საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124010480329
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №190აპ-26 ქ. თბილისი
წ-ია ზ, 190აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის, მსჯავრდებულ ზ. წ-იას ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. დ-სა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. წ-იას, - დაბადებულს … წლის .. მაისს, - ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 5 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ქალაქ თ-ში, ვ-ის მეურნეობაში, მ-ის ქუჩის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. წ-ამ ბ. ჭ-ას, 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ მიჰყიდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით - 0,1891 გრამი, რაც ბ. ჭ-ან იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა.
· 2024 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქალაქ თ-ში, ქ. დ-ის გამზირის №..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. წ-ამ ბ. ჭ-ას, 260 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ მიჰყიდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით - 0,1049 გრამი, რაც ბ. ჭ-ან იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით:
2.1. ზ. წ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (2024 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) (2025 წლის 17 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2024 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი), ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (2024 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) (2025 წლის 17 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2024 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი).
2.2. ზ. წ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ. წ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 17 ოქტომბრიდან.
2.3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. წ-ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 5 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ქალაქ თ-ში, ვ-ის მეურნეობაში, მ-ის ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ზ. წ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით - 0,1891 გრამი, რომელიც გადასცა ბ. ჭ-ას, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა.
· 2024 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქალაქ თ-ში, ქ. დ-ის გამზირის №..-ს მიმდებარედ, ზ. წ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) წონით - 0,1049 გრამი, რომელიც გადასცა ბ. ჭ-ას, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის პალატის 2026 წლის 22 იანვრის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ჩინჩალაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ზ. წ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულ ზ. წ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ-მ შესაგებლით მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
5.2. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. წ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. დ-მ და ნ. თ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განაჩენის გაუქმება და ზ. წ-ას გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს ზ. წ-იას საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ბრალდების მხარე - ზ. წ-იას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. დავის საგანია - ზ. წ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) თუ სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია) გათვალისწინებული დანაშაული და უნდა დაეკისროს თუ არა შესაბამისი პასუხისმგებლობა.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ. წ-ას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი - სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირება განაპირობა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორ თამარ ჩინჩალაძის მოსაზრებას, თითქოს ზ. წ-ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გასაღება. მართალია, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება გულისხმობს მისი სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერ ფორმას, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, თუმცა ქმედების სამართლებრივი შეფასებისას არსებითად მნიშვნელოვანია დადგინდეს, ნარკოტიკული საშუალების გადაცემისას პირს ამოძრავებს თუ არა მისი რეალიზაციის მიზანი.
11. მოცემულ შემთხვევაში, ფარული ჩანაწერების შინაარსით ნათელია, რომ ორივე შემთხვევაში, ზ. წ-ამ ბ. ჭ-ს თანხით შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გაყო და ნაწილი თავისთვის დაიტოვა. ამის შესახებ კი, მან ორივეჯერ წინასწარ გააფრთხილა ბ. ჭ-ია. გასაღების მიზნის არსებობაზე მსჯელობა არ შეიძლება შეხვედრების იმ ნაწილზე აქცენტირებით, რა დროსაც ასახვა ჰპოვა მხოლოდ თანხისა და ნარკოტიკის გაცვლის ფაქტებმა. საქმეში არ წარმოდგენილა ზ. წ-ასა და ბ. ჭ-ას მანამდელი ურთიერთობის მამტკიცებელი მასალა. საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის მიხედვით, ორივე კომუნიკაციისას ზ. წ-ია ცდილობს დაეხმაროს ბ. ჭ-ს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში და თავადაც მოიხმაროს იგი. შეხვედრებისას მათ შორის გამართული დიალოგებიდან კარგად ჩანს, რომ იგი იყო არა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციით დაინტერესებული, არამედ მან, როგორც საკითხში გარკვეულმა პირმა, იცოდა ნარკოტიკის შეძენის გზები და ამ ცოდნით დაეხმარა ბ. ჭ-ს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზ. წ-ას ქმედება არ უნდა შეფასდეს ნარკოტიკული საშუალების გასაღებად.
12. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
13. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება მსჯავრდებულ ზ. წ-ას უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატების - გ. დ-სა და ნ. თ-ს პრეტენზიას საქმეზე ჩატარებული გამოძიების არასრულყოფილების, ასევე, ცალკეულ მტკიცებულებათა ავთენტურობის დადგენის საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ სასამართლოში ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20, 2021 წლის 4 იანვრის 925აპ-20, 2020 წლის 17 ივლისის 30აპ-20 განჩინებები). „შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3/1/608,609 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ. ჭ-მ ჩვენების მიცემისას სრულად ამხილა ზ. წ-ია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, მისთვის ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებაში. ასევე, აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში, ბ. ჭ-ას მხრიდან საკონტროლო შესყიდვის ოპერაციას სრულად აკვირდებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და შორიახლოს ელოდებოდნენ გამომძიებლები. თავის მხრივ, გამომძიებლებმა - ნ. რ-მა, გ. მ-მ, მ. ს-მა და ს. ო-მა თავინთ ჩვენებებში დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით წარმართული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და კანონთან შესაბამისობა.
15. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თითქოს ზ. წ-ნ ბ. ჭ-ას შეხვედრებს არასათანადოდ აკვირდებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ბ. ჭ-ია ქრებოდა მათი თვალთახედვის არიდან, რა დროსაც მას შეეძლო ნარკოტიკული ნივთიერებით შეეცვალა ის ნივთიერება, რომელიც მას ზ. წ-ამ გადასცა,. სწორედ ამის გამო მიიჩნევს დაცვის მხარე, რომ დაუდგენელია ნარკოტიკული საშუალების ავთენტურობა, ხოლო მოწმეთა მითითება, რომ ისინი სრულად აკონტროლებდნენ საკონტროლო შესყიდვის პროცესს, სიცრუეა. ასევე, დაცვის მხრიდან ადგილი აქვს ფარული ვიდეო ჩანაწერების, როგორც მტკიცებულების უგულებელყოფის მცდელობას ტექნიკური მიზეზით, თითქოს არ დადგენილა ჩანაწერზე კადრის ჩამოჭრის ფაქტი.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ეს მოსაზრებები არ გამომდინარეობს ფაქტების ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:
17. ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ ზ. წ-ია, თანხის სანაცვლოდ ეხმარება ბ. ჭ-ას ნარკოტიკული საშუალების მოძიებასა და მისთვის გადაცემაში. ამასთან, ორივე შემთხვევაში, მათ ერთმანეთში გაინაწილეს აღნიშნული ნივთიერება. დაცვის მხარემ გამოთქვა ეჭვი, რომ ბ. ჭ-ას, არასათანადო კონტროლის გამო, ჰქონდა შესაძლებლობა, შეეცვალა მისთვის გადაცემული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალებით, თუმცა საერთოდ არ მსჯელობს იმაზე, თუ რის გადასაცემად ხვდებოდა ზ. წ-ია ბ. ჭ-ას, მხოლოდ ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს არ იყო ნარკოტიკული საშუალება. გასათვალისწინებელია, რომ ფარული ჩანაწერების დიალოგიდანაც ჩანს, რომ ისინი საუბრობენ ნარკოტიკზე, მაგალითად, გადაცემული ნივთიერების ხარისხზე, ლიანდაგებში დამალულ ნივთიერებაზე, ასევე, ზ. წ-ია ბ. ჭ-ას ეუბნება, რომ ,,ერთი გაკეთება“ გადაიყარა თავისთვის. ისინი ზედმეტად ფრთხილობენ და ბ. ჭ-ა აზღვევს კიდეც ზ. წ-ას ნარკოტიკული საშუალების განაწილების დროს და მეთვალყურეობს, რომ არავინ დაინახოს პროცესი.
18. საქმეში წარმოდგენილი ამოღების ოქმებით დასტურდება, რომ 2024 წლის 5 ოქტომბერს, ქ. თ-ში, ვ-ის მეურნეობაში, მ-ის ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ბ. ჭ-ან ამოიღეს მის მიერ საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ზ. წ-ან შეძენილი სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, რაც მოთავსებულია ჩამკეტიან გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში, მოთეთრო ფერის ნივთიერების სახით, ამოღების შემდგომ ერთი ცალი პაკეტი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერებით, წარედგინა მონაწილე პირებს და დაილუქა სათანადო წესით; 2024 წლის 7 ოქტომბერს, ქ. თ-ში, ქ. დ-ის გამზირის №...-ს მიმდებარედ, ბ. ჭ-ან ამოიღეს ზ. წ-ან, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად შეძენილი ერთი ცალი ჩამკეტიანი, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერებით.
19. ფულადი თანხის გადაცემის ოქმების თანახმად, 2024 წლის 5 ოქტომბერს, გამომძიებელმა ნ. რ-მა ბ. ჭ-ას გადასცა ზ. წ-ან ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გამოყოფილი ფულადი თანხა 200 ლარი, ხოლო 2024 წლის 7 ოქტომბერს, იმავე მიზნით - 260 ლარი.
20. საქართველოს შს სამინისტროს საექპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - უფერო, გამჭვირვალე, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,2208 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რაოდენობით - 0,1891 გრამს, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, თეთრი ფერის ნივთიერება, კრისტალების და ფხვნილის სახით, წონით - 0,1571 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მეთადონს (ფუძე), რაოდენობით - 0,1049 გრამს.
21. საქართველოს შს სამინისტროს საექპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №...- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში: (Rec1_0001.avi; Rec1_0002.avi; Rec2_0001.avi; Rec2_0002.avi.05.10.2024) მეტყველი დიქტორის ხმა და მამაკაცის ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მეტყველი ზ. წ-ას ხმა ერთმანეთის იდენტურია. №1-№2 დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. №1-№2 დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 25.05.1995 წელს დაბადებულ ზ. ე-ას ძე წ-ას (პ/№ ...) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ ფოტოგამოსახულებებზე იერსახის გამოსახულების. №1-№2 დისკებზე არსებულ პიროვნების ვიდეოგრამებიდან ამოღებული ფოტოგამოსახულებათა (ფოტო №16-№17, №21-№22, №25 და №28) მიხედვით, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებას ხელთ უჭირავს ფულის კუპიურის მსგავსი საგნები. ფოტოგამოსახულებათა (ფოტო №17, №19, №25 და №28) მიხედვით, აღნიშნულ პიროვნებას ხელთ უჭირავს მოშავო ფერის, მობილური ტელეფონის მსგავსი საგანი. ფოტოგამოსახულების (ფოტო №18) აღნიშნულ პიროვნებას ხელთ უჭირავს მოთეთრო ფერის, მცირე ზომის გაურკვეველი საგანი; №1-№2 დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებზე გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნება ესაუბრება მასთან მყოფ პიროვნებას. აღნიშნულ პიროვნებას №1 დისკზე არსებულ ვიდეოგრამებზე ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი და ღია ფერის მოკლემკლავიანი მაისური. №2 დისკზე არსებულ ვიდეოგრამებზე ტანთ აცვია ღია ფერის მოკლემკლავიანი მაისური. აღნიშნული პიროვნება არის მაღალი და საშუალო აღნაგობის, აქვს მოკლედ შეჭრილი ღია ფერის თმა.
22. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების წარმოშობა და მათი ავთენტურობა არ იწვევს ეჭვს და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმგვარ დარღვევაზე, რაც რომელიმე მათგანს გამოაცლიდა მტკიცებულებით ძალას. მიმოხილული ინფორმაცია და ფაქტები საკმარისია როგორც საკონტროლო შესყიდვაში მონაწილე პირთა იდენტიფიკაციისათვის, ასევე - მათი შეხვედრის მიზნების გასარკვევად. რაიმე სახის პროცესუალური დარღვევა კი, მტკიცებულებათა მოპოვებისას არ გამოკვეთილა, მით უფრო, რომ ყველა მათგანის შექმნის პროცესი გადამოწმდა მოწმეთა ჩვენებებით, რა დროსაც, არსებითი წინააღმდეგობა არ წარმოჩენილა. დაცვის მხარის მცდელობა, არსებით მტკიცებულებებს დაუკარგოს ძალა, ზ. წ-ას გამართლების მიზნით, არ ეფუძნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალის ზუსტ შეფასებას.
23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ზ. წ-იას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის, მსჯავრდებულ ზ. წ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. დ-ასა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე