დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№32I-26 ქ. თბილისი
შ. ა., 32I-26 18 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. შ-ის (A. Sh.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 29 მაისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ყ-ის რესპუბლიკაში ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2025 წლის 29 მაისს ყ-ის რესპუბლიკის ქ. ა-ის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ცალკეული ასეულის გამომძიებლის მიერ მიღებული – ა. შ-ის (A. Sh.) ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილების თანახმად, ა. შ-ი (A. Sh.) ეჭვმიტანილია ყ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ანუ სხვისი ქონების მიტაცება მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.2. 2025 წლის 31 მაისს ყ-ის რესპუბლიკის ქ. ა-ის სპეციალიზებული რაიონთაშორისო საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაიცა დადგენილება ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად გამოყენების შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა. შ-ი (A. Sh.) ეჭვმიტანილია ყ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ანუ სხვისი ქონების მიტაცება მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1.3. 2025 წლის 17 ივნისიდან ა. შ-ი (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. საქართველოში ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2025 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ყ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. შ-ი (A. Sh.);
2.2. 2025 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ა. შ-ს (A. Sh.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2.3. 2025 წლის 29 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ა. შ-ის (A. Sh.) ექსტრადიციის თაობაზე, მიღებულ იქნა ყ-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.4. 2026 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ შეფარდებული პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 20 ივნისამდე.
2.5. ამჟამად, ა. შ-ი (A. Sh.) იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
ა. შ-ს (A. Sh.) ბრალად ედება შემდეგი: 2023 წლის აგვისტოში ა. შ-ს (A. Sh.) გაუჩნდა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად დაუფლების განზრახვა. კერძოდ, ა. შ-მა (A. Sh.) შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განსახორციელებლად კომერციული ბიზნესით დაკავებული მისი ნაცნობების წრეში ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა 7 500 000 000 ტენგედ შეეძინა უძრავი ქონება – სავაჭრო სახლი “ბ-ი“, მდებარე ქ. ა-იში. აღნიშნულის შემდგომ, ა. შ-მა (A. Sh.) შესთავაზა ხ. რ-ს სავაჭრო სახლი “ბ-ის“ გამოგონილი შეძენა. თავის მხრივ, ხ. რ-ი დაინტერესდა ამ შემოთავაზებით, ვინაიდან ფასი საბაზროზე დაბალი იყო. სრულიად ენდობოდა რა ა. შ-ს (A. Sh.), დასთანმხდა გარიგებას. ხ. რ-მა ა. შ-ს (A. Sh.) ზემოაღნიშნული სავაჭრო ცენტრის შესაძენად გადასცა, ჯამურად, 685 500 000 ტენგეს ოდენობის თანხა, თუმცა, ფულადი თანხის მიღების შემდეგ ა. შ-მა (A. Sh.) არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ფულადი სახსრები დახარჯა პირადი საჭიროებებისათვის. ამდენად, თავისი დანაშაულებრივი ქმედებებით ა. შ-მა (A. Sh.) ხ. რ-ს მიაყენა, 685 500 000 ტენგეს (დაახლოებით, 4 047 045 ლარი) ოდენობის მატერიალური ზიანი.
4. 2026 წლის 26 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. შ-ის (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად სანქცირების შესახებ 2025 წლის 31 მაისს ყ-ის რესპუბლიკის ქ.ა-ის სპეციალიზებული რაიონთაშორისო საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემულ დადგენილებაში და დასჯადია ყ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ანუ სხვისი ქონების მიტაცება მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 29 მაისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ა. შ-ის (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. შ-ის (A. Sh.) ადვოკატი დ. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებასა და ა. შ-ის (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაცვის მხარის შეფასებით, ა. შ-მა (A. Sh.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა საერთაშორისო დაცვის მიღების მოთხოვნით, რამდენადაც ა. შ-ი (A. Sh.) საქართველოში იმყოფება არა მიმალვის, არამედ თავშესაფრის მიღების მიზნით. ა. შ-ს (A. Sh.) თავის ქვეყანაში დევნიან, მას და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაზეც მიუთითებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები;
6.2. დაცვის მხარის შეფასებით, ა. შ-ის (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია არსებითად დაარღვევს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ სტანდარტებს. ა. შ-ი (A. Sh.) აცხადებს, რომ მისი ექსტრადიციის შემთხვევაში თუ ის განაცხადებს, რომ მას რ. რ-ის არც ერთი კაპიკი არ მართებს, რედიასიბოვს იმხელა გავლენა აქვს ყ-ის რესპუბლიკის ადმინისტრაციაში, რომ თვითონ შეუწყობს ხელს, ა. შ-ის (A. Sh.) სასამართლოს მიერ გამართლებას და გათავისუფლებას, იმისათვის, რომ გათავისუფლებული ა. შ-ი (A. Sh.) გაიტაცონ, აწამონ და მოკლან (საქმე ეხება 1 500 000 დოლარის გამოძალვას).
6.3. დიპლომატიური გარანტიების განხილვისას სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს აღნიშნული გარანტიების სანდოობა ყ-ში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის და წამების პრაქტიკის გათვალისწინებით.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 29 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. ყ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. შ-ი (A. Sh.) 2025 წლის 20 დეკემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება განხორციელდება ისეთი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით.
5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ყ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:
5.1.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია ყ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ანუ სხვისი ქონების მიტაცება მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), რისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებულია 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
5.1.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 9 წლამდე.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება ა. შ-ს (A. Sh.) განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ა. შ-ისათვის (A. Sh.) ბრალადშერაცხული ქმედება განხორციელდა 2023 წელს, ხოლო მის მიმართ დაკავების ბრძანება გამოცემულია 2025 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
6.2. ყ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით ა. შ-ისათვის (A. Sh.) ბრალადწარდგენილი დანაშაულებისათვის ხანდაზმულობის ვადა არის 15 წელი. დანაშაულებრივი ქმედებები, სავარაუდოდ, განხორციელდა 2023 წელს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ა. შ-ის (A. Sh.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2026 წლის 16 მარტს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა. შ-ი (A. Sh.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ა. შ-ი (A. Sh.) არის ყ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 22 მაისს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 9 თებერვალს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდა ყ-ის რესპუბლიკის მოქალაქე ა. შ-ის (A. Sh.) თავშესაფრის პროცედურა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. შ-ს (A. Sh.) პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაჰბარდა 2026 წლის 13 თებერვალს. 2026 წლის 22 მაისის მდგომარეობით სარჩელი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში არ შესულა. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
8.2.1. შესაბამისად, ყ-ის რესპუბლიკის მოქალაქე – ა. შ-ი (A. Sh.) არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.
9. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ა. შ-ის (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ითხოვს ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ ყ-ის რესპუბლიკაში სიცოცხლის მოსპობის საფრთხიდან გამომდინარე. აღნიშნულის დამადასტურებელად დაცვის მხარემ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერები წარმოდგენილია რ. და ყ. ენაზე (სავარაუდოდ), არ არის დართული შესაბამის ჩანაწერებში ასახული დიალოგების თარგმანი სახელმწიფო ენაზე (ჩანაწერები არ არის ნათარგმნი ქ. ენაზე).
10.1. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-4 ნაწილს, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლს, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი უცხოენოვანი ვიდეოჩანაწერების განხილვის/შეფასების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. ექსტრადიციის შემთხვევაში ა. შ-ის (A. Sh.) წამებისა და მისი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შესახებ კასატორის მტკიცებასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი უთითებს მხოლოდ ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებებსა და ინფორმაციაზე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება/ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ა. შ-ის (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის, წამების ან/და მისი სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეზე. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
11.1. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი ან/და რელევანტური მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში ყ-ის რესპუბლიკაში ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას; არ დგინდება, რომ ა. შ-ს (A. Sh.) კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ან/და მის მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე, მიემართა ყ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისთვის, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაეფექტურ რეაგირებას. დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე რელევანტური/სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა/შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ ა. შ-ი (A. Sh.) რაიმე ნიშნით იდევნება ყ-ის რესპუბლიკაში და ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის ან/და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე.
12. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, paras. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
12.1. ყ-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ არ განხორციელდება დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და სამედიცინო დახმარება, იგი უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით, საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, მას მიეცემა დაცვის ყველა შესაძლებლობა და უზრუნველყოფილი იქნება ადვოკატის მომსახურებით.
13. სასამართლო ითვალისწინებს ყ-ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში ყ-ის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ამასთან, ყ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, par. 344, ECHR, 12/10/2005).
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
15. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, par. 86 ECtHR, 07/07/1989).
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ა. შ-ის (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ა. შ-ის (A. Sh.) მიმართ ყ-ის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 29 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. შ-ის (A. Sh.) ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. შ-ის (A. Sh.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 29 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე