საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.04.2026
საქმის ნომერი
2კ-69აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123008231968

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №69აპ-26 20 აპრილი, 2026 წელი

ა-ა კ. ა–ი, №69აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. კ. ა–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ფლობა, გადაცემა) მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

ა. კ. ა–იმ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა განიზრახეს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ......ის რეზიდენტის – რ. პ.ლ. ლ–ს მეგობრის სახელით, სოციალურ ქსელში შექმნეს ყალბი გვერდი, საიდანაც 2018 წლის ნოემბერში კომუნიკაცია დაამყარეს რ. პ.ლ. ლ–სთან. ეს უკანასკნელი დაარწმუნეს მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობაში და აღნიშნული მიზნით განკუთვნილი, ჯამში – 7 173 აშშ დოლარი (ეკვივალენტი თანხა – 19 117,4 ლარი) 2018 წლის დეკემბერში, სამი ტრანზაქციით, მოტყუებით ჩაარიცხინეს ა. კ–ე ა–ის მეუღლის – თ. შ–ის სს „...... ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული ქმედებით, რ. პ.ლ. ლ–ს მიადგა 7 173 აშშ დოლარის (ეკვივალენტი თანხა – 19 117,4 ლარი) მატერიალური ზიანი.

ა. კ. ა–იმ განიზრახა დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ფლობა, გადაცემა), მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვა და შენიღბვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 2013-2018 წლებში, მისი მეუღლის – თ. შ–ის საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვისა და ამ უკანასკენელის სახელზე სწრაფი ფულადი გზავნილების მიღებით, განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი შემოსავლის მის მფლობელობაში აკუმულირება, რაც იმავე პერიოდში, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების გამოყენებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, ა. კ. ა–ის მიერ, დანაწევრებით გადაიგზავნა ნ–ს ფედერაციულ რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებში, მასთან დაკავშირებული პირების სახელზე. აღნიშნული ქმედებით, ა. კ. ა–იმ განახორციელა 166 313 აშშ დოლარისა და 883 ევროს (ეკვივალენტი თანხა – 387 968,7 ლარი) დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია, რითაც ხელყოფილ იქნა ქვეყნის ეკონომიკური და საფინანსო სისტემის სტაბილურობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის განაჩენით:

ა. კ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ც. მ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის განაჩენში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შევიდა ცვლილება:

ა. კ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

ა. კ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ც. მ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება კანონის შესაბამისად.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებულმა სრულად ცნო თავი დამნაშავედ, აღიარა და მოინანია დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაზოგა სახელმწიფო რესურსი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ადვოკატის შეფასებით, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი მკაცრია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ა. კ. ა–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

5.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამასთან, „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა კონკრეტული საქმის გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მათი საშიშროება, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის, შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. კ. ა–ს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია ერთადერთ, უალტერნატივო სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, ადვოკატის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების შესახებ – უსაფუძვლოა. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საშეღავათო ღონისძიებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოკვეთილი არ არის მათი გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები ან/და მიზანშეწონილობა.

5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. კ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე