საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2026
საქმის ნომერი
2კ-219აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100125011696809

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №219აპ26 ქ. თბილისი

მ-ძე ა, 219აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. მ-ს, - დაბადებულს .. წლის .. დეკემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2025 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. მ-ძე, დანის გადაგდებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოებისას, დანის დემონსტრირებითა და სიტყვით - ,,მოგკლავ“, რამდენჯერმე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ი. თ-ს. ა. მ-ის მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ა. მ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გაუქმდა ა. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით და ვადაში.

2.3. ა. მ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ა. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

7. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ი. თ-მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მით უფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

10. სახელმწიფო ბრალმდებელმა საკასაციო საჩივარში ა. მ-ის მიმართ ბრალადშერაცხილი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოიშველია შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ი. თ-ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი, „112-ის“ სამსახურში შეტყობინების აუდიოჩანაწერი.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ ი. თ-ის გამოკითხვის ოქმი ვერ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად იმ საფუძვლით, რომ მან უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის მიერ სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შეტყობინების შინაარსზე, კერძოდ, №... შეტყობინების თანახმად, ინიციატორმა ი. თ-მა განმარტა, რომ ადგილი აქვს კონფლიქტს მეუღლეებს შორის. ადგილზე არიან ბავშვებიც. მოძალადე არის ა. მ-ძე. მას აქვს დანა და ინიციატორი ითხოვს, რომ ფრთხილად შევიდეს პოლიცია, რადგან ვარაუდობს, რომ დაარტყამს დედას (ს.ფ. 2). მითითებულ ჩანაწერში დაზარალებულად ცნობილი ი. თ-ი საერთოდ არ უთითებს მეუღლის - ა. მ-ის მხრიდან მის მიმართ მუქარის თაობაზე. იგი საუბრობს ძალადობის მცდელობაზე და გამოხატავს შიშს, რომ პოლიციელების შესვლისას მისმა მეუღლემ, გაბრაზებულმა, დანა არ დაარტყას დედას. ამდენად, აღნიშნული ჩანაწერით ცალსახად არ დგინდება ა. მ-ის მხრიდან მეუღლის მიმართ, დანის დემონსტრირებით, მუქარის ფაქტი.

13. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ამ ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ი. თ-მა თავის საცხოვრებელ სახლში მიუთითა აივანზე და განმარტა, რომ 2025 წლის 26 ივნისს ა. მ-ძე დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; რამდენჯერმე უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა აღნიშნა, რომ დანა, რომლითაც მას ა. მ-ძე ემუქრებოდა, არ იცის, სად არის (ს.ფ. 39-51). საგულისხმოა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებული საერთოდ არ საუბრობს ა. მ-ის მხრიდან ძალადობაზე ან ძალადობის მცდელობაზე, რაზეც უთითებდა „112-ში“ საუბრისას.

14. №... შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, 2025 წლის 26 ივნისს, გ-ის რაიონის სოფელ მ-ში, საცხოვრებელ სახლში, ი. თ-ს დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე - ა. მ-ძე. ამავე ოქმის შესაბამის გრაფაში, შეკითხვაზე, მსხვერპლი ფიქრობს თუ არა, რომ მოძალადე მიაყენებს ჯანმრთელობის დაზიანებას, მოკლავს, ჯანმრთელობას დაუზიანებს ან მოკლავს მათ შვილებს ან სხვა ახლობელს, ი. თ-ს გაცემული აქვს უარყოფითი პასუხი (ს.ფ. 52-542).

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში ცალსახად იკვეთება წინააღმდეგობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის, რომელთა პირველწყაროც, ყველა შემთხვევაში, არის დაზარალებული ი. თ-ი. მისი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმების შინაარსისგან განსხვავებით, „112-ში“ შეტყობინებისას დაზარალებული საერთოდ არ უთითებს მის მიმართ მეუღლის მხრიდან მუქარაზე, ოპერატორთან საუბრისას მან ახსენა შიში იმის გამო, რომ პოლიციელების დანახვაზე მისმა მეუღლემ დანა არ დაარტყას დედამისს. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტისას იგი მიუთითებს სავარაუდო მუქარის შემდეგ შიშის განცდის ფაქტზე, თუმცა იმავე შეგრძნებას უარყოფს შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენისას. ამდენად, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, შეუძლებელია, როგორც მუქარის ფაქტის, ასევე, აღნიშნული დანაშაულისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ობიექტური ნიშნის - შიშის განცდის დადგენა იმ ფონზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ მიმართებით აშკარად წინააღმდეგობრივია.

16. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ლ. ჯ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2025 წლის 26 ივნისს მის საცხოვრებელ სახლში შევიდა მეზობელი ი. თ-ი. კითხვაზე თუ რა უჭირდა, ი-მ მიუგო, რომ ქმარი დანით დაემუქრა, უთხრა, რომ მოკლავდა. ამდენად, მოწმე ლ. ჯ-ი არ არის ა. მ-ის მხრიდან მეუღლის მიმართ დანის გამოყენებით მუქარის აღსრულების პირდაპირი მოწმე და შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. მ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განაჩენზე ა. მ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე