საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030100125012023328
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№390აპ-26 ქ. თბილისი
კ. ლ., 390აპ-26 7 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლ. თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 აპრილის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. კ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2025 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით, 09:30 საათზე, ლ. კ. ... მდებარე მეტალოპლასტმასის საამქროს წინ, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ძმას – ი. გ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2025 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით, 09:30 საათზე, ლ. კ. ... მდებარე მეტალოპლასტმასის საამქროს წინ, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მამას - ხ. გ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2025 წლის 17 ნოემბერს, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. კ.მ თავის ძმას ი. გ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც, იმავე დღეს, შსს ... საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ლ. კ-ს მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ სახლთან, მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს და იმ ადგილებთან – სადაც იგი იმყოფება, ასევე – მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია – პირადად, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ლ. კ.მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2025 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით, 09:30 საათზე, ... მდებარე მეტალოპლასტმასის საამქროს წინ, მიუახლოვდა ი. გ-ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. ლ. კ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენით ლ. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითაა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ემელიანე ბერაიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 აპრილის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 8 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ემელიანე ბერაიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ.ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა – ი. და ხ. გ-მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით: დაზარალებულების – ი. და ხ. გაბედავების, მოწმეების – ზ. ჩ-სა და პ. ფ-ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ი. გ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, „112-ში“ შეტყობინების აუდიოჩანაწერითა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. კ-ს ბრალეულობა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ლ. კ-ს მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულებმა – ი. და ხ.ა გ-ებმა – სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები მათი ახლო ნათესავის – ლ. კ.ს – წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, მოწმეების: ზ. ჩ-სა და კ. ჯ-ს ჩვენებები, რომლებიც შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ლ. კ.სათვის ბრალადშერაცხილ ქმედებებთან მიმართებით – ირიბია, რამეთუ ლ. კ. მათ შემთხვევის ადგილზე არ დახვედრიათ და, ამდენად, მის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემსწრენი არ გამხდარან, არამედ – მათი თქმით, დაზარალებულების ნაამბობი გადმოსცეს სასამართლოს; ისევე, როგორც მოწმეების – პ. ფ-სა და ი. ქ-ს ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, მაგრამ მათი მონათხრობი, ლ. კ.ს ბრალეულობასთან მიმართებით – არაფრისმთქმელია; „112-ში“ შეტყობინების აუდიოჩანაწერი და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლებზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ცხადყოფს, რომ 2025 წლის 18 ნოემბერს „112-ში“ ნამდვილად დარეკა დაზარალებულმა ხ. გ-მ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იგი სასამართლოში არ დაკითხულა და, შესაბამისად, ჯვარედინი დაკითხვით არ გადამოწმებულა დანაშაულის შესახებ მისი შეტყობინების შინაარსი/ნამდვილობა, ეს სამხილები ვერ ქმნის ლ. კ.ს მსჯავრდებისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა უტყუარ და საკმარის ერთობლიობას.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე