საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №150აპ-26 14 ივლისი, 2026 წელი
ბ. ბ., №150აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 იანვრის განაჩენზე თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ბ-ეს - ბრალად ედებოდა:
1.1.1. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.1.2. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
1.1.3. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. ბ. ბ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისის ჩათვლით, თანაცხოვრების პერიოდში და განქორწინების შემდეგ, თ-ში, ც. -ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ბ. ბ-ე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, მის მეუღლეს – თ. ბ-ს – სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა თ. ბ-ის ფსიქიკურ ტანჯვას. 2023 წლის 23 ნოემბერს, ც. ძ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, ბ. ბ-ემ მის მეუღლეს თ. ბ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან თ. ბ-მა უთხრა, რომ მის მიერ მიცემული თანხის ნაწილს დახარჯავდა და მომდევნო დღეს მიეცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა. თ. ბ-ი ჩაჯდა ავტომანქანაში მეუღლის გვერდით, რის შემდეგაც ბ. ბ-ემ განაგრძო მისი გინება, ყელში მოუჭირა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. თ. ბ-მა შეძლო და გააშვებინა ყელიდან ხელი, რის შემდეგაც ბ. ბ-ემ სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნული ძალადობისას თ. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.2. 2023 წლის 23 ნოემბერს, ც. ძ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, ბ. ბ-ემ მის მეუღლეს – თ. ბ-ს – მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ავტომანქანაში სცემა, რადგან თ. ბ-მა უთხრა, რომ მის მიერ მიცემული თანხის ნაწილს დახარჯავდა და მომდევნო დღეს მიეცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა. აღნიშნული ძალადობისას ბ. ბ-ე მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. მეუღლის აგრესიულობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუქარა თ. ბ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2024 წლის 30 ივნისს, ც. ძ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, ბ. ბ-ემ მის ყოფილ მეუღლეს – თ. ბ-ს – მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და არ გაახარებდა. აღნიშნული მუქარა თ. ბ-მა, ყოფილი მეუღლის აგრესიულობის გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.4. 2024 წლის 1 ივლისს, დაახლოებით, 17:30 საათზე, თ-ში, ა. წე-ის გამზირის №--ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „კ-თან“, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, ბ. ბ-ემ მის ყოფილ მეუღლეს – თ. ბ-ს – მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; უთხრა, რომ ყველაფერი იცოდა, რასაც იგი აკეთებდა, უწოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, არ აცოცხლებდა და ყელს გამოჭრიდა. აღნიშნული მუქარა თ. ბ-მა, ყოფილი მეუღლის აგრესიულობის გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.5. 2024 წლის 1 ივლისს, ბ. ბ-ის მიმართ გამოიცა №- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან – თ. ბ-თან – მიახლოვება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ბ. ბ-ემ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. 2024 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 11:49 საათზე პენიტენციური დაწესებულებიდან ტელეფონით დაურეკა ყოფილ მეუღლეს – თ. ბ-ს – თ-ში, ა. წე-ის გამზირის №--ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „კ-ში“ სამსახურში ყოფნისას და გაესაუბრა, კერძოდ, უთხრა, რომ ეთქვა მისი მეგობრისთვის გირაოს თანხა შეეტანა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:
ბ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ბ-ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2024 წლის 2 ივლისიდან 2024 წლის 9 ივლისის ჩათვლით), დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 40 საათით და, საბოლოოდ, განესაზღვროს საზოგადობისთვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. ბ-ის მიმართ გამოტანილი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. ასევე – დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 იანვრის განაჩენით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნაზი მირიანაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. ბ-ის მიმართ გამოტანილი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. ასევე – დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი ბ. ბ-ის გამართლების ნაწილში უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაული სიმძიმეს, ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივარი წარდგენილია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ. პროკურორი ნაზი მირიანაშვილი არ ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ბ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 111,381¹-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, თუმცა ითხოვს აღნიშნული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პროკურორის საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს სსკ-ის 111,381¹-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის, აგრეთვე – საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით კასატორი ითხოვს ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
4.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ბ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – თ. ბ-მა – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, ყოფილი მეუღლის – ბ. ბ-ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას და ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (განსახილველ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი თავისი არსით წარმოადგენს ჩვენების ადგილზე შემოწმებას და ვერ გაიგივდება ვითარების აღდგენასთან) და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება.
4.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში დაკითხული გ. ს-ას ჩვენება და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ბ. კ-ას გამოკითხვის ოქმი ვერ ჩაითვლება დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან არცერთი მათგანი ყოფილა აღნიშნული ფაქტების უშუალო თვითმხილველი. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და მათი გამოყენებაც, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.6. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერის ოქმსა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია დაზარალებულ თ. ბ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია, შეუძლებელია ისინი მიჩნეულ იქნეს იმგვარ წონად მტკიცებულებად, რომელსაც, სხვა პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნება.
4.7. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადება, რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას, 112-ში განხორციელებული შეტყობინებები და ტელეფონებიდან გამოთხოვილი მიმოწერა ვერ გახდება მუქარისა და ოჯახში ძალადობის ეპიზოდებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკმარისი საფუძველი. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის გამოც, ვერ დადგინდა ისეთი არსებითი გარემოებები, როგორიცაა ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა და მუქარის რეალურად განხორციელების შიში. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს იმ მტკიცების სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 იანვრის განაჩენი, ერთი მხრივ, ბ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 111,381¹-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისა და დანიშნული სასჯელის ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. სასამართლოს შეფასებით, მსჯავრადშერაცხილი მუხლისთვის დანიშნული სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
4.10. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.12. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე