დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.07.2026
საქმის ნომერი
2კ-36-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802226012812003

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№36 I-26 ქ. თბილისი

ფ. ს., 36 I-26 2 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ფ–ის (S. F.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ფ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 ივნისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. ფ–ის (S. F.) მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბერის აქტის თანახმად, ს. ფ–ს (S. F.) ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულების ჩადენაში:

1.1.1. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349 და 3559 (g) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება კომუნიკაციის საშუალებებით თაღლითობისათვის), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 37 წლამდე ვადით;

1.1.2. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1029(b)(2) და 3559 (g) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება წვდომის მოწყობილობით თაღლითობისათვის), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 14.5 წლამდე ვადით;

1.1.3. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1344 და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (საბანკო თაღლითობა – კომპანია 1), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 30 წლამდე ვადით;

1.1.4. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1344 და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (საბანკო თაღლითობა – კომპანია 2), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 30 წლამდე ვადით;

1.1.5. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1343 და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (ელექტრონული ხაზებით თაღლითობა - კომპანია 1), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 30 წლამდე ვადით;

1.1.6. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1343 და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (ელექტრონული ხაზებით თაღლითობა - კომპანია 2), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 30 წლამდე ვადით;

1.1.7. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1029(a)(3) (h) და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (უნებართვო წვდომის მოწყობილობების ფლობა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით;

1.1.8. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1029(a)(4) (h) და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (მოწყობილობის დამამზადებელი აპარატურის ფლობა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე ვადით;

1.1.9. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1029(a)(5) (h) და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (წვდომის მოწყობილობებით თაღლითურ ტრანზაქციებზე ზემოქმედება), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე ვადით;

1.1.10. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1028 A(a)(1) და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (პერსონალური მონაცემების ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში – კომპანია 1), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით;

1.1.11. აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1028 A(a)(1) და 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (პერსონალური მონაცემების ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში – კომპანია 2), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით;

1.2. 2025 წლის 5 ნოემბერს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლომ ზემოაღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოსცა ს. ფ–ის (S. F.) დაკავების ბრძანება.

2. ს. ფ–ის (S. F.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2025 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის ს. ფ–ის (S. F.) ექსტრადიციის შესახებ;

2.2. 2025 წლის 10 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ფ–ი (S. F.);

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბერის განჩინებით ს. ფ–ს (S. F.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით;

2.4. 2026 წლის 15 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ს. ფ–ის (S. F.) ექსტრადიციის თაობაზე აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 6 მარტის განჩინებით ს. ფ–ის (S. F.) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 10 ივნისამდე;

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 8 ივნისს განჩინებით ს. ფ–ის (S. F.) მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2026 წლის 10 სექტემბრამდე;

2.7. ამჟამად, ს. ფ–ი (S. F.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

3.1.1. 2023 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, ს. ფ–მა (S. F.), სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყო თაღლითური ინტერნეტ გვერდების და შესაბამისი სარეკლამო განცხადებების შექმნა, რომლებიც ახდენდნენ საბანკო დაწესებულებების ინტერნეტ გვერდების იმიტაციას. შეცდომაში შეყვანილი მომხმარებლები აღნიშნულ საიტებზე უთითებდნენ საბანკო სისტემაში შესვლისათვის საჭირო მონაცემებს, რის შემდგომაც, აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის. ისინი მათი გამოყენებით უკანონოდ შედიოდნენ დაზარალებული პირების ონლაინ საბანკო სივრცეში და ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ თანხას.

3.1.2. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, ზიანი მიადგა, სულ მცირე, ორ კომპანიას – კომპანია 1-ს და კომპანია 2-ს და განხორციელდა, სულ მცირე, 14.6 მილიონი აშშ დოლარის უკანონო დაუფლება და 28 მილიონი აშშ დოლარის დაუფლების მცდელობა.

4. 2025 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა ს. ფ–ის (S. F.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი პროცედურები იმ დანაშაულებისათვის, რომლებიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბერის აქტში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განჩინებით:

5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ფ–ის (S. F.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ფ–ის (S. F.) – ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ფ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმებას და ს. ფ–ის (S. F.) აშშ-ში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა, რომ ს. ფ–ის (S. F.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ფ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ფ–ი (S. F.) 2025 წლის 10 დეკემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. ს. ფ–ის (S. F.) მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლებიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წელზე მეტი ვადით;

5.2. პროკურორის შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, აღნიშნული ქმედებები დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია – თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია – თავისუფლების აღკვეთა 6-დან 10 წლამდე ვადით და საქართველოს სსკ-ის 19,2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის მცდელობა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია – თავისუფლების აღკვეთა 6-დან 10 წლამდე ვადით.

6. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ს. ფ–ი (S. F.) ბრალდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათ წელში მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

6.1.1. წარმოდგენილი მასალების თანახმად, ს. ფ–ის (S. F.) ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოითხოვება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია 2023-2025 წლებში. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან მიმართებით გასული არ არის.

6.2. საექსტრადიციო მასალის თანახმად, ქმედებებზე, რომლისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა ასევე არ არის გასული.

7. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ,,პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ: იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი; იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ”.

7.1. უსაფუძვლობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ს. ფ–ის (S. F.) აშშ-ში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მოთხოვნილია იმ შესაძლო დანაშაულებისათვის, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია 2023-2025 წლებში, რა პერიოდშიც ს. ფ–ი (S. F.) ცხოვრობდა საქართველოში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ს. ფ–ის (S. F.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

8. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ს. ფ–ი (S. F.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. იმავდროულად, მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე, არა წარმოშობის, სახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები.

8.2. შესაბამისად, ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება არც ზემოაღნიშნულ და არც საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნებს.

9. კასატორი უთითებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი არასაკმარისად იქნა ინფორმირებული, მათ შორის, არ გადაეცა საქმის მასალები მისთვის გასაგებ ენაზე სრულყოფილად (გარკვეული დეტალები არ არის დაფიქსირებული ქართულენოვან თარგმანში).

9.1. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილ ინგლისურენოვან მასალებში (საბრალდებო დასკვნაში) მითითებულია, პირი გვარად – ,,გ–ი“, განსხვავებით ქართულენოვანი დოკუმენტისა (აღნიშნული გვარის ადგილას მითითებულია ,,[ამოღებულია]“), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. ფ–ის (S. F.) გამოკითხვის 2025 წლის 11 დეკემბრის ოქმის თანახმად, მას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით დაესვა არაერთი შეკითხვა, რასაც მან უპასუხა (თავი არ შეუკავებია პასუხის გაცემისაგან).

9.2. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მხოლოდ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ: იხ.: საქმე №21-17, №21-20, №4021-21, 91-23).

9.3. საქმეში სრულად არის წარმოდგენილი საქართველოსა და აშშ-ს შორის 2025 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, სრულად გაეგზავნა (მიღება დადასტურებულია) ადვოკატს: 2026 წლის 5 თებერვალს – 274, ხოლო 2026 წლის 10 ივნისს – 312 ფურცლად (ტ. N3; ს.ფ. 278; 314). შესაბამისად, დაცვის მხარის პრეტენზია, რომ მას დამატებით არ გადაეცა ახალი მტკიცებულებები, მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნა, უსაფუძვლოა და ვერ გახდება ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

10. კასატორის მტკიცებით, ს. ფ–ის (S. F.) ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი უფლები, ვინაიდან ს. ფ–ს (S. F.) შეეზღუდება ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის შესაძლებლობა ტერიტორიული სიშორის, სავიზო და სხვა ბარიერების გამო. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული per se არ წარმოადგენს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველს, ვინაიდან ,,ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს“ (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).

10.1. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, par.86 ECtHR, 07/07/1989).

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმებას ითხოვს ზემოაღნიშნული საფუძვლებით, არ უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვა რომელიმე უფლების დარღვევის საფრთხეზე (მათ შორის, მე-3 ან/და მე-6 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაზე). კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტი/დასაბუთებული არგუმენტი ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ფ–ის (S. F.) ცალკეული უფლებების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით.

12. მოცემულ შემთხვევაში, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განიხილავს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს, ხოლო სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას.

12.1. ამასთან, აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტს თანახმად, ,,საქართველოს იუსტიციის მინისტრი ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის ამ კანონის 29-ე მუხლის 41 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ასევე უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება“.

12.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, par. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).

13. ს. ფ–ის (S. F.) ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული დეკლარაციის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ საქართველომ განიხილოს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გარანტიის წარმოდგენა სპეციალობის წესის დაცვასა და დასახელებული პირების მესამე სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საექსტრადიციო მასალების პაკეტთან ერთად, მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია ს. ფ–ის (S. F.) მიმართ სპეციალობის წესის დაცვისა და საქართველოს თანხმობის გარეშე მესამე სახელმწიფოსათვის მათი გადაცემის დაუშვებლობის შესახებ. შესაბამისად, მომთხოვნი სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები განხორციელდება მხოლოდ იმ დანაშაულთათვის, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება მისი ექსტრადიცია და ამასთან, მომთხოვნი მხარის (აშშ) მიერ არ მოხდება მისი მესამე სახელმწიფოში ექსტრადიცია.

14. ს. ფ–ის (S. F.) ექსტრადიციის შესახებ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული დეკლარაციის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთათვისაც მოთხოვნილი იქნა ს. ფ–ის (S. F.) ექსტრადიცია, არ გამოიყენება სიკვდილით დასჯა ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 ივნისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ფ–ის (S. F.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ფ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე