საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2026
საქმის ნომერი
2კ-1156აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100125010827931

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1156აპ-25 11 მაისი, 2026 წელი

ს–ე ს. №1156აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ს–ე (პირადი ნომერი: ………) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 4 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თ–ში, ........ მოედანზე მდებარე სასტუმრო „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ს. ს–ემ, თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი მ. ქ–ეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, ს. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა და საბოლოოდ, ს. ს–ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2024 წლის 5 დეკემბრიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ს. ს–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ს. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. ჩ–მა და გ. ბ–ემ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ ს. ს–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2025 წლის 2 დეკემბერს, მსჯავრდებულ ს. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ჩ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ს–ის მიმართ უკანონოა. გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს არაერთხელ დაირღვა ს. ს–ის უფლებები, კერძოდ: დაკავებისას ს. ს–ის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, იგი აწამეს და ითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას; უკანონოა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის, 2025 წლის 27 მაისისა და 2025 წლის 24 ივლისის სხდომებზე მიღებული ზეპირი (საოქმო) განჩინებები, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მ. ქ–ის ჩვენება, ასევე 29 წამიანი დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი და სწორედ ამ მტკიცებულებებს დააყრდნო გამამტყუნებელი განაჩენი; სასამართლომ განაჩენში აღნიშნა, რომ ვერ დაინახა მ. ქ–ის მიერ თ. ჭ–ეზე განხორციელებული ძალადობა, ამავდროულად განაჩენიდან გააქრო დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ჩანს მ. ქ–ის მხრიდან ძალადობა და თავდასხმა შეკრებილი მოქალაქეების ჯგუფზე, კერძოდ კი, თ. ჭ–ზე. კასატორის მტკიცებით, სასამართლოები დაეყრდნენ საეჭვო მტკიცებულებებს, როგორიცაა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები და მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოა. პოლიციელთა ჩვენებებში კასატორს ეჭვი შეაქვს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ მათ ვერ დაინახეს მ. ქ–ის მხრიდან თ. ჭ–ეზე ძალადობის ფაქტი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ წარმოადგინა თ. ჭ–ე, რომელმაც გარკვევით განმარტა, რომ მ. ქ–ემ მას სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ჩვენებასთან ერთად დაცვის მხარემ წარმოადგინა სხვა მოწმეებიც და ვიდეოჩანაწერიც, თუმცა ნაცვლად იმისა რომ სასამართლოს გაეზიარებინა თ. ჭ–ის ჩვენება, მიიჩნია, რომ მ. ქ–ის ჩვენება არის სანდო და უტყუარი. მარტივი ლოგიკაა, თუ მ. ქ–ე ამბობს, რომ არ დაურტყამს, თ. ჭ–ე კი უთითებს, რომ დაარტყა და ვიდეოშიც ნათლად ჩანს დარტყმა, სასამართლომ უნდა განმარტოს რატომ არ იზიარებს თ. ჭ–ის ჩვენებას. თ. ჭ–ის ჩვენებისა და ვიდეოჩანაწერის დისკრედიტაციის გარეშე მ. ქ–ის ჩვენების გაზიარება არის „turning a blind eye“ დაცვის მხარის მტკიცებულებების მიმართ. სასამართლომ დააიგნორა ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარმომავლობის საკითხი, გასაგებია რომ ს. ე–თან ინახებოდა მტკიცებულება, მაგრამ ს. ე–ს არ შეუმოწმებია ამ ვიდეოჩანაწერის ავტორი, არ დაუნიშნავს ექსპერტიზა და არ ჩაძიებია საიდან მოვიდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აქვს რესურსი გადაამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, სასამართლომ ბრმად არ უნდა დაუჭიროს მხარი და არ უნდა წაახალისოს სავარაუდო გულგრილი ქცევა, რომელიც მიმართულია მსჯავრდებულის წინააღმდეგ. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ სახეზე არ იყო აუცილებელი მოგერიება, გამომდინარე იქიდან, რომ თანაფარდობა დაზარალებულსა და პოლიტიკური პარტიის წევრებს შორის იყო არათანაბარი. სასამართლოს დაავიწყდა, რომ მ. ქ–ის უკან ასობით სპეცრაზმელი იდგა. ამავდროულად, თანაფარდობას არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან თავდამსხმელის განეიტრალება უნდა მოხდეს მყისიერად. სასამართლომ დააიგნორა მ. ქ–ის თავდასხმა, რითაც ავტომატურად გამორიცხა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას, ზედაპირულად შეაფასა ს. ს–ის პიროვნება და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ს. ს–ე სავარაუდოდ დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, იგი არის პოლიტიკური პარტიის წევრი, რომელსაც თავს დაესხნენ ე.წ. „ტიტუშკები“, დაზარალებულად არის ცნობილი იგივე საქმეზე და არაერთხელ განიმარტა, რომ მას არ აქვს სასჯელის დამამძიმებელი ისეთი გარემოებები რომელიც ხელს შეუშლიდა სასამართლოს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებაზე. საბოლოოდ, კასატორის მოთხოვნაა, დასაშვებად იქნეს ცნობილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი და გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის, 2025 წლის 27 მაისის და 2025 წლის 24 ივლისის სხდომებზე მიღებული ზეპირი (საოქმო) განჩინებები, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე, ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის, 2025 წლის 20 ივნისისა და 2025 წლის 24 ივლისის სხდომებზე მიღებული ზეპირი (საოქმო) განჩინებები. მიეცეს დაცვის მხარეს საშუალება დაკითხოს მოწმეები და გამოიკვლიოს უდავოდ გამხდარი მტკიცებულებები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ როგორც სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ისე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს. ს–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

5.5. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც კასატორი მხოლოდ მიმოიხილავს სასამართლოების მიერ საქმის არსებითი განხილვისას საპროცესო ნორმების უხეშად დარღვევას, ამასთანავე, მოითხოვს პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ მიღებული შუალედური გადაწყვეტილებების გაუქმებას, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და დაასაბუთოს მოთხოვნის საფუძვლიანობა, ასევე მიუთითოს კონკრეტულად, რაში გამოიხატა სასამართლოების მიერ მსჯავრდებულის უფლებების უხეში დარღვევა.

5.7. საკასაციო სასამართლოს თავდაპირველად მიზანშეწონილად მიაჩნია დაცვის მხარეს მიუთითოს, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განიხილავს ს. ს–ის მსჯავრდების საქმეს, ისევე როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოები. სასამართლომ საკითხი უნდა განიხილოს წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა თუ არა ს. ს–ის მიერ მ. ქ–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი, ინდივიდუალური, რელევანტური და სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, მხოლოდ სამართლებრივი შეფასების გზითა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

5.8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში ძირითადი საკითხები შეეხება: ს. ს–ის უდანაშაულობას იმაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ჩვენებას, რომელებიც არასანდოა, ასევე ვიდეოჩანაწერს, რაზეც ჩატარებული არ არის შესაბამისი ექსპერტიზა მონტაჟის ნიშნებისა და ვიდეოჩანაწერში ს. ს–ის ვინაობის დასადგენად და მ. ქ–ის შესაძლო ძალადობას თ. ჭ–ეზე, რამაც დაცვის მხარის პოზიციით, თავდამსხმელი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩააყენა.

5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მოწმის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მხოლოდ მოწმის სტატუსიდან და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენების უპირობოდ გაზიარება, ისე რომ არ მოხდეს საპირწონე არგუმენტების შეფასება – დაუშვებელია. ანალოგიურადაა დაუშვებელი მოწმე პოლიციელთა ჩვენებების გაუზიარებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, რომლებიც მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან, ასევე სასამართლოს მიერ დასაბუთებული უნდა იყოს ის გარემოებები რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გაიზიარა კონკრეტული მოწმის (მათ შორის, პოლიციელის) ჩვენება.

5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ყველა მოწმის ჩვენება იდენტური ვერ იქნება და გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შესაძლოა არსებობდეს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა აღნიშნული არ უნდა იყოს არსებითი, რაც გონივრულ კითხვებს გააჩენს მტკიცების საგანთან მიმართებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17). მოცემულ შემთხვევაში მსგავსი სახის წინააღმდეგობები, რაც მტკიცების საგანთან მიმართებით გონივრულ კითხვებს გააჩენდა არ არსებობს და გაქარწყლებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ისეთი მაღალი დამაჯერებლობის მქონე მტკიცებულებით, როგორიცაა ვიდეოჩანაწერი, რომლის გამოკვლევის პროცესშიც უტყუარად დადასტურდა ს. ს–ის მონაწილეობა განსახილველ დანაშაულში.

5.11. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო არ გაიზიარებს მ. ქ–ის ჩვენებას, არსებითად არ შეიცვლება სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ვიდეოჩანაწერებით. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს მოწმეთა ჩვენებების მნიშვნელოვან დეტალებზე. კერძოდ, მოწმეების – მ. წ–ს, ლ. ჯ–სა და მ. ს–ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში თ...ი, ....ს მოედანზე, სასტუმრო „........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ ოპერატიულ დავალებას, რა დროსაც მოულოდნელად სიტუაცია დაიძაბა, ამ მომენტში დაინახეს, რომ ს. ს–ემ ორჯერ ან სამჯერ დაარტყა თავში მ. ქ–ეს ჯოხისმაგვარი საგანი. შედეგად, დაზრალებულმა მიიღო დაზიანება – მოსდიოდა სისხლი. ს. ს–ე ხალხში გაერია და გაეცალა იქაურობას. მათ მ. ქ–ე გაარიდეს ხალხს და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმეების მ. წ–სა და ლ. ჯ–ს ჩვებებებით ასევე დგინდება, რომ მოგვიანებით გამოიკითხნენ გამომძიებლის მიერ, რის შემდეგაც ფოტოსურათით ამოიცნეს ბრალდებული ს. ს–ე. დაზარალებულ მ. ქ–ის სხეულზე (თავის მიდამოში) დაზიანებების არსებობა დასტურდება, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციით და მოწმე ო. დ–ს ჩვენებით, ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 21 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ კ. ც–ს ჩვენებით. მ. ქ–ეს დაესვა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, თავის ღია ჭრილობა, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

5.12. ამდენად, ს. ს–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, სადაც ჩანს ს. ს–ე, რომელიც ხალხით გარშემორტყმულ მ. ქ–ეს, ჩოჩქოლის დროს, თავის არეში რამდენჯერმე ძლიერად ურტყამს ხელკეტის მსგავს საგანს. აღნიშნული საკითხი რელევანტურია მოწმეთა ჩვენებების სანდოობის კონტექსტში, რასთან დაკავშირებითაც აპელირებს დაცვის მხარე.

5.13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება სასამართლო ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით და აფასებს მის წინაშე წარდგენილ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, თითქოსდა ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები ვერ გამოდგება ვალიდურ და წონად მტკიცებულებად, ვინაიდან, გამომძიებელმა ვერ გააბათილა ვერსია, რომლის მიხედვითაც ლ. ჯ–ეს და მ. წ–ს ნანახი ჰქონდათ ვიდეოჩანაწერი, რის შემდეგაც ამოიცნეს ს. ს–ე. სააპელაციო პალატამ ამ საკითხთან მიმართებით დაცვის მხარეს ამომწურავი პასუხი გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5.14. კასატორს პოლიციელთა ჩვენებებში ეჭვი შეაქვს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ მათ ვერ დაინახეს მ. ქ–ის მხრიდან თ. ჭ–ზე ძალადობის ფაქტი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ წარმოადგინა თ. ჭ–ე, რომელმაც გარკვევით განმარტა, რომ მ. ქ–მ მას სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ჩვენებასთან ერთად დაცვის მხარემ წარმოადგინა სხვა მოწმეებიც და ვიდეოჩანაწერიც.

5.15. დაცვის მხარის ვერსიით, ვიდეოში ასახული პირი, რომელიც ხელკეტს ურტყამს მ. ქ–ეს, არ არის ს. ს–ე, თუმცა რომც იყოს მსჯავრდებული, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მ. ქ–ემ დაარტყა თ. ჭ–ეს, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან იცავდა, თ. ჭ–ის სამართლებრივ სიკეთეს. საკასაციო პალატა, კვლავაც მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილება ს. ს–ის ბრალდების საქმე, სადაც დაზარალებულად ცნობილია მ. ქ–ე და არა მ. ქ–ის მხრიდან თ. ჭ–ზე შესაძლო ძალადობის ფაქტი, თუმცა ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დაცვის მხარის სტრატეგიას მსჯავრდებულის უდანაშაულობის დადასტურების თვალსაზრისით საკასაციო პალატა ამ ჭრილში მოკლედ მიმოიხილავს თ. ჭ–ის ჩვენებასა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს.

5.16. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

5.17. ამ შემთხვევაშიც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დაზარალებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ. ჭ–ესთან ფიზიკურ შეხებას, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მ. ქ–ეს ,,კაპიუშონი“ გადახადა და შეეცადა მის იდენტიფიკაციას. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ ფიზიკური კონტაქტი იყო მოულოდნელი რეაქცია თ. ჭ–ის ქმედების საპასუხოდ, რომლის ინტენსივობის ხარისხი და ხასიათი იმწუთიერად ვერ წარმოშობდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას, რამდენიმე ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით: მ. ქ–ისთვის ხელკეტისმაგვარი საგნის ჩარტყმა ხდება იმ დროს, როცა ხალხით გარშემორტყმული დაზარალებული ტრიალებს და რაიმე ქმედებას არ ახორციელებს, პირიქით ცდილობს აგრესიულად განწყობილი საზოგადოებისგან თავის დაღწევას. მისი ქმედება იყო საპასუხო რეაქცია თ. ჭ–ის ქმედებაზე, რაც ნამდვილად არ ჰგავდა ნაცნობი პირის იდენტიფიკაციის მიზნით „კაპიუშონის“ გადახდის მცდელობას, როგორც ამას მოწმე განმარტავს. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სახეზე არ არის ხელყოფის იმწუთიერების კომპონენტი, რაც ძირითადი პირობაა აუცილებელი მოგერიების არსებობის შესაფასებლად. დაცვის მხარის პოზიცია სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და მიმართულია დაზარალებულის დისკრედიტაციისკენ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ს. ს–ე იმყოფება ოდნავ მოშორებით და თავში რამდენჯერმე დარტყმა დაზარალებულის მიმართ ხორციელდება, არა უმალვე, არამედ რამდენიმე წამის შემდეგ, რა დროსაც მ. ქ–ე ცდილობს იქ მყოფი ხალხისგან თავის დაცვასა და მათგან თავის დაღწევას, რა დროსაც არ არსებობს თ. ჭ–ის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის რაიმე წინაპირობა.

5.18. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და არადამაჯერობლობის მხრივ, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009), ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, არ განმეორდეს და დაცვის მხარის რამდენიმე საკვანძო არგუმენტს მოკლედ უპასუხოს.

5.19. დაცვის მხარის პოზიცია, ბრალდებულის ჩვენება და საკასაციო საჩივარი დიდწილად შეეხება, იმ გარემოებას, რომ მოპყრობა, რომელსაც დაექვემდებარა ს. ს–ე დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას – წარმოადგენდა წამებას. დაცვის მხარის პოზიციით ს. ს–ის მიმართ, ასევე დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რომელიც მოიცავს ეფექტიანად დაცვის უფლებას, უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, გამოიკვლიოს საკუთარი მტკიცებულებები და ისარგებლოს ადვოკატის უფლებით.

5.20. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ს. ს–ე ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გულისხმობს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ჩადენილს ძალადობით. ამდენად, ნათელია, რომ ამ ფაქტთან მიმართებით მიმდინარეობს გამოძიება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება ს. ს–ის მიმართ წამების ფაქტი, აღნიშნული გარდამტეხ მნიშვნელობას ვერ იქონიებს ს. ს–ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მსჯავრდებაზე, ვინაიდან არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას, არ დაყდნობია უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებას, მით უფრო, რომ ს. ს–ე სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა ბრალს და დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა არ ეფუძნება მის მიერ ბრალის აღიარებას.

5.21. რაც შეეხება, ზემოხსენებული საქმის ირგვლივ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობას (დაცვის მხარის თანხმობის გარეშე) და აღნიშნულის შედეგად დაცვის მხარის პოზიციას, რომ ს. ს–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში დაცვის მხარემ ვერ შეძლო მსჯავრდებულზე განხორციელებული წამების ფაქტის გამოვლენა – საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული მტკიცებულებები ს. ს–ის ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, შესაძლო წამების გამოვლენა უნდა მოხდეს ს. ს–ის მსჯავრდების საქმისგან დამოუკიდებლად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა არ გულისხმობს მტკიცებულებების შეუფასებლობას, ვინაიდან სასამართლო ერთნაირი გულისყურით აფასებს სადავო და უდავო მტკიცებულებების შინაარს და რელევანტურობის გათვალისწინებით აფუძნებს მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, ზემოხსენებულის შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტებები ვერ გადაწონის იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც აღიარებითი ჩვენების გარეშეც საკმარისია ს. ს–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.22. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ დაცვის უფლება ბრალდებულის ერთ-ერთი ფუნდამეტური უფლებაა, რომლის დარღვევამაც შესაძლოა მთლიანი სამართალწარმოების პროცესი უსამართლოდ აქციოს და სამართლიანი სასამართლოს უფლება ხელყოს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით, დადასტურებულია, რომ ს. ს–ე, სასამართლო პროცესებზე (პირველი წარდგენის სხდომა და წინასასამართლო სხდომა) უზრუნველყოფილი იყო კვალიფიციური ადვოკატებით, რომლებმაც ისარგებლეს კანონით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით.

5.23. დაცვის მხარე ასევე ასაჩივრებს სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 მარტს, 2025 წლის 27 მაისსა და 2025 წლის 24 ივლისს მიღებულ საოქმო განჩინებებს ს. ს–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ შესაბამის ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით სწორად შეაფასა მომდინარე საფრთხეები, ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

5.24. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი – კანონიერი.

5.25. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.26. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ჩ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე