დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802226012887680
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№40I-26 20 ივლისი, 2026 წელი
ჰ–ი/უ. კ., №40I-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – კ. (K.) ჰ. /უ–ს (H.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ. ჰ. /უ–ს მიმართ სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არის შემდეგი:
2021 წლის 12 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტებითა (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა) და სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, გადატანა, ტარება, დანაშაულის ორი ეპიზოდი) ჩადენაში ბრალდებულ კ. ჰ–ს აღკვეთის ღონიძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
2024 წლის 2 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ერევნის და ნორ-ნორქის პროკურატურის დადგენილებით, კ. ჰ–ის მიმართ აღიძრა საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 469-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), ამავე კოდექსის 506-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (დაკავებული, დაპატიმრებული პირის ან პირის, რომელიც სისხლის სამართლის აღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს, გაქცევა) და ამავე კოდექსის 512-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნების დამზადება, ტარება, რეალიზაცია საპატიმრო დაწესებულებაში).
2024 წლის 12 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 469-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), ამავე კოდექსის 506-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (დაკავებული, დაპატიმრებული პირის ან პირის, რომელიც სისხლის სამართლის აღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს, გაქცევა) და ამავე კოდექსის 512-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნების დამზადება, ტარება, რეალიზაცია საპატიმრო დაწესებულებაში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ბრალდებულ კ. ჰ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.
1.2. სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:
2020 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 14:50 საათზე, ქალაქ ე–ში, .... ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, კ– რ–ს ძე ჰ–მა, რომელიც მოქმედებდა ანგარებითა და სხვა მოტივებით, კ. ხ–თან, ს. კ–თან, ჰ. ტ–თან, ტ. ჰ–თან, დ. ტ–ნთან და კიდევ ერთ დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის მართლზომიერ მფლობელობაში უკანონოდ არსებული 6,35 მმ (6,35×15) კალიბრის მოკლელულიანი პისტოლეტიდან ესროლა დაზარალებულ ა. ა. ძე პ–ს. გასროლის შედეგად დაზარალებულმა მიიღო მარჯვენა ხელის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა და მხრის ძვლის მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, რამაც გამოიწვია სიცოცხლისათვის საშიში სხეულის მძიმე დაზიანება, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იმყოფებოდა დაზარალებულის სიკვდილთან. ამგვარად, კ. ჰ–მა ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში საშუალების გამოყენებით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით.
წინასწარი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში, 2020 წლის 9 ივნისამდე, კ– რ–ს ძე ჰ–მა უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა მოკლელულიან 6,35 მმ (6,35×15) კალიბრის პისტოლეტს, კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი მან 2020 წლის 9 ივნისს, ქალაქ ე–ში, .... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში გამოიყენა ა. ა. ძე პ–ის მიმართ განზრახ მკვლელობის ჩასადენად.
2020 წლის 13 ივნისის შემდეგ, წინასწარი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში, კ. რ–ს ძე ჰ–მა უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა 9 მმ-იანი (9×18) ვაზნების სასროლად მოდიფიცირებულ თვითნაკეთ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, 1975 წელს ქარხნულად წარმოებულ PM ტიპის პისტოლეტს №....., კალიბრის 9 მმ (9×18), აგრეთვე აღნიშნული იარაღებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, კანონით დადგენილი ნებართვის გარეშე. 2021 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ ე–ში, ლ–ს ქუჩის №... კორპუსის №.. ბინაში, რომელსაც კ– ჰ–ი ქირით ფლობდა, ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს თვითნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამავე დღეს, მისი დაკავებისას, კ– ჰ–მა ბინის აივნიდან გადააგდო მის მართლზომიერ მფლობელობაში უკანონოდ არსებული PM ტიპის პისტოლეტი №..., კალიბრის 9 მმ (9×18), რომელიც დატენილი იყო რვა ვაზნით, ხოლო მის მახლობლად აღმოჩენილ იქნა იმავე კალიბრის კიდევ ერთი ვაზნა, რომლებიც შემდგომში პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს.
2024 წლის 1 ოქტომბერს კ.ჰ–ი, რომელიც ბრალდებული იყო დანაშაულების ჩადენაში და განსასჯელის სტატუსით სასამართლოს განჩინების საფუძველზე იმყოფებოდა პატიმრობაში, სისხლის სამართლის სააღსრულებო სამკურნალო დაწესებულების პალატიდან გადახტა, გაიქცა და მიიმალა.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 2 აპრილამდე პერიოდში კ.ჰ–მა უკანონოდ გადაკვეთა ს–ს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და შევიდა ს–ს ტერიტორიაზე, სადაც იგი დაკავებული იქნა.
2022 წლის 23 ოქტომბერს კ.ჰ–ი იმყოფებოდა პატიმრობაში, რა დროსაც იგი მოთავსებული იყო სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის სააღსრულებო დაწესებულებაში. იგი ჩხუბში მონაწილეობდა და შეამოწმა დაწესებულების თანამშრომელმა. კ.ჰ–ს აღმოაჩნდა საჩხვლეტ-საჭრელი საგანი დანა.
1.3. კ– ჰ–ი სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება.
2. კ– ჰ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2025 წლის 29 აპრილს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა კ– ჰ–ის ექსტრადიციის თაობაზე სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2.2. 2025 წლის 31 დეკემბერს კ– ჰ–ი ექსტრადიციის მიზნით, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
2.3. 2025 წლის 31 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, კ. ჰ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.4. 2026 წლის 27 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, კ– ჰ–ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით.
2.5. 2026 წლის 7 აპრილს, სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია კ. ჰ–ის ექსტრადიციის საქმეზე.
2.6. 2026 წლის 1 მაისს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაცია.
2.7. 2026 წლის 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, კ. ჰ–ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით.
2.8. ამჟამად, კ.ჰ–ი იმყოფება პატიმრობაში და მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.9. 2026 წლის 3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ და ითხოვა: დასაშვებად იქნეს ცნობილი კ– ჰ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორის, ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი კ– ჰ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები ექსტრადიციის შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისთვის, რაც დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტებითა (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა) და 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, გადატანა, ტარება, დანაშაულის 2 ეპიზოდი); სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 469-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), 506-ე მუხლის პირველი ნაწილითა (დაკავებული, დაპატიმრებული პირის ან პირის, რომელიც სისხლის სამართლის აღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს, გაქცევა) და 512-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნების დამზადება, ტარება, რეალიზაცია საპატიმრო დაწესებულებაში).
2.11. 2026 წლის 14 ივლისს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – კ. ჰ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ღ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება კ. ჰ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ კ. ჰ–მა ჩაიდინა დანაშაულები. ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას, რადგან სომხეთის რესპუბლიკა არ არის უსაფრთხო სახელმწიფო და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხე.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა კ. ჰ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, შეფასებულ იქნა ექსტრადიციის შემთხვევაში კ. ჰ–ის უფლებების დარღვევის რისკები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სომხეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და უფლებების დაცვის გარანტიები და დასაშვებად სცნო კ. ჰ–ის ექსტრადიცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ კ. ჰ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ და 1997 წლის 3 მაისის ორმხრივი ხელშეკრულება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის შესახებ“.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი კ. ჰ–ი 2025 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა კ. ჰ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა) აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, გადატანა, ტარება, დანაშაულის ორი ეპიზოდი) აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მათი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 506-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (დაკავებული, დაპატიმრებული პირის ან პირის, რომელიც სისხლის სამართლის აღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს, გაქცევა) აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 469-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 512-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნების დამზადება, ტარება, რეალიზაცია საპატიმრო დაწესებულებაში) აღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას იარაღის გადაცემა ან შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
8. ამდენად, მოცემულ საქმეში კ. ჰ–ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
10. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
11. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება კ. ჰ–ის ექსტრადიცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქებტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.
13. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები სავარაუდოდ განხორციელდა 2020 წლის 9 ივნისიდან 2025 წლის 2 აპრილამდე პერიოდში. კ. ჰ–ი 2024 წლის 12 ოქტომბრიდან იმყოფება ძებნაში.
14. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
15. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
16. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ. ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
17. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში არსებობს კ. ჰ–ის უფლებების დარღვევის საფრთხე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ მის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მისი უფლებების დარღვევის ეჭვს წარმოშობდა.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
20. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.
21. კ. ჰ–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და არც თავშესაფარი აქვს მიცემული. გარდა ამისა, მისი ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არის უსაფრთხო სახელმწიფო. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
22. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
23. დაცვის მხარის პოზიციაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი კ. ჰ–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტების დასადგენად – საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.
24. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ კ. ჰ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
25. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ სომხეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კ. ჰ–ი სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – კ. (K.) ჰ. /უ–ს (H.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 7 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციით, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცით სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ– (K.) ჰ. /უ–ს (H.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე