ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1165აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1165აპ-25 20 აპრილი, 2026 წელი

ს-ი კ., №1165აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ს-ის ადვოკატის – დ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ს-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

1.2. კ. ს-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით, კ. ს-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2020 წლის 4 ოქტომბერს ი. ვ-ას მოთხოვნის საფუძველზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – კ. ს-ის – მიმართ 30 დღით გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე კ. ს-ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – ი. ვ-ასთან – კონფლიქტში შესვლა და ნებისმიერი სახის კონფლიქტური ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ კ. ს-ი გაფრთხილებული იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, 2020 წლის 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, კ. ს-ი მივიდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ვ-ასთან, თ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და აგინა მას. აღნიშნული ქმედებით კ. ს-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, კ. ს-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. კ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2022 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ირაკლი ყვავაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ კ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება;

კ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით (რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენი), კ. ს-ისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 თვით და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ს-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

კ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების საფუძვლით, მისი დაკავების მომენტიდან;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 მუხლის საფუძველზე, აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში, კ. ს-ს ჩაეთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განაჩენი) პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 2 აგვისტოდან 2023 წლის 27 იანვრის ჩათვლით.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ კ. ს-ის ადვოკატი – დ. ბ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს კ. ს-ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, აგრეთვე – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ს-ის ადვოკატის – დ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს კ. ს-ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, აგრეთვე – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. ამდენად, მხარეებს შორის სადავო არ არის კ. ს-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

3. საკასაციო სასამართლო, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის შეფასებამდე, ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ. ს-ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ კ. ს-ისთვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე – დანაშაულის აღიარება, მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა (მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი) და დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

7. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რა დროსაც დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნოს მინიმალურ ზღვარზე სულ მცირე ერთი წლით მეტი ვადით. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლი მაკვალიფიცირებელ ნიშნად არ ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც, აღნიშნული გარემოება უნდა შეფასდეს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. შესაბამისად, კ. ს-ისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება იყოს 2 წელზე ნაკლები.

8. საკასაციო სასამართლო, კასატორის პოზიციის საპასუხოდ, განმარტავს, რომ კ. ს-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მოცემულ შემთხვევაში კ. ს-მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში (თბილისის პრობაციის ბიუროს 2021 წლის 2 ივნისის წერილის თანახმად, კ. ს-ს გამოსაცდელი დაუსრულდა 2021 წლის 1 ივნისს, ხოლო დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 4 ოქტომბერს). აღნიშნული გარემოება ნათლად მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მანამდე გამოჩენილმა ლმობიერებამ (წინა დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლამ) ვერ შეასრულა პრევენციული ფუნქცია და ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულის მხრიდან კანონმორჩილი ქცევა. ამდენად, ნათელია, რომ სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების მსუბუქი ფორმა არ აღმოჩნდა საკმარისი სასჯელის მიზნების მისაღწევად. ასეთ ვითარებაში კანონმდებლობა მკაცრ რეგულაციას აწესებს. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში განზრახ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო აუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს სასჯელს უნიშნავს ამავე კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გამოყენება წარმოადგენს საგამონაკლისო შესაძლებლობას, რომელიც დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულია საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაც. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა (საპროცესო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში) საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დაუშვებელია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის №525აპ-22 განაჩენი).

10. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივი რეგულაციებისა და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ. ს-ისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

11. იმავდროულად, უზენაესი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხი უკავშირდება დანაშაულის ჩადენის დროს და არა განაჩენის გამოტანის მომენტს. კერძოდ, თუ განზრახი დანაშაული ჩადენილია გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, აღნიშნული წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, განაჩენის გამოტანის მომენტისთვის გასულია თუ არა გამოსაცდელი ვადა, ვინაიდან ასეთი დათქმა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის (იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის №401აპ-15 განაჩენი). გამოსაცდელ ვადაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისას არ აქვს მნიშვნელობა, განაჩენი დადგინდება აღნიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში თუ მისი დასრულების შემდეგ (იხ. უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის №525აპ-22 განაჩენი). ამდენად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით (რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენი), კ. ს-ისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

12. კ. ს-ისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომელიც ცალკეული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის შეღავათს ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა [...] საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული ან ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ს-ისთვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით, ვინაიდან, ამნისტიის გამოყენებაზე დაზარალებულის თანხმობის არსებობასთან ერთად, საკასაციო სასამართლოში დაცვის მხარემ წარმოადგინა კ. ს-ის თანხმობა ამნისტიის გამოყენებასა და დამცავი ორდერის გამოცემაზე. შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. ს-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ამნისტიის გამოყენების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ კ. ს-ის ადვოკატის – დ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენი;

3. კ. ს-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით (რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენი), კ. ს-ისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და 21 დღით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ს-ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით;

6. კ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2025 წლის 24 ნოემბრიდან; მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 მუხლის საფუძველზე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განაჩენი) პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 2 აგვისტოდან 2023 წლის 27 იანვრის ჩათვლით;

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კ. ს-ის მიმართ 4 თვით გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:

· კ. ს-ს დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები:--- აეკრძალოს დაზარალებულ ი. ვ-ას (პირადი №-, მცხოვრები: თ-ში) საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება, აგრეთვე – მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა;

· კ. ს-ს აეკრძალოს ი. ვ-ასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

8. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი მოქმედების ვადა აითვლება მსჯავრდებულ კ. ს-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

9. დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე