საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1119აპ-25 თბილისი
ი-ი ვ., 1119აპ-25 20 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნ-ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ვ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენით ვ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. ი-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ვ. ი-მა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში მცხოვრებმა ნ. ი-მა, რომელიც 2017 წლის ივნისიდან 2021 წლის აგვისტოს თვემდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, 2017 წლის 31 ივლისს, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გაცემული N... მინდობილობის საფუძველზე, თავის მამას – ვ. ი-ს – მიანიჭა ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში მდებარე მისი და ა- ი-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით – .....) მარწმუნებლის სახელით საქმეთა წარმოების, მათ შორის, ქონების განკარგვის უფლება. მიიღო რა აღნიშნული, მარწმუნებლის თანასაკუთრებაში არსებული უძრავის ქონების განკარგვის უფლებით აღმჭურველი მინდობილობა, ვ. ი-მა განიზრახა, ხსენებული მინდობილობის გამოყენებითა და უფლებამოსილი ორგანოს შეცდომაში შეყვანის გზით, დაუფლებოდა ნ. ი-ის თანასაკუთრებაში არსებულ, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში მდებარე სხვა უძრავ ქონებასაც, საკადასტრო კოდით – ...... განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2017 წლის 6 ოქტომბერს ვ. ი-ი გამოცხადდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ნ-ის სარეგისტრაციო სამსახურში უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით – .....) თანამესაკუთრე ა- ი-თან ერთად და ნ-ის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს სთხოვა უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით – .....) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში მდებარე უძრავ ქონების (საკადასტრო კოდით – .....) თანამესაკუთრენი – ა- ი-ი, თავისი ნამდვილი ნების საფუძველზე, და ნ. ი-ი – წარმომადგენლის, ვ. ი-ის, სახით, ამ უკანასკნელზე ყიდდნენ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით – ...... წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად კი ვ. ი-მა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა 2017 წლის 31 ივლისის N- მინდობილობა. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ განიხილა ვ. ი-ის განაცხადი უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით – .....) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და 2017 წლის 11 ოქტომბრის -- გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ ნ. ი-ის მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემული N- მინდობილობით არ დასტურდებოდა ვ. ი-ის უფლება უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით – ....., შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მოითხოვა ვ. ი-ის მიერ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებამოსილ პირთა შორის გაფორმებული გარიგების წარდგენა. იმისათვის, რათა აღმოეფხვრა მარეგისტრირებელი ორგანოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი და ნ. ი-ის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა მოეყვანა სისრულეში, 2017 წლის 13 ოქტომბერს ვ. ი-მა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ნ-ის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მის მიერ ნ. ი-ის სახელით შევსებული და ხელმოწერილი ყალბი განაცხადი იმის შესახებ, რომ, თითქოსდა, ეს უკანასკნელი ეთანხმებოდა უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით – ....., 2017 წლის 6 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსს და თანახმა იყო უძრავი ქონების ვ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრაციისა. განაცხადის წარდგენის საფუძველზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ მიიღო გადაწყვეტილება, დაახლოებით, 63 000 (სამოცდასამი ათასი) ლარად ღირებული, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით – ..... ვ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ. ვ. ი-მა ზემოაღნიშნული ქმედებით უძრავი ქონების თანამესაკუთრეს – ნ. ი-ს – მიაყენა, დაახლოებით, 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდნობის ქონებრივი ზიანი.
· 2017 წლის 6 ოქტომბერს ვ. ი-მა განაცხადით მიმართა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ნინოწმიდის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით – .....) მარწმუნებლის ნ. ი-ის სახელით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ 2017 წლის 11 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმის გამო, რომ ნ. ი-ის მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემული N... მინდობილობით არ დასტურდებოდა ვ. ი-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და მოითხოვა ვ. ი-ის მიერ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებამოსილ პირთა შორის გაფორმებული გარიგების წარდგენა. იმისათვის, რომ აღმოეფხვრა მარეგისტრირებელი ორგანოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი, ვ. ი-მა ნ. ი-ის სახელით დაამზადა, იმავე პირის სახელით ხელი მოაწერა ყალბ განაცხადს იმის შესახებ, რომ, თითქოსდა, ეს უკანასკნელი ეთანხმებოდა უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით – ....., 2017 წლის 6 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსს და თანახმა იყო უძრავი ქონების ვ. ი-ის საკუთრებაში რეგისტრაციაზე. ნ. ი-ის სახელით დამზადებული და ხელმოწერილი ხსენებული ყალბი განაცხადი ვ. ი-მა 2017 წლის 13 ოქტომბერს წარადგინა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ნ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, რის საფუძველზეც, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ მიიღო გადაწყვეტილება, დაახლოებით, 63 000 (სამოცდა სამი ათასი) ლარად ღირებულ, თანასაკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით – ..... – ვ. ი-ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, მსჯავრდებულ ვ. ი-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 3 ივლისიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი, კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ასევე – უთითებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არასწორად გამოყენებაზე.
5. მსჯავრდებულის ადვოკატი ნ. ს-ი ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ვ. ი-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №332აპ-17, №1100აპ-22, №1216აპ-24, №694აპ-25).
8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თაღლითობის თავისებურება გამოხატულია მისი ჩადენის ხერხში; „ქონებრივი სარგებლის მიღება (ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მოპოვება) უნდა განხორციელდეს მოტყუებით. შესაბამისად, არ არის საკმარისი მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება, აუცილებელია, დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და დანაშაულის სპეციალური ხერხით – დაზარალებულის მოტყუებით/ნდობის ბოროტად გამოყენებით – ჩადენა. მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით (მაგალითად, წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინება ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის)...“. „ქმედების სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია რეალობის დამახინჯებულად მიწოდების მტკიცება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის №698აპ-19, 2023 წლის 16 მაისის №37აპ-23 განაჩენები).
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვ. ი-ის უდანაშაულობის შესახებ, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: დაზარალებულ ნ. ი-ის, მოწმეების: ლ. კ-ის, ა. მ-ის, ქ. მ-ის ჩვენებებით, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 7 თებერვლის №- დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის 2023 წლის 30 მარტის - დასკვნით, დოკუმენტაციის ამოღების ოქმით და ნივთმტკიცების სახით ამოღებული, 2017 წლის 31 ივლისს გაცემული N- სანოტარო მინდობილობით, ნ. ი-ის სახელით შესრულებული, 2017 წლის 13 ოქტომბრით დათარიღებული განცხადებით, N- მომართვის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და თანდართული დოკუმენტაციით, მომართვის წერილით საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან -- და ნ. ი-ის მიერ საზღვრის კვეთის ამსახველი ინფორმაცია, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ვ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების – თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების – ჩადენა.
10. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2017 წლის 13 ოქტომბრის საჯარო რეესტრში წარმოდგენილი განაცხადი ხელმოწერილია ბრალდებულის მიერ, შესაბამისად, ვლინდება მისი მონაწილეობა გაყალბებაში, ხოლო, ვინაიდან განაცხადი მის მიერვე იყო ჩაბარებული/წარდგენილი საჯარო რეესტრში, მაშინ გამოყენებაც სახეზეა, მით უფრო, რომ ამ დოკუმენტის გამოყენებით მსჯავრდებულმა უკანონოდ მიიღო საკუთრებაში სხვისი ქონება – ნ. ი-ის თანასაკუთრებაში არსებული, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით – ......
11. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო მინდობილობა მხოლოდ უძრავ ქონებაზე საკასადასტრო კოდით – ....., დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ნ. ი-მა გასცა თანხმობა უძრავ ქონებაზე საკასადასტრო კოდით – ....., მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც თვით ნ. ი-მა აჩვენა სასამართლოში, რომ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით – ..... – არანაირი მინდობილობა/თანხმობა არ მიუცია. ასევე – 2017 წლის 13 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება შევსებულია ნ. ი-ის და არა – ვ. ი-ის სახელით. შესაბამისად, მსჯავრდებულმა ხელი მოაწერა არა თავისი სახელისა და გვარის გვერდით, არამედ – სხვისი, რომლის უფლებამოსილებაც არ ჰქონდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ დოკუმენტი გაყალბებულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც განცხადება სხვის მიერ ყოფილიყო მომზადებული, მაგალითად, რეესტრის თანამშრომლის მიერ, ამ დოკუმენტზე ხელმოწერებიდან და რეესტრში წარდგენიდან (ჩაბარებიდან) იწყება ვ. ი-ის პასუხისმგებლობა, კერძოდ, დოკუმენტის შექმნა მთავრდება ხელმოწერით. დოკუმენტზე ხელმოწერით და რეესტრში ჩაბარებით მსჯავრდებულმა, ფაქტობრივად, ცალსახად გამოიყენა ყალბი დოკუმენტი, რის მეშვეობითაც დაეუფლა სხვის ქონებას, მით უფრო, რეესტრის თანამშრომელმა ანდრეი მასკალსკიმ სასამართლოს განუმარტა, რომ ვ. ი-მა იცოდა განცხადების შინაარსი, თვითონ ხელი მოაწერა და წარადგინა/ჩააბარა რეესტრში.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, ისინი გაფრთხილებულნი არიან, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებლობის შესახებ და ჩვენებები მისცეს ფიცის ქვეშ მყოფებმა. ამდენად, მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მტკიცებულებებს შორის რაიმე მნიშვნელოვანი და არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ი-ის ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში არის კანონიერი.
14. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება ბრალდების მხარის საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
15. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
.
17. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ი-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასაკის, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციებით დაწესებულ სასჯელთა ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ვ. ი-ისთვის როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი წარმოადგენს საკმარისად მძიმე, ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებას სასჯელის მიზნების მისაღწევად. ბრალდების მხარე კი ვერ უთითებს სხვა რელევანტურ გარემოებას, რაც, შესაძლოა, განხილული იქნეს სასჯელთა დამძიმების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და რაც წარმოაჩენს ცხად საფუძველს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელების შესაცვლელად.
19. პროკურორი პრეტენზიას აცხადებს ასევე მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი არ შედის როგორც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი-მე-3 მუხლების, ისე – ამავე კანონის მე-7 მუხლის (ისევე, როგორც სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩამონათვალში და დაზარალებულმა უარი განაცხადა მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელებზე ამნისტიის გავრცელების შესახებ. სწორედ ამიტომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
20. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის კიდევ ერთი არგუმენტია მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, განაჩენში მითითებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე და სასჯელიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, „ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443-ე, 149-ე-1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“. ამდენად, მართალია, დაზარალებული მსჯავრდებულის შვილია, მაგრამ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლების ჩამონათვალს, სადაც სსკ-ის 180-ე მუხლის მითითებული არ არის, შესაბამისად, ვ. ი-ის ქმედება ვერ ჩაითვლება ოჯახურ დანაშაულად და არც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი აუცილებლობა ექნება სასამართლოს.
21. ამრიგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და, ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო მხარეთა საკასაციო საჩივრები არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ ვ. ი-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრადშერაცხილ ქმედებათა ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა სააპელაციო საჩივრებს ამომწურავად და დასაბუთებულად უპასუხა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა კასატორთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნ-ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ვ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე