დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.07.2026
საქმის ნომერი
5აგ.-2026
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №5აგ-26 10 ივლისი, 2026 წელი

გ-ი ზ., №5აგ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის და მისი ადვოკატის, მ. ბ-ის, საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით, ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. ზ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ზ. გ-ს 1/4-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 9 თვით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი და 6 თვე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით, გაუქმდა მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით განსაზღვრული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 9 თვით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ ზ. გ-ის ადვოკატ გ. ჩო-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება: ზ. გ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენი (ამნისტიის განჩინების გათვალისწინებით) დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინებით, მსჯავრდებულ ზ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით დადგენილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 9 თვით. შედეგად, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 1 თვით და 15 დღით. ზ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 16 მარტიდან 2012 წლის 23 მარტის ჩათვლით.

6. 2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ზ. გ-მა და მისი ინტერესების დამცველმა, მ. ბ-ემ, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების საფუძველზე, ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ზ. გ-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ბ-ის, შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინება, იმავე მოთხოვნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. გ-მა და მისი ინტერესების დამცველმა, მ. ბ-ემ. საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით, ზ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც, დღეს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული ზ. გ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებას ასაჩივრებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, თითქოს საქართველოს სსკ-ში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები თავისთავად, ავტომატურად აუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კანონის დროში მოქმედების ფუნდამენტურ პრინციპს: „ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს“. საქართველოს სსკ-ის მუხლის რედაქციის შემდგომი ცვლილება, მათ შორის, მუხლის სტრუქტურის, დისპოზიციის ან სანქციის შეცვლა, თავისთავად არ ნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ავტომატურად ექვემდებარება ახალ რედაქციას ან, რომ მსჯავრდებული ითვლება ახალი, უფრო მკაცრი ნორმით გასამართლებულად.

5. განსახილველ შემთხვევაში, ზ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 2015 წლის 31 ივლისიდან ამოქმედებული რედაქციის შესაბამისად და არა დღეს მოქმედ რედაქციით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებებით მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა არ დამძიმებულა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარის საწინააღმდეგო განმარტების გაზიარება ნიშნავს სისხლის სამართლის კანონის უკუძალის პრინციპის უგულებელყოფას და იმ დაშვებას, რომ კანონში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება ავტომატურად ვრცელდება უკვე გასამართლებულ პირებზე, მიუხედავად იმისა, აუარესებს თუ არა მათ სამართლებრივ მდგომარეობას.

6. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ დღეს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსხვავებულად არის ფორმულირებული და ითვალისწინებს უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას, ვერ გახდება დასკვნის საფუძველი, თითქოს, ზ. გ-ი ნორმის ამ რედაქციით არის მსჯავრდებული ან, რომ მისი სამართლებრივი მდგომარეობა ავტომატურად დამძიმდა. პირიქით, საქმის მასალები ცალსახად ადასტურებს, რომ იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 2015 წლის 31 ივლისიდან ამოქმედებული რედაქციით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღეს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაშინ, როდესაც ზ. გ-ს, ამნისტიით სასჯელის შემცირებამდე დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა, რომელიც სამართლებრივი ნორმის მცდარ განმარტებას ეფუძნება, უსაფუძვლოა.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ აკმაყოფილებს „ახლად გამოვლენილი გარემოების“ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი არ არსებობს. ამდენად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. გ-ის და მისი ადვოკატის, მ. ბ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე