საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.06.2026
საქმის ნომერი
2კ-249აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007561195

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№249აპ-26 ქ. თბილისი

ბ. ლ., 249აპ-26 30 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე,ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ბ-ს, დაბადებულს – ... . – ბრალად დაედო: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დიდი ოდენობით, არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2023 წლის 4 მაისს, ... მიმდებარედ, ლ. ბ-მ განიზრახა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დ. ბ-ს ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ. ბ. დ. ბ-ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალებას მიჰყიდდა 200 ლარად და მოტყუებით, თითქოსდა, როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა 2 აბი, საერთო წონით – 0,5 გრამი, რომელიც სინამდვილეში არ მიეკუთვნებოდა ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას, სანაცვლოდაც კი გამოართვა – 200 ლარი.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ნასამართლევმა ლ. ბ-მ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება –0,25418 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება – 2023 წლის 5 მაისს, ...მიმდებარედ, უკანონოდ მიასაღა დ. ბ-ს, რაც იმავე დღეს ამოუღეს მას შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. ლ. ბ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ლ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა – ვახტანგ ცალუღელაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ლ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედებეის ჩადენისათვის, ასევე – მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – ი. კ-მ და ს. კ-მ, რომელებიც ითხოვდნენ ლ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა: ლ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, ლ. ბ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3000 ლარიანი ჯარიმა და საბოლოოდ განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ა. ზ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ს მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული არ ჩაუდენია. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი არ დადასტურებულა, არამედ – სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, მსჯავრდებულის მიერ თავისი მეგობარი ქალის – დ. ბ-ს – დახმარება და არა ნარკოტიკების რეალიზაცია. საქმეში წარმოდგენილი ჩანაწერები ცხადყოფს, როგორ აკლდება დ. ბ-ს თანხა ნარკოტიკის შესაძენად და როგორ სთხოვს, დაუმატოს ლ. ბ-ს, რომელიც, თავის მხრივ, ეხმარება თავის მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ – ლ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: მოწმე დ. ბ-ს ჩვენება – რომ ლ. ბ-მ იცოდა მისი ნარკოდამოკიდებულების შესახებ, რის გამოც, შესთავაზა ნარკოტკების შეძენა. 2023 წლის 5 მაისს, შეთანხმებისამებრ, ნარკოტიკის შესაძენად მსჯავრდებულს გადასცა – 130 ლარი, ის კი წავიდა და მალევე მოუტანა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, თავის მხრივ, წარუდგინა გამომძიებელს – თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი სამხილით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ დ. ბ.ი არ არის ლ. ბ-ს მეგობარი ქალი, როგორც ამას დაცვის მხარე ამტკიცებს, რამეთუ ჩანაწერით ცხადად ისმინება, რომ ლ. ბ-მ მიახლოებითაც კი არ იცის, სად ცხოვრობს დ. ბ. და, იმავდროულად, მათ შორის კომუნიკაცია უკავშირდება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების ყიდვა-გაყიდვას – მიმდინარედ და სამომავლოდ შესაძენის ფასს, სახეობას, ხარისხს და, შესაბამისად, მისი სხვაგვარად ინტერპრეტირება, თითქოსდა, მსჯავრდებული თავის მეგობარ ქალს დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, მეტად არასარწმუნო და არადამაჯერებელია. იმავდროულად, 2023 წლის 5 მაისის ამოღების ოქმითა და 2023 წლის 7 მაისის №... ქიმიური ექპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ. ბ-მ დ. ბ-ს თანხის სანაცვლოდ მიასაღა – 0,25418 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენის მიხედვით, ლ. ბ. ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და დანაშაულის ჩადენის დროს – 2023 წლის 5 მაისს, მისი ეს ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით – კანონიერი და დასაბუთებულია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ზ- ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე