საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.07.2026
საქმის ნომერი
2კ-321აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100125011538379

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №321აპ-26 3 ივლისი, 2026 წელი

გ. გ., 321აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2025 წლის 13 მარტს, დაახლოებით, 12:30 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... დაწესებულების სამორიგეო ნაწილში არსებულ დეესკალაციის №... ოთახში მოთავსებულმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა – გ. გ-მ, ამავე დაწესებულების ოპერატიული სამორიგეო სამმართველოს მთავარ ინსპექტორს – დ. ნ-ს, ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

2. გ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელ ნაწილს – 16 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთას, დაემატა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან – 11 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – ნაწილი – 1 წლით, 3 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა – 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა – ანი ჩუბინაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. გ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. კ-მ და გ. ძ-მ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩნის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელ ნაწილიდან – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა – 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა – ანი ჩუბინაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. გ-სათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის ზომის გამკაცრებას, რამეთუ მიიჩნევს, რომ მას საბოლოოდ მსუბუქი სასჯელი შეეფარდა, რომელიც არათუ უზრუნველყოფს მის მიზნებს, არამედ – შესაძლოა წაახალისოს დამნაშავე, რომ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გ. გ. წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ბოლო განაჩენით კი მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და მისჯილი აქვს – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, იგი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდგომაც არ დაადგა გამოსწორების გზას და, შესაბამისად, წინა ნასამართლობა არ აღმოჩნდა მისთვის დამაფიქრებელი და შემაკავებელი.

6. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ი. კ. და გ. ძ. წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით ითხოვენ, საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, რამეთუ მიიჩნევენ, რომ არ არსებობს მისი დაშვების კანონიერი საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

11. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი) გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გ. გ-ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, ზომიერად მკაცრი სასჯელი, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ დაუმატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განუსაზღვრა – 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის კვალდაკვალ, არ არის გამოკვეთილი. საკასაციო საჩივარში განვითარებული ზოგადი მსჯელობა სასჯელის მიზნებსა და სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას გასათვალისწინებელი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების თაობაზე, ვერ დაედება საფუძვლად გ. გ.სათვის შეფარდებული კონკრეტული სასჯელის დამძიმებას. რაც შეეხება კასატორის მითითებას მსჯავრდებულის წარსულ არაერთგზის ნასამართლობაზე, საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენის დადგენამდე გ. გ. ითვლებოდა ნასამართლობის არმქონე პირად, ხოლო იგივე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა, მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე