საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100125010797816
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №30აპ-26 ქ. თბილისი
ზ. მ., 30აპ-26 28 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის – შორენა გვილავასა და მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ბ. ყ–ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ზ–ს, – პირადი ნომერი: ...., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით;
1.1.1 მ. ზ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ზ–, ე–ს ქუჩის №..ში მდებარე მ. შ–ს საცხოვრებელ სახლში მ. ზ–მ მეუღლეს – მ. შ–ს – გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ცოლისადმი მესაკუთრული, სტერეოტიპული დამოკიდებულებით, 2011 წელს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის – ლ. ზ–ს თანდასწრებით, ხელი დაარტყა სახის არეში, მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც მ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით;
1.2.1. მ. ზ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 1 დეკემბერს, დღის საათებში, ქ. ზ– მყოფი მ. ზ– მეუღლეს – მ. შ–ს – გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გამოიხატა ცოლისადმი მესაკუთრული, სტერეოტიპული დამოკიდებულებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, სოციალური ქსელის ,,.....-ის” გამოყენებით, მ-–ში მყოფ მ. შ–ს დედას – ნ. ა–ს – მ. შ–სთვის გადაცემის მიზნით გაუგზავნა შეტყობინება, რაც ამ უკანასკნელმა გაუგზავნა მ. შ–ს. შეტყობინებაში მ. ზ. აღნიშნავს, რომ მ. შ–ს მიერ მომხდარის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოში გაცხადების შემთხვევაში, იგი მას გამოსჭრიდა ყელს, რაც მ. შ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3.1. მ. ზ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. ზ–ში, ე–ს ქუჩის №..ში მდებარე მ. შ–ს საცხოვრებელ სახლში მ. ზ–მ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ცოლის მიმართ მესაკუთრული, სტერეოტიპული დამოკიდებულებით, მეუღლეს –მ. შ–ს ,,Redmi-ის” ფირმის მობილურ ტელეფონში შეაღწია და ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე, დაათვალიერა აღნიშნულ მობილურ ტელეფონში ფიქსირებული სატელეფონო ზარები.
1.4. ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით;
1.4.1. 2024 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. ზ–ში, ე–ს ქუჩის №...ში მდებარე მ. შ–ს საცხოვრებელ სახლში, მ. ზ–მ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა ცოლის მიმართ მესაკუთრული, სტერეოტიპული დამოკიდებულებით, მეუღლეს – მ. შ–ს ხელიდან გასტაცა ,,Redmi-ის” ფირმის მობილური ტელეფონი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა იგი, რითაც მ. შ–ს მიადგა 330 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ძებნის გამოცხადების შესახებ 2024 წლის 6 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მ. ზ–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მაისის განაჩენით:
3.1. მ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
3.2. მ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.3. მ. ზ–ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ მოითხოვა მ. ზ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ბ. ყ–მა მოითხოვა მ. ზ–ს სრულად გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
6.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი შორენა გვილავა ითხოვს მ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას;
6.2. მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ბ. ყ–ი ითხოვს მ. ზ–ს სრულად გამართლებას;
6.2.1. მსჯავრდებულ მ. ზ–ს 2025 წლის 19 დეკემბრის განცხადების თანახმად, იგი თანახმაა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივროს მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ყ–მა, იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნეს მისი მონაწილეობის გარეშე, ადვოკატის მონაწილეობით.
7. სპეციალური პენიტენციური სამსახურის N-.. პენიტენციური დაწესებულების პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის – გ. კ–ის 2026 წლის 20 მაისის №.. შეტყობინების თანახმად, ძებნილი მსჯავრდებული მ. ზ– 2026 წლის 12 მაისს შესახლდა N- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ- ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს მ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – მ. ზ–ს სრულად გამართლებას.
2.1. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დავის საგანია ჩაიდინა თუ არა მ. ზ–მ მისთვის ბრალადწარდგენილი/მსჯავრადშერაცხილი დანაშაული/ები.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ყ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით შერაცხილი მსჯავრიდან უნდა ამოერიცხოს – გენდერული დისკრიმინაციის მოტივზე (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) მითითება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 82-ე მუხლებისა და მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დგინდება მ. ზ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა.
4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ. ზ–ს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რაშიც მ. ზ– გამართლებულია) დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ამ ნაწილში მ. ზ–ს გამართლება განაპირობა.
4.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ. შ–ს განცხადება, ნ. ა–ს ჩვენება, მ. შ–სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია (რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე)) საკმარისია მ. ზ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში/ებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
4.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა მ. შ–მ (მსჯავრდებულის მეუღლე), ასევე ლ. ზ–მ (მსჯავრდებულის შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლის/მამის) – მ. ზ–ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე;
4.1.2. შესაძლო დანაშაულის შესახებ მ. შ–ს 2024 წლის 1 დეკემბრის განცხადება, რომელზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, მართალია უთითებს მ. ზ–ზე, როგორც დანაშაულის (ძალადობის) შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს (დაზარალებულის) დაკითხვის, მისი სანდოობის და მის მიერ სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის №1098აპ-24 და 2025 წლის 24 მარტის №1099აპ-24 განჩინებები).
4.1.2.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შესაძლო დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება/განცხადება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში/განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 31 მარტის №1065აპ-25 განაჩენი, 2024 წლის 25 აპრილის №86აპ-24 და 2024 წლის 20 მარტის №1317აპ-23 განჩინებები);
4.1.2.2. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა/,,შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება, მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ ეტაპზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv), ECtHR, 7/09/2023).
4.1.2.3. იმავდროულად, დაზარალებულ მ. შ–ს 2024 წლის 1 დეკემბრის განცხადება (მ. ზ–მ მ. შ–ს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე – ნ. ა–ს (დაზარალებულის დედა) გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მეუღლის ძალადობის შესახებ განაცხადებდა პოლიციაში, მ. ზ– მ. შ–ს კისერს გამოსჭრიდა) არ უთითებს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
4.1.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2024 წლის 2 დეკემბრის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20; 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20; 2021 წლის 14 სექტემბრის №442აპ-21).
4.1.4. უსაფუძვლოა კასატორის მითითება მოწმე ნ. ა–ს ჩვენებასა და ხმოვან შეტყობინებაზე, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები არ უთითებს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
4.1.4.1. ნ. ა–ს ჩვენება მ. ზ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით არის ირიბი, რადგან იგი ინციდენტის – მ. ზ–ს მიერ მ. შ–ს მიმართ ძალადობის – შემსწრე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადმოცემით იცის დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);
5. არასწორია კასატორი ბრალდების მხარის მტკიცება, რომ: ოჯახური ,,დანაშაულის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, სხვა დანაშაულის მტკიცების ტვირთისგან განსხვავებით, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას არ უნდა ხელმძღვანელობდეს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის“ მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობით“.
5.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
5.2. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5.3. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად, არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №4აპ-23 განჩინება).
5.4. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მ. ზ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, სასამართლო მოკლებულია ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
6. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი პირდაპირი/გარემოებითი (ნ. ა–ს ჩვენების, ხმოვანი შეტყობინების და სხვა) მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მ. ზ–ს უდანაშაულობის შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით მსჯავრდებიდან უნდა ამოერიცხოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივზე (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) მითითება, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
6.2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო, არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, par. 69, ECtHR, 18/06/2021; Lisica v. Croatia, no. 20100/06, par. 49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, paras.162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, paras. 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, paras. 56-58, ECtHR, 14/09/2019).
6.3. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალურ გარემოებათა გათვალისწინებით.
7. მ. ზ– მსჯავრდებულია – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, – რაც გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 1 დეკემბერს, დღის საათებში, ქ. ზ– მყოფი მ. ზ– მეუღლეს – მ. შ–ს – გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გამოიხატა ცოლის მიმართ მესაკუთრული, სტერეოტიპული დამოკიდებულებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, სოციალურ ქსელ ,,......-ის” გამოყენებით, მ...ში მყოფ მ. შ–ს დედას – ნ. ა–ს – მ. შ–სთვის გადაცემის მიზნით გაუგზავნა შეტყობინება, რაც ამ უკანასკნელმა გაუგზავნა მ. შ–ს და რომელშიც მ. ზ. აღნიშნავს, რომ მ. შ–ს მიერ სამართალდამცავ ორგანოში მომხდარის თაობაზე გაცხადების შემთხვევაში, იგი მას გამოსჭრიდა ყელს, რაც მ. შ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
7.1. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში ფარგლებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება მ. ზ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – სიცოცხლის მოსპობის მუქარის – გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, მეუღლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით ჩადენა. დაზარალებულმა მ. შ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ხმოვანი შეტყობინებით დგინდება, რომ მუქარა უკავშირდება მ. შ–ს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას (იმ შემთხვევაში თუ მ. შ. გაბედავდა პოლიციის განყოფილებაში მისვლას, მსჯავრდებული მას ყელს გამოჭრიდა) და არა – ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობას და მეუღლისადმი მესაკუთრულ დამოკიდებულებას.
7.2. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება უთითებს სადავო დანაშაულის გენდერის (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) ნიშნით ჩადენაზე. შესაბამისად, მ. ზ–ს მსჯავრადშერაცხილი ქმედებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენაზე.
8. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას, რომ ხმოვან შეტყობინებაზე არ ჩატარდა ფონოსკოპიური ექსპერტიზა და არ დადგენილა, ხმის მსჯავრდებულისადმი კუთვნილება, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: აღნიშნული შეტყობინების ადრესატის – ნ. ა–ს – ჩვენებას (მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ აუდიოჩანაწერში იყო მისი სიძის – მ....ს – ხმა; ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა მ....მ (11:58:55)); იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება მსჯავრდებულის მიმართ მოწმე ნ. ა–ს მიკერძოებული დამოკიდებულება, – შესაბამისად, არ არსებობს ნ. ა–ს ჩვენების სანდოობაში დაეჭვების საფუძველი; იმავდროულად, დაცვის მხარეს, მათ შორის, ადვოკატ ბ. ყ–ს ჰქონდა მოწმე ნ. ა–ს სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლობა (12:02:20).
8.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა, ასევე – მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი);
8.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. ზ–, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე წინასასამართლო სხდომასა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი იყო ადვოკატით, დაცვის მხარეს კანონით დადგენილი წესით გაეცვალა სადავო ჩანაწერი და სურვილის შემთხვევაში შეეძლო ჩაეტარებინა, ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა დაცვის მხარის პოზიციას. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა აღნიშნული უფლების განხორციელების შესაძლებლობა.
8.3. შესაბამისად, კასატორის პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სადავო ჩანაწერში არ არის დაფიქსირებული მ. ზ–ს ხმა, – უსაფუძვლოა.
9. მ. ზ–ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:
9.1. გასაჩივრებული – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის – განაჩენის თანახმად, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 მაისის განაჩენი, რომლის თანახმად: საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ასევე – დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
9.1.1. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრა უკავშირდებოდა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებს.
9.1.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა ქმედებების მაკვალიფიცირებელი ნიშანია (მაგალითად, როგოც მოცემულ შემთხვევაში – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით), აღნიშნული გარემოება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით დანაწესიდან გამომდინარე ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის №612აპ-25 განჩინება).
9.1.3. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, ვერ დასტურდება მ. ზ–ს მიერ მისთვის მსჯარადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ხანგრძლივობის ნაწილში (უნდა შემცირდეს 1 წლით – იმ ვადით, რა ვადითაც გაზრდილი იქნა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მ. ზ–სათვის განსაზღვრული სასჯელის ხანგრძლივობა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – ჩადენის გამო).
9.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
9.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
9.4. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).
9.5. ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას – მ. ზ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული; იმ გარემოებას, რომ იგი არ არის ნასამართლევი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრის მოტივს.
9.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით – 1 წლით.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის – შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ბ. ყ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ნოემბრის განაჩენში:
4. მ. ზ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
5. მ. ზ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მსჯავრდებიდან ამოერიცხოს დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე მითითება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
6. მ. ზ–ს სასჯელის ვადა აეთვლოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2026 წლის 12 მაისიდან;
7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე