საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2026
საქმის ნომერი
2კ-288აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№288აპ-26 თბილისი

ე-ა თ., 288აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 მარტის განაჩენზე ბ-ის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბ-ის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენით თ. ე-ა - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და თ. ე-ას, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ე-ამ ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით); ოჯახის ერთი წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის მარტის ბოლოს, თ. ე-ა, სოციალურ ქსელ „F.“-ის მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქალაქ ბ-ში მყოფ თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ა. ე-ას, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის ივნისის თვის ბოლოდან 2024 წლის 14 ივნისამდე დროის მონაკვეთში თ. ე-ა, სოციალურ ქსელ „F.“-ის მეშვეობით, საჯაროდ, სისტემატურად აგინებდა, უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა ქალაქ ბ-ში მყოფ თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ა. ე-ას, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დემეტრე ზუბაშვილი ითხოვს განაჩენის შეცვლას და თ. ე-ასათვის დანიშნულზე უფრო მკაცრი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელების განსაზღვრას, ასევე – არ ეთანხმება სასამართლოთა გადაწყვეტილებას თ. ე-ას ქმედებიდან გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის ამორიცხვას და მიაჩნია, რომ განაჩენი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს და მისი ქმედებიდან გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის ამორიცხვას. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა თ. ე-ას მხრიდან ა. ე-ას მიმართ ძალადობრივი ქმედებების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (დღევანდელი განმარტებით – ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის ნიშნით) ჩადენა.

8. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან/და შეზღუდვას, რაც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან სრული უარყოფით. ქმედების გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ პირმა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა სწორედ დისკიმინაციის შემცველი ნიშნით.

9. სასამართლოს მიერ გამოკვლეულ ტექსტებში გადმოცემულია უდიდესი აგრესია და ზიზღი ა. ე-ას, როგორც პიროვნების, მიმართ. აშკარაა, რომ ამგვარი ბილწსიტყვაობით, რაც საჯარო სტატუსებად უდევს ბრალდებულს თავის გვერდზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი წაკითხვა, ავტორს სურს, მიაყენოს ტკივილი ა. ე-ას, როგორც პიროვნებას. თუმცა ეჭვიანობა და მისგან მომდინარე მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოსტებში საერთოდ არ იკითხება. არც დაზარალებული მიუთითებს თავის ჩვენებაში, რომ თ. ე-ა შეურაცხყოფდა და ემუქრებოდა სქესის ნიშნით განსხვავების, ქალის მამაკაცზე დამოკიდებულების, მამაკაცის უპირატესი როლის საბაბით. 2017 წელს, როდესაც თ. ე-ამ დატოვა საქართველო, დაზარალებულის თქმით, თავდაპირველი უთანხმოება ნამდვილად იყო გამოგონილი საფუძვლით ეჭვიანობის გამო, თუმცა ბრალდებით გათვალიწინებულ, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის 14 ივნისამდე პერიოდში, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი, როგორც პიროვნების, დამცირების, დისკრედიტაციის, დაშინების შედეგიან მცდელობებს და არა – ეჭვიანობას ან დისკრიმინაციის სხვა რომელიმე ელემენტს.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს თ. ე-ას მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის ნიშნის არსებობას. შესაბამისად, ბრალდებულის ქმედების აღწერილობიდან სწორად ამოირიცხა მითითება ამ ნიშნით ჩადენილ მუქარისა და სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ, რამაც ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

11. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, სასამართლო უთითებს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

12. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებით გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოს, ვადით – ორ წლამდე, ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

14. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. ე-ას, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის სანქციებით დაწესებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელები, რომლებიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. სააპელაციო პალატამ დაასაბუთა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობა. ამასთან, დაზარალებულის მიერ უარის თქმის გამო, მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელებზე ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათები.

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. ე-ასათვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერია, სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბ-ის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე