზიაში, გზად წამოეწიათ ა. ი-ი. ყველანი მაღაზიისკენ წავიდნენ, ხან საავტომობილო, ხან მიწიან გზაზე დადიოდნენ. სატვირთო ავტომანქანასთან მისვლისას (რომელსაც ცალი მხარე გზაზე ჰქონდა, დანარჩენი მიწიან ნაწილზე) გვერდი აუარეს საავტომობილო გზის მხრიდან, თუმცა ა. ი-ი გაჩერდა სატვირთო ავტომანქანის გვერდზე, უკან რომ მიიხედა, გზისკენ იყო მიტრიალებული. მათ და ა-ს შორის დაახლოებით 10-15 მეტრი იყო მანძილი. ა. შეჯახების შემდეგ გზის შუა ნაწილში იწვა.

9.4. მოწმე ე. ს-მა განმარტა, რომ 2022 წლის 31 დეკემბერს, სოფელ ნ-დან გ-ში მიდიოდა, დაახლოებით 00:00-01:00 საათებში მის სამოძრაო ზოლში გადმოსული – საპირისპირო მიმართულებით მიმავალი – ავტომანქანა დაინახა, რის გამოც (საწინააღმდეგო მხრიდან მომავალი ავტომანქანის მანევრის გამო) თავად ავტომანქანა შეანელა და გზის პირზე გადაიყვანა. საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომანქანის გავლის შემდეგ დაინახა გზაზე დაგდებული ბავშვი. გააჩერა ავტომანქანა, ა. მ-იც უკან დაბრუნდა, ბავშვი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა საავადმყოფოში. მის და ა. მ-ის ავტომანქანებს შორის დაშორება დაახლოებით 60-70 მეტრი (შეიძლება ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები) იქნებოდა, რა დროსაც თავად მოძრაობდა 30-40 კმ/სთ-ით, მასზე (ე. ს-ზე) სწრაფად მოძრაობდა ა. მ-ი, თუმცა – არა დიდი სიჩქარით. ძირს დაგდებული ბავშვი მომენტალურად (ეგრევე) არ დაუნახავს, რაღაც პერიოდის შემდეგ დაინახა. ბავშვი სატვირთო ავტომანქანასთან ახლოს იყო დავარდნილი, გზის სავალ, შუა ნაწილში. შეჯახების მომენტი ვერ დაინახა, რადგან მისკენ მანევრით მომავალ ავტომანქანასა და გვერდზე არსებულ არხზე ფიქრობდა, – რომ არ გადავარდნილიყო/ავარია თავიდან აეცილებინა.

9.5. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 15 თებერვლის ---ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ ა. მ-ს ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

9.5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნიდან არ დგინდება ექსპერტმა შეისწავლა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი (რაც იმ დროისათვის უკვე გამოძიებას მოპოვებული ჰქონდა და საქმის მასალები სრული მოცულობით გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე), ასევე – ექსპერტი შემთხვევის ადგილზე არ გასულა და დაეყრდნო მხოლოდ მსჯავრდებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

9.6. გ. დ-ის (სასამართლო ექსპერტი) 2023 წლის 12 დეკემბრის დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით შესაძლებელია ქმედების მონიტორინგი, იდენტიფიცირების გარეშე; ე. ი-ის კუთვნილი, „ГАЗ 53“ მოდელის ლურჯი ფერის თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანის (სანომრე ნიშნით – ---), დგომის ადგილმდებარეობა დადგენილია, ასევე დადგენილია ქვეითზე შეჯახების ადგილი; ავტომობილის ,,OPEL ASTRA-ს” (სახელწიფო ნომრით – №---) მძღოლს ა. მ-ის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან შეუსაბამობა არ აღინიშნება; ავტომობილის ,,OPEL ASTRA-ს” (სახელწიფო ნომრით: №---) მძღოლს ა. მ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეეძლო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის (ა. ი-ზე შეჯახების) თავიდან აცილება; ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტულ შემთხვევასთან მძღოლის მოქმედება მიზეზობრივ კავშირში არ არის ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში (ღამის საათებში, შეზღუდული ხილვადობისას) ქვეითის ნებისმიერი სიჩქარით მოძრაობისას „OPEL ASTRA-ს” მოდელის ავტომობილის დაშორების მანძილი ნაკლებია ავტომობილის გაჩერების მანძილზე; ავტომობილის ,,OPEL ASTRA-ს” (სახელწიფო ნომრით: №---) მძღოლის ა. მ-ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა არ აღინიშნება; საქმის მასალებში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა განვითარდებოდა იმ სახით, როგორც ამას ავტომობილის ,,OPEL ASTRA” (სახელწიფო ნომრით: №---) მძღოლი ა. მ-ი თავის ჩვენებაში მიუთითებს; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2023 წლის 19 ოქტომბრის №--- ვიდეო და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში ე. ი-ის კუთვნილი „ГАЗ 53“ მოდელის თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანის (სანომრე ნიშნით: ---) დაფიქსირებული ადგილმდებარეობა არ შეესაბამება მის ფაქტობრივ მდებარეობას, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს.

9.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო და სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 19 ოქტომბრის N--- დასკვნის თანახმად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „OPEL ASTRA-ს“ (სახელმწიფო ნომრით – ----ი) მძღოლის, ა. მ-ის, მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

9.7.1. მოცემულ კონკრეტულ პირობებში სათანადო მეთოდიკის არარსებობის გამო შეუძლებელია იმის დადგენა თუ რა კუთხით მოხდა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილისა და ქვეითად მოსიარულის ურთიერთკონტაქტი. რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს, ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ სავალი ნაწილის კიდიდან 1,4 მეტრში მოძრავი „OPEL ASTRA“ თავისი წინა მარჯვენა ნაწილით შეეჯახა სავალ ნაწილზე მყოფ ქვეითს.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გ. დ-ის 2023 წლის 23 დეკემბრის დასკვნას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ა. მ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, არ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე მდგომ არასრულწლოვან ა. ი-ს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილთან მყოფმა მოწმეებმა – ა. კ-მა, გ. ა-მა და მ. კ-მა, მართალია, განმარტეს, რომ მათ უშუალოდ შეჯახების მომენტი არ დაუნახავთ (მხოლოდ ხმა გაიგეს, და შემდეგ დაინახეს, რომ ა. ი-ი გზის სავალ ნაწილზე იყო უგონო მდგომარეობაში დავარდნილი), თუმცა, იმავდროულად, დაადასტურეს, რომ შეჯახებამდე ა. ი-ი გაჩერებული იყო გზის სავალ ნაწილზე; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 19 ოქტომბრის N--- ექსპერტიზის ფარგლებში კვლევა ჩატარდა ფართოდ/კომპლექსურად, კერძოდ, ექსპერტებმა შემთხვევის ადგილზე ჩაატარეს დამატებითი კვლევები, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი; აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 21 სექტემბრის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, იმ მიზნით, რომ განსაზღვრულიყო, რა მანძილიდან შეეძლო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს – ა. მ-ს – სავალ ნაწილზე მყოფი ქვეითის ა. ი-ის დანახვა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად, აღნიშნულმა მანძილმა შეადგინა 49,2 მეტრი, რაც ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა, მათ შორის, ა. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ჯ-მა და გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. კ-ამ (ადვოკატები ჩასხდნენ ავტომობილში და ,,თავიანთი თვალთახედვით შეამოწმეს მხედველობის არე და დაადასტურეს, რომ აღნიშნულ მანძილზე გარკვევით არის ქვეითის სავალ ნაწილზე დანახვა”(ტ. N2; ს.ფ. 189-198)); ექსპერტ დ. გ-ს ჩვენებას (ექსპერტ ლ. ა-თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე და განისაზღვრა შეჯახების ადგილი, რომელიც გზის კიდიდან დაშორებული იყო დაახლოებით 1,4 მეტრით. ასევე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და განისაზღვრა თუ რა მანძილში შეეძლო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლს დაენახა გზის სავალ ნაწილზე ქვეითად მოსიარულე, რამაც შეადგინა 49 მეტრი. შემდეგ განისაზღვრა დასაშვები სიჩქარით – 60 კმ/სთ (როგორც ამას უთითებს ავტომობილის მძღოლი) – გასაჩერებელი მანძილი, რამაც შეადგინა 45 მეტრი (12:31:10). საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაქსიმალურად იდენტური სიტუაცია შექმნეს, რაც იყო შემთხვევის დროს. გამოიყენეს იგივე მარკისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტომანქანა, რაც ჰყავდა ა. მ-ს (12:33:35). ნახაზი შედგა სათვალთვალო კამერისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიხედვით. კერძოდ, ვიდეოჩანაწერის მიხედვით განისაზღვრა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილისა და ქვეითის შეჯახების ადგილი. ექსპერტებმა ე. ი-ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკრის მარცხენა საყრდენი ბოძიდან აიღეს 5,4 მეტრი. იგივე ვიდეოჩანაწერის შესაბამისად, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები განათავსეს იმ მდგომარეობაში/კოორდინატებში, როგორც ისინი იყვნენ უშუალოდ საგზაო შემთხვევის დროს, ასევე განისაზღვრა ქვეითად მოსიარულის მდებარეობა ავტომობილზე არსებული დაზიანებებისა და ვიდეოჩანაწერში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით (12:41:59; 13:01:17). საგამოძიებო ექსპერიმენტში გამომძიებელი არ მონაწილეობდა, ხოლო მონაწილე პირებმა, მათ შორის, ადვოკატებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმში ასახული ინფორმაცია, მათ შენიშვნა ან პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც ისინი უთითებდნენ ან ექსპერიმენტით დადგენილი შედეგები არასწორი იყო ან არ ეთანხმებოდნენ, არ განუცხადებიათ (13:01:50). სატრანსპორტო საშუალება შეჯახების მომენტში გზის კიდიდან დაშორებული იყო დაახლოებით 1,4 მეტრით, ხოლო ავტომობილზე არსებულ ფაქტობრივად არსებული დაზიანებების გათვალისწინებით ქვეითად მოსიარულე ა. ი-ი გზის კიდიდან დაშორებული იქნებოდა 1,5-1,6 მეტრით (12:43:14). შეჯახებისას ავტომობილი მოძრაობდა მთლიანად თავის სამოძრაო ზოლში (12:43:59). ექსპერტ დ. გ-მა შსს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დასკვნის თანახმად, საფრთხის შექმნის მომენტიდან შეჯახებამდე არსებული დრო და ავტომობილი გასაჩერებელი დრო ერთმანეთზე არის შედარებული. ასეთ შემთხვევებში დროის დროზე შედარება არ შეიძლება, რადგან ეს იძლევა გარკვეულ ცდომილებებს. როდესაც საფრთხის შექმნის მომენტიდან შეჯახებამდე არსებული დრო სცილდება მძღოლის რეაქციის დროს – 1,2 წამს და მუხრუჭების მოქმედებაში მოყვანის (სანამ დამუხრუჭებას დაიწყებს ავტომობილი) დროს – 1,5 წამს (60კმ/სთ მოძრაობისას), რომელთა შემდეგ მუხრუჭი უკვე მოქმედებაშია და სატრანსპორტო საშუალება იწყებს დამუხრუჭებას (ანუ დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო ნაკლებ მანძილს გადის) – სიჩქარე ეცემა და ავტომანქანა 60კმ/სთ აღარ მოძრაობს, იწყებს ნელ სვლას, შესაბამისად, დრო იზრდება. ასეთ პირობებში და მეთოდიკის თანახმად, დაცილება უნდა მოხდეს დროით, ხოლო გაჩერების მანძილი უნდა იქნეს აღებული – მანძილით, ანუ მოქმედების დროით განსაზღვრა არის დაუშვებელი, რადგანაც ეს იძლევა ცდომილებას (12:45:05). მოწმემ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ გ. დ-ის (სასამართლო ექსპერტი) 2023 წლის 12 დეკემბრის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შსს ექსპერტიზის დასკვნასთან განსხვავებით მათ გასაჩერებელი მანძილიც აქვთ გამოთვლილი და მიიღეს იგივე მანძილი – 45 მეტრი, მაგრამ აღნიშნული მანძილი თავად შეადარა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიღებულ მანძილთან – 49 მეტრთან, ხოლო დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში არ ჩანს რას შეადარეს მიღებული მანძილი (12:58:16). ექსპერტმა დაადასტურა, რომ: შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლს მის სამოძრაო ზოლში მყოფი ქვეითი შეჯახებამდე უნდა დაენახა. შეჯახება მის სამოძრაო ზოლში მოხდა. მძღოლმა შეჯახების შემდეგ აიღო საჭე მარცხნივ და გადავიდა საპირისპირო ზოლში, იმავდროულად, კადრში ჩნდება, რომ გზის სავალ ნაწილზე ვარდება ქვეითი (13:11:25). სატვირთო ავტომობილი ნაწილობრივ გვერდულზე იყო (13:14:32). საქმის მასალებით გამოიკვლია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გამოიყენა იგივე ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტომობილი, – ვიზუალურად, კომპლექტაციით, გამოშვების წლით და ა.შ. იგივე კონფიგურაციის და მოდელის ტექნიკურად გამართული ავტომობილი. ექსპერიმენტში მონაწილე ავტომობილის ფარების დაყენების სისწორე არ გაუზომია, – ფარები ანათებდა ჩვეულებრივ, ზევით ან ქვევით დახრა არ ჰქონდა (13:16:01). მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნამსხვრევების ჩამონაყარის ადგილი არის შეჯახების მიახლოებითი ადგილი, ვინაიდან, როდესაც შეჯახებისას ფარი ჩაიმსხვრა და ავტომობილმა დაიწყო მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ, ნამსხვრევებიც გადაადგილდა (გადაიყარა) იგივე მიმართულებით და აღმოჩნდა გზის გვერდულის კიდიდან 2,2 მეტრში (რაც განსხვადება მათ მიერ დადგენილი შეჯახების ადგილისაგან, რომელიც განისაზღვრა გზის კიდიდან 1,4 მეტრში (13:20:20)).

12. ამდენად, საქმეში წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების მხარეების ინიციატივით ჩატარებული ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შედეგები წინააღმდეგობრივია, იმავდროულად, ექსპერტებმა კვლევის შედეგები დააფუძნეს განსხვავებულ მონაცემებს, კერძოდ: წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა მხოლოდ ორ პარამეტრში – ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე შემთხვევის დროს – 60კმ/სთ და ავტომობილის სრული გაჩერებისთვის მანძილი – 45 მეტრი.

12.1. ბრალდების მხარის – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო და სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 19 ოქტომბრის N--- – ექსპერტიზა დაეყრდნო მის მიერ (მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დ. გ-ის მონაწილეობით) ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვიდეოჩანაწერს და შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებს; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 19 ოქტომბრის N--- დასკვნის თანახმად, მძღოლისთვის საფრთხის წარმოქმნის მომენტში ავტომობილის დაშორების მანძილი იყო 49 მეტრი, რაც მეტია ავტომობილის სრული გაჩერებისთვის მანძილზე – 45 მეტრზე. ამავე დასკვნის თანახმად, შეჯახების მომენტში ავტომობილი სავალი ნაწილის კიდიდან დაშორებული იყო – 1,4 მეტრით;

12.2. გ. დ-ის (სასამართლო ექსპერტი) 2023 წლის 12 დეკემბრის დასკვნა (დაცვის მხარის ექსპერტიზა) დაეყრდნო ვიდეოჩანაწერს, ა. მ-ის თანდასწრებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე მისი გამოკითხვის ოქმს და, ნაწილობრივ – არასრულწლოვანი მოწმეების ჩვენებებს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საფრთხის წარმოქმნის მომენტში ავტომობილის დაშორების მანძილი უარეს შემთხვევაში იყო – 34 მეტრი, ხოლო საავტომობილო გზის კიდიდან ავტომობილის ქვეითზე შეჯახების ადგილამდე დაშორება – 2,20 მეტრი. ამავე დასკვნით, ფორმულით გამოანგარიშებულია, რომ ა. მ-ი 3 მეტრს გაივლიდა 2,8 წამში, ხოლო 60 კმ/სთ მოძრავი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის საჭირო დრო იქნებოდა 3,5-3,8 წამი.

12.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლო ექსპერტის – გ. დ-ის 2023 წლის 23 დეკემბრის ექსპერტიზის ფარგლებში კვლევისას ა. მ-ის მიერ გავლილი მანძილის დროის დასადგენად გამოყენებულია მისი თანდასწრებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გზის გვერდულზე არასრულწლოვნების დგომის (შეკრების) ადგილიდან შეჯახების ადგილამდე მანძილი – 3 მეტრი, მაშინ როცა შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი მოწმეები უთითებდნენ, რომ შემთხვევისას გარდაცვლილი მათთან ერთად არ მდგარა – მათ უკან 8-10 მეტრის მანძილით იყო დაშორებული.

13. დაცვის მხარის არგუმენტებზე/პრეტენზიებზე, რომ გამოძიება არასრულყოფილად/ხარვეზებით ჩატარდა, მათ შორის, დაცვის მხარეს და ექსპერტიზას გადაეცა მხოლოდ ერთი ვიდეოჩანაწერი (შესაძლებელია ბრალდების მხარემ დაათვალიერა და შემდეგ გადაწყვიტა რომელი ვიდეოჩანაწერი ამოეღო), სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა; ერთი მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

13.1. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა/ხელი შეეშალა დაცვის უფლების განხორციელებაში, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვებაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევაში, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენაში. აღნიშნულის მიუხედავად, დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოებისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დასაბუთებული არგუმენტი, რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების/პოზიციის საფუძვლიანობაზე და სასამართლოს მისცემდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მათ შორის, არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა დამატებით ვიდეოჩანაწერების მოპოვების და შემდეგ არსებით სასამართლო სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა. ამასთან, საქმის მასალებიდან ასევე არ იკვეთება მსჯავრდებულის მიმართ გამომძიებლისა თუ მოწმეების მხრიდან რაიმე დაინტერესება ან/და მიკერძოებული დამოკიდებულება.

14. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის №505აპ-21 განაჩენი).

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 21 სექტემბრის ოქმის თანახმად, მართალია საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, იმ მიზნით, რომ განსაზღვრულიყო, რა მანძილიდან შეეძლო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს – ა. მ-ს – სავალ ნაწილზე მყოფი ქვეითის ა. ი-ის დანახვა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, უშუალოდ ა. მ-ს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა არ მიუღია და აღნიშნულ სადავო ექსპერიმენტში მონაწილეობდა მ. კ.

15.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 21 სექტემბრის ოქმი, რომლის თანახმად, გამომძიებელმა თ. გ-მა ა. მ-ს შესთავაზა 2023 წლის 19 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა, გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად, რასთან დაკავშირებითაც ა. მ-მა განაცხადა უარი, ვინაიდან მას არ სურდა გარდაცვლილის ახლობლებთან შეხვედრა/კომუნიკაცია, რომლებიც შესაძლებელია ყოფილიყვნენ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, ამიტომ, იგი დასთანხმდა საგამოძიებო ექსპერიმენტს დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო მის ადვოკატს გ. ჯ-ს, – იგი სრულად ენდობა თავის ადვოკატს. ოქმი ხელმოწერილია, მათ შორის, ა. მ-ისა და გ. ჯ-ის მიერ (ტ. N2; ს.ფ. 188).

15.2. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ზოგადად ამ სახის საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ტარდება კონკრეტული პირის მხედველობისა და ინდივიდუალური უნარების (მხედველობის ხარისხის/დონე, რეაქციის სისწრაფის, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური უნარების) დასადგენად; მისი მიზანია ობიექტურად განისაზღვროს, თუ რა მანძილიდან შეეძლო ან უნდა დაენახა (ზოგადად) მძღოლს ქვეითი კონკრეტულ გარემოებებში (განათება, ხილვადობა, საგზაო მდგომარეობა და სხვ.).

15.2.1. ამასთანავე, იმ დაშვების პირობებშიც კი, თუ ა. მ-ს ჰქონდა ან ექნებოდა მხედველობის პრობლემა – დაქვეითებული, აღნიშნული გარემოება არ ცვლის იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც დადგინდა კონკრეტული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად და ვერ იქნება მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

15.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სადავო საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 21 სექტემბრის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა, მათ შორის, ადვოკატი გ. ჯ-ი. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირს/პირებს შენიშვნა/შესწორება/დამატება ან განცხადება არ დაუფიქსირებიათ და ოქმს მოაწერეს ხელი, რითიც დაადასტურეს მისი შინაარსი. იმავდროულად, ა. მ-მა თავად განაცხადა უარი სადავო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე და გამოუცხადა სრული ნდობა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს. შესაბამისად, დაცვის მხარეს აღნიშნულ სადავო საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით/მის მიმდინარეობასა თუ სხვა დეტალებსა და პარამეტრებზე, მათ შორის, იმ გარემოებებზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი დაცვის მხარე (მაგ.: გამოძიებას არ აქვს დადგენილი, როგორი ამინდი/ხილვადობა იყო შემთხვევის დღეს და ემთხვეოდა თუ არა ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტის პერიოდში არსებულს; ექსპერიმენტი ითვალისწინებდა მრავალჯერადობას, რასაც არ ახორციელებდა გამომძიებელი; ოქმის თანახმად, ადვოკატმაც იმავე მანძილიდან დაინახა ადამიანი, ანუ ყველას მიმართ ჩატარდა ექსპერიმენტი, გარდა ა. მ-ისა; გაურკვეველია საიდან აიღო მანძილი ექსპერტმა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში არ არის ასახული რამდენად შეესაბამებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტში და საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ტექნიკური პარამეტრები) შეეძლო/უნდა მიეთითებინა უშუალოდ საგამოძიებო ექსპერიმენტისას და დაეკორექტირებინა სადავო მოქმედებები/გარემოებები ან/და აღნიშნულის შესახებ, თუ არ ეთანხმებოდა სადავო საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას/შედეგებს დაეფიქსირებინა ოქმში.

16. კასატორი ასევე უთითებს მოწმე ტ. ა-ის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მას საგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი არავისთვის გადაუცია (ვიდეოჩანაწერი პოლიციის გარდა არავისთვის მიუცია (16:21:47)), მაშინ, როდესაც მ. ი-ი (გარდაცვლილის მამა) გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ მან ნახა აღნიშნული ჩანაწერი (ტ. N2; ს.ფ. 105-108).

16.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ტ. ა-ს კითხვა დაესვა თუ ვის გადასცა ვიდეოჩანაწერი (კერძოდ, ადვოკატმა თ. ბ-მა დაუსვა კითხვა – ,,გარდა იმისა, რომ გამომძიებელმა ამოიღო თქვენგან ეს ვიდეოჩანაწერი, სხვა ვინმესთვის ხომ არ მიგიციათ ისე?“) და მისთვის მხარეებს, მათ შორის, დაკითხვაში მონაწილე ადვოკატებს არ უკითხავთ მ. ი-ს დაათვალიერებინა/აჩვენა თუ არა სადავო ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ფ-ასა და ლ. ს-ის მტკიცება აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობის შესახებ.

16.2. დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ა. კ-ის ჩვენების, მათ შორის, იმ ნაწილზე, სადაც იგი ადასტურებს, რომ მან ნახა შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, მაშინ როცა სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება, როდის ან ვინ გააცნო/ანახა მითითებული ჩანაწერი.

16.2.1. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ა. კ-ი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა, მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც სწორედ ადვოკატის შეკითხვაზე (ჰქონდა თუ არა ნანახი სადავო ვიდეოჩანაწერი) უპასუხა, რომ მას ნანახი ჰქონდა შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, თუმცა რა ნახა (რა იყო მასზე ასახული) არ ახსოვს (13:28:04). აღნიშნულის შემდეგ დაცვის მხარეს მოწმისათვის არ დაუსვამს შეკითხვა, ვინ ან როდის ანახა ვიდეოჩანაწერი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსახილველი ავტოსაგზაო შემთხვევა დააფიქსირა მოწმე ტ. ა-ის მაღაზიის ვიდეოკამერამ. სასამართლოს კვლევის საგანი კი არ არის, მათ შორის, მაგალითად, კერძო პირის მიერ მოწმის/მოწმეებისათვის ჩანაწერის ჩვენების საკითხის გარკვევა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს არ უკითხავთ ტ. ა-ისათვის აჩვენა თუ არა ვინმეს ვიდეოჩანაწერი.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას გამომძიებელმა გვერდი ვერ აუარა იმ გარემოებას, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ნაწილობრივ გადავიდა საპირისპირო ზოლში (მაშინ, როცა საწინააღმდეგო პოზიცია აქვს დაფიქსირებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს დ. გ-სა და ლ. ა-ეს), ვინაიდან ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2023 წლის 24 იანვრის ოქმის თანახმად: ,,21:05:24 საათზე კადრში ჩნდება ქ. გ-ის მხრიდან მომავალი ავტომობილის ფარების შუქი, რომელიც გადადის საპირისპირო ზოლისკენ, შემდეგ ბრუნდება თავის სავალ ნაწილში და ჩერდება გზის გვერდულზე, იმავდროულად, კადრში ჩანს ასფალტზე მწოლიარე ა. ი-ი“. ამდენად, აღნიშნული სადავო ვიდეოჩანაწერის ოქმის თანახმად, გამომძიებელი არ უთითებს შეჯახებამდე მძღოლის მანევრზე – საპირისპირო ზოლში გადასვლაზე. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2023 წლის 19 ოქტომბრის №--- ვიდეო და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნის (გამოკვლევის ნაწილი) თანახმად, ,,როგორც შემთხვევის ადგილზე ჩატარებულმა კვლევებმა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის კვლევამ აჩვენა, იმ მომენტში, როდესაც შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ოპელი“ თავისი წინა ნაწილით 5,4 მეტრით იყო დაშორებული ე. ი-ის სახლის ჭიშკრის მარჯვენა სვეტიდან, იგი თავისი წინა მარჯვენა ნაწილით კონტაქტში მოვიდა (შეეჯახა) გზის სავალ ნაწილზე მყოფ ქვეითად მოსიარულე ა. ი-თან, რის შემდეგაც ა. მ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი მკვეთრად დაიხარა სავალი ნაწილის გამყოფი ხაზის მიმართულებით და მისი გავლის შემდეგ სავალი ნაწილის დაახლოებით შუა ნაწილში გამოჩნდა უძრავ მდგომარეობაში მწოლარე ქვეითი“. იმავდროულად, ამავე დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გადაწყვეტა საკითხისა, თუ რა კუთხით მოხდა ავტომობილისა და ქვეითის ურთიერთკონტაქტი შეუძლებელია, შესაბამისის მეთოდიკის არარსებობის გამო (ტ. N2; ს.ფ. 203-221).

18. კასატორი დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს, ერთი მხრივ, გამომძიებელ თ. გ-ის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, პირველ რიგში ა. მ-ს ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება (ალკოტესტის ქვითრის თანახმად, აღნიშნული ტესტირება ჩაატარა ა. დ-ემ (ტ. N1; ს.ფ. 4)) და მას შემდეგ, რაც დადგინდა მისი სიფხიზლე, გამომძიებელმა თ. გ-მა გამოკითხა მოწმის სახით (12:16:57), ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ა. მ-ის ალკოტესტის ქვითრის თანახმად, ტესტირების დროა 2022 წლის 31 დეკემბრის 22:58 საათი, მაშინ როცა გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა. მ-ის გამოკითხვა მიმდინარეობდა 2022 წლის 31 დეკემბრის 22:46-23:31 საათების შუალედში, რაც ადასტურებს ა. მ-ის გამოკითხვის პროცესში/პარალელურად ალკოტესტით შემოწმებას, რაც თავის მხრივ ადასტურებს გამომძიებლის ცრუ/მცდარ ჩვენებას.

18.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ გამოკითხვის 2022 წლის 31 დეკემბრის ოქმის თანახმად, ა. მ-ი დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ იგი ავტომობილს მართავდა სრულიად ფხიზელი, – ალკოჰოლური სასმელი არ მიუღია (ტ. N1; ს.ფ. 5-8), რაც ასევე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გამოკითხვის დაწყებამდე ა. მ-ს ალკოტესტი არ უნდა ჰქონოდა ჩატარებული, ვინაიდან საპირისპირო შემთხვევაში აღნიშნული კითხვის დასმის საჭიროება არ იარსებებდა.

18.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ დაშვების პირობებშიც კი, თუ გამომძიებელმა თ. გ-მა დაკითხვისას ზუსტად ვერ მიუთითა ალკოტესტის ჩატარების დრო, მოწმის გამოკითხვასთან მიმართებით, აღნიშნული გარემოება, მთლიანობაში, არ ხდის არც გამომძიებლის ჩვენებას და არც მის მიერ განხორციელებულ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებებს არადამაჯერებელს ან არასანდოს. ეს ხარვეზი მთლიანობაში ვერ აკნინებს მტკიცებულებების სანდოობას.

18.3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე – საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის N626აპ-17 განაჩენი).

19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის პრეტენზიას, თითქოს სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვის ეტაპზე ა. მ-მა ერთ-ერთი კითხვა (სასამართლოს დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მისთვის როდის გახდა ცნობილი, რომ ბავშვები აფეთქებდნენ ასაფეთქებლებს, მსჯავრდებულმა განაცხადა: ,,მე მერე ვნახე, ტელეფონში (18:07:37)) სწორად ვერ გაიგო და ამიტომ ბუნდოვნად უპასუხა, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესში, ისევე როგორც ამ მომენტში (კითხვის დასმისას), იყო თარჯიმანთან დაკავშირებული პრობლემა. კერძოდ, თარჯიმანმა მსჯავრდებულს სწორად ვერ გადასცა კითხვის კონტექსტი.

19.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე ა. მ-ის ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები, მათ შორის, საბოლოო სიტყვის ეტაპზე გ. ფ-ა და ლ. ს-ი. მათ არც საბოლოო სიტყვასთან დაკავშირებით ზოგადად, არც მოსამართლის შეკითხვასთან და არც მსჯავრდებულის პასუხთან დაკავშირებით არ დაუყენებიათ რაიმე შენიშვნა, რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება პრობლემურად არ აღიქმებოდა.

19.2. გარდა ამისა, მოსამართლემ აღნიშნული – საბოლოო – დამაზუსტებელი შეკითხვა ა. მ-ს დაუსვა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო სიტყვა თავისუფალი თხრობის ფარგლებში დაიწყო შემდეგით: ,,უბრალოდ, მოკლედ მინდა ის ვთქვა, რომ როდესაც ეს შემთხვევა – შეჯახება – მოხდა, მაშინ მე არ მქონდა ნანახი ის, რომ ბავშვები ასაფეთქებლებს აფეთქებდნენ. ეს ვნახე ვიდეოჩანაწერში“ (18:05:07), სწორედ მსჯავრდებულის ამ სიტყვებმა გამოიწვია მოსამართლის შეკითხვა: ,,უკაცრავად, ასე თქვა, რომ სანამ ვიდეოჩანაწერი არ ვნახე, მანამდე არ ვიცოდი აფეთქებდნენ თუ არა“ (18:05:29), რომელზეც მსჯავრდებულმა უპასუხა, რომ პოლიციაში გახდა მისთვის ცნობილი, როდესაც ნახა ვიდეოჩანაწერი – ,,მანამდე არ მქონდა წარმოდგენა, რომ ასაფეთქებელს ან რამეს აფეთქებდნენ ბავშვები, ვიდეოჩანაწერში შევამჩნიე“ (18:05:49), აღნიშნულს კი მოჰყვა ზემოაღნიშნული დამაზუსტებელი შეკითხვა და მასზე პასუხი. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს თარჯიმანთან დაკავშირებით დაცვის მხარის პრეტენზიას.

20. რაც შეეხება სასჯელის ნაწილში მხარეების მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

20.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ა. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული, ერთადერთი სახის სასჯელი მინიმალურ ხანგრძლივობასთან მიახლოებული ვადით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს.

20.2. დაცვის მხარე კასატორი სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის დასაბუთებისათვის უთითებს, რომ ა. მ-ი, მათ შორის, მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, იყო ფხიზელი, თავად აღმოუჩინა დახმარება პირს, რომელსაც შეეჯახა, არ ყოფილა ნასამართლევი. სასამართლო განმარტავს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გამოიწვევდა ქმედების საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი კვალიფიკაციას და არა – საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით; ხოლო დაზარალებული პირისათვის დახმარების გაწევასთან მიმართებით – ვინაიდან ა. მ-ი დაეხმარა პირს, რომლისათვის დახმარება ევალებოდა-შეეძლო, მის მიმართ დევნა, იმავდროულად, არ დაწყებულა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით, რასაც ადგილი ექნებოდა – აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

20.3. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე და 63-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის აწესებს კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს. მათ შორის, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მართალია ა. მ-მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, თუმცა იგი არ აღირებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევასა და ავტომანქანის უსაფრთხო მართვის უგულვებელყოფა, – იგი კასაციის ეტაპზეც ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას.

20.4. სასჯელის დამძიმების შესახებ, ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ დამდგარი შედეგი – მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა – მსჯავრდებულისათვის ბრალადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს და დამატებით, სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით, ვერ იქნება მხედველობაში მიღებული.

20.5. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის (ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, და რომელზედაც დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო არ გავრცელდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია) და მე-6 პუნქტის (ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია), ასევე –„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია) თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის თანხმობის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ა. მ-ის მიმართ გაავრცელოს ამნისტიის აქტი.

21. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

22. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).

23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის, ასევე – მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ფ-ასა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე