საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100122005540531
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №270აპ-26 ქ. თბილისი
დ-ე ი, 270აპ-26 22 სექტემბერი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ი. დ-ძე, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ი. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 23 დეკემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. დ-მ ჩაიდინა ,,ქურდული სამყაროს’’ წევრობა; გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· კანონიერი ქურდის - გ. დ-ის შვილმა, თავადაც კრიმინალურმა ავტორიტეტმა ი. დ-მ ნაცნობ დ. ზ-ის ნაცნობის - პ. ს-ან 15000 ამერიკულ დოლარად შეიძინა „ინფინიტის“ მარკის ავტომობილი, თუმცა მალევე, იმ მოტივით, რომ თითქოსდა აღნიშნული ავტომობილი მოჰპარეს თავად დ. ზ-მა და პ. ს-მ, ი. დ-მ დ. ზ-ს მოთხოვა 15000 აშშ დოლარის ანაზღაურება. ამ მიზნით 2020 წლის ოქტომბერში, წ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში, ი. დ-მ დ. ზ-ს სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით მოსთხოვა 15000 აშშ დოლარის გადახდა. მუქარით შეშინებული დ. ზ-ი ი. დ-ს პერიოდულად მართლაც გადასცემდა ფულად თანხას 100-დან 500 ლარამდე, რამაც მთლიანობაში შეადგინა, დაახლოებით, 15000 ლარი. მიუხედავად ამისა, 2021 წლის სექტემბერში, თბილისში, ერთ-ერთი შეხვედრისას ი. დ-მ კვლავაც მუქარით ისევ მოთხოვა მას თვენახევრის ვადაში 15000 აშშ დოლარის გადახდა. 2021 წლის 8 ნოემბერს თ-ში შეხვედრისას დ. ზ-მა ი. დ-ს გადასცა უკანონოდ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 1000 ლარი, თუმცა ამავე შეხვედრაზე ი. დ-მ მას დამატებით მოსთხოვა 2021 წლის 8 დეკემბრამდე მოთხოვნილი 15000 აშშ დოლარიდან რამდენიმე ათასისა და ასევე მისი კუთვნილი „აუდის“ მარკის, ,,Q7“ მოდელის ავტომანქანის გადაცემა.
· 2021 წლის 8 დეკემბერს, თ-ში შემდგარ მორიგ შეხვედრაზე ი. დ-მ, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, ძალადობის გამოყენების მუქარით ისევ უკანონოდ მოსთხოვა დ. ზ-ს თანხის ნაწილის - 5000 აშშ დოლარისა და მისი „აუდის“ მარკის, ,,Q7“ მოდელის ავტომანქანის გადაცემა და მომდევნო შეხვედრა დაუთქვა 2021 წლის 13 დეკემბერს. ამასთან, კვლავ შეახსენა მას საკუთარი გავლენა კრიმინალურ სამყაროში.
· 2021 წლის 13 დეკემბერს, თ-ში, დათქმული შეხვედრის დროს ი. დ-მ არაერთხელ გაუსვა ხაზი დამნაშავეთა სამყაროში მის მაღალ კრიმინალურ ავტორიტეტს, „კანონიერ ქურდებთან’’ კავშირსა და სხვადასხვა კრიმინალური დავების განხილვა-გადაწყვეტაში მის მონაწილეობაზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასზე „ქურდულ სამყაროში“ ე.წ. „ქურდული პრაგონი“ არ „გატარებულა“, იგი იყო „კანონიერი ქურდი”, მას ყველა ამ სტატუსით აღიქვამდა და ამისათვის საჭირო არ იყო ე.წ. „ქურდული გარჩევის“ მოწყობა. ასევე, აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ის „იდეა“, რა „იდეითაც“ იგი ცხოვრობდა. ამავე შეხვედრაზე ი. დ-მ ძალადობის გამოყენების მუქარით დ. ზ-ან კვლავ უკანონოდ მოითხოვა თანხის ნაწილის - მინიმუმ 5000 აშშ დოლარისა და ,,აუდის“ მარკის, ,,Q7“ მოდელის ავტომანქანის გადაცემა, რისთვისაც ბოლო ვადად ქურდული წესების შესაბამისად განუსაზღვრა 2021 წლის 19 დეკემბერი.
· კანონიერი ქურდის - გ. დ-ის შვილმა, თავადაც კრიმინალურმა ავტორიტეტმა ი. დ-მ ნაცნობ დ. ზ-ის ნაცნობის - პ. ს-ან 15000 ამერიკულ დოლარად შეიძინა „ინფინიტის“ მარკის ავტომობილი, თუმცა მალევე, იმ მოტივით, რომ თითქოსდა აღნიშნული ავტომობილი მოიპარეს თავად დ. ზ-მა და პ. ს-მ, ი. დ-მ დ. ზ-ს მოთხოვა 15000 აშშ დოლარის ანაზღაურება. ამ მიზნით, 2020 წლის ოქტომბერში წ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში ი. დ-მ დ. ზ-ს სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით მოსთხოვა 15000 აშშ დოლარის გადახდა. მუქარით შეშინებული დ. ზ-ი ი. დ-ს პერიოდულად მართლაც გადასცემდა ფულად თანხას 100-დან 500 ლარამდე, რამაც მთლიანობაში შეადგინა დაახლოებით 15000 ლარი. მიუხედავად ამისა, 2021 წლის სექტემბერში, თ-ში, ერთ-ერთი შეხვედრისას ი. დ-მ კვლავაც მუქარით ისევ მოსთხოვა მას თვენახევრის ვადაში 15000 აშშ დოლარის გადახდა, რის გამოც 2021 წლის 8 ნოემბერს თ-ში შეხვედრისას დ. ზ-მა ი. დ-ს გადასცა უკანონოდ მოთხოვნილი თანხის ნაწილი- 1000 ლარი, თუმცა ამავე შეხვედრაზე ი. დ-მ მას დამატებით მოთხოვა 2021 წლის 8 დეკემბრამდე დაწესებული 15000 აშშ დოლარიდან რამდენიმე ათასისა და ასევე მისი კუთვნილი „აუდის“ მარკის“ Q7“ მოდელის ავტომანქანის გადაცემა.
· 2021 წლის 8 დეკემბერს, თ-ში შემდგარ მორიგ შეხვედრაზე ი. დ-მ, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდული სამყაროში“ დადგენილი წესის შესაბამისად, ძალადობის გამოყენების მუქარით ისევ უკანონოდ მოთხოვა დ. ზ-ს თანხის ნაწილის - 5000 აშშ დოლარისა და მისი „აუდის“ მარკის „Q7” მოდელის ავტომანქანის გადაცემა და მომდევნო შეხვედრა დაუთქვა 2021 წლის 13 დეკემბერს.
· 2021 წლის 13 დეკემბერს, თ-ში, დათქმული შეხვედრის დროს ი. დ-მ ძალადობის გამოყენების მუქარით დ. ზ-ან კვლავ უკანონოდ მოითხოვა თანხის ნაწილის - მინიმუმ 5000 აშშ დოლარისა და „აუდის“ მარკის, „Q7” მოდელის ავტომანქანის (ღირებული 5000 აშშ დოლარად) გადაცემა, რისთვისაც ბოლო ვადად განუსაზღვრა 2021 წლის 19 დეკემბერი.
· ი. დ-ის ქმედების შედეგად დ. ზ-ს მიადგა დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ი. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ი. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ი. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 23 დეკემბრიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. შ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ი. დ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დეტალურად მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ ი. დ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. აღნიშნული დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ. ზ-ისა და მოწმეების - გ. გ-ის, დ. ა-ის, დ. დ-ის, დ. ზ-ის, ო. ნ-ისა და სხვათა ჩვენებებით, დ. ზ-ის განცხადებით, მობილური ტლეფონის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმებით, ფულადი თანხის დაბრუნებისა და მიღება-ჩაბარების ოქმებით, დაკავების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით, დ. ზ-ან სატელეფონო გასაუბრების შესახებ ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.
7. განსახილველ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა დაზარალებულ დ. ზ-ის განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი უთითებდა, რომ ი. დ-ძე, როგორც კრიმინალური ავტორიტეტი, მისგან უკანონოდ ახდენდა ფულადი თანხის გამოძალვას 15000 აშშ დოლარის ოდენობით. მუქარა იყო რეალური და იგი ყველაფერზე იყო წამსვლელი, რის გამოც განმცხადებელი ითხოვდა შესაბამის რეაგირებას, რათა ი. დ-ს პასუხი ეგო კანონის შესაბამისად. დაზარალებულ დ. ზ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა და საქმიანობდა რ-ში. საქართველოში დაბრუნდა 2018 წელს. 2020 წელს შეხვდა ი. დ-ს, ბ-ში, სადაც მას მსჯავრდებულის გარდა, დახვდა კიდევ 15 კაცი. შეხვდნენ ბ-ის ტყეში, ისაუბრეს ფულზე, ი. დ-ძე დაზარალებულისგან ითხოვდა მანქანის ფულის გადახდას... მეორედ ნახვისას ი. დ-მ უთხრა მას, რომ საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა და 3000 დოლარის უნდა მიეცა მისთვის. დ. ზ-მა იფიქრა 3000 ლარის მიცემა ღირდა იმად, რომ ეს ადამიანი თავიდან მოეშორებინა, თუმცა თანხა ნელ-ნელა იზრდებოდა, ავიდა 5000-ზე, შემდეგ 10000-ზე და ი. დ-ძე აღარ ჩერდებოდა. იგი დაზარალებულს ეუბნებოდა, ქურდი ვარ და შენ უფრო დაგიჯერებენ თუ მეო, ის ემუქრებოდა დ. ზ-ს მისი ,,შვილით და ოჯახით“, იმ შემთხვევაში, თუ თანხას არ გადაიხდიდა... დაზარალებული ი. დ-ს თანხას აძლევდა 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით, ყოველ მეორე დღეს, ყოველ მესამე დღეს. ხშირად ფულს ,,ა-ის’’ ანგარიშზე ურიცხავდა 500 ლარი იყო, თუ 700 ლარი, ერთხელ 1000 დოლარი ,,ს-ის’’ ანგარიშზე ჩაურიცხა. 1 წლის განმავლობაში დაზარალებულს ი. დ-ის სულ მცირე გადარიცხული აქვს 5000 დოლარი - 15000 ლარი. დ. ზ-ის ჩვენებით, როდესაც მან ჰკითხა ი. დ-ს, ეს გადახდილი თანხა ხომ აკლდებოდა იმ მოთხოვნილ თანხას, პასუხად უარი მიიღო და დ-ძე ისევ სთხოვდა 15 000 დოლარს და მანქანას.
8. დაზარალებულ დ. ზ-ის ჩვენება თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, მის მიერვე განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან (რომელიც მან ჩაწერა შეხვედრებისას, მას შემდეგ, რაც დახმარების მიზნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს). საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნით, ვიდეოჩანაწერებზე მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
9. სატელეფონო საუბრების ამონაწერითა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ე.წ. ,,კრებსებით“ ირკვევა, რომ სატელეფონო საუბრები და პირადი შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა ბრალდებულსა და დაზარალებულ შორის, რომელიც ემსახურებოდა, ერთადერთ მიზანს, ნებისმიერი ხერხითა და ფორმით დაეუფლებოდა ფულად თანხას. მოცემული ,,კრებსების“ სხდომაზე გამოკვლევა მოხდა სრული მოცულობით.
10. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე დაზარალებულის ჩვენებასთან, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები მათ შორის არ გამოვლენილა და ერთობლიობაში ამყარებენ დაზარალებულის პოზიციას, რომ მსჯავრდებული მასზე ძალადობის მუქარით ცდილობდა იმ თანხის გამოძალვას, რომელზედაც მოთხოვნის არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ი. დ-ძე ითხოვდა თანხის გადაცემას (ვალის დაბრუნებას), რისი კანონიერი მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მათ შორის ვიდეოჩანაწერებიდან. მათი მეშვეობით ნათლად დასტურდება, რომ დაზარალებულს არ უმოქმედია მაპროვოცირებლად, მსჯავრდებული აშკარა ფორმით მოითხოვს და ამასთანავე, ძალადობის გამოყენებით. არცერთ მხარეს არ გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ ზ-ი თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან და ამ მიზნით იყო ვიდეოჩამწერებით აღჭურვილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ზ-ან ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო დაზარალებულის განცხადების საფუძველზე, რის შემდეგაც მან გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამძიებო მოქმედებაში, მსჯავრდებულის დანაშაულებრივ ქმედებაში მხილების მიზნით.
11. უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ი. დ-ის ქურდული სამყაროს წევრობა. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიუთითებს, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვიერი ფორმით მის აღიარებას. მეტიც, პირის ,,ქურდული სამყაროს“ წევრად მიჩნევისათვის საერთოდ არ არის აუცილებელი, პირი ზეპირსიტყვიერად აცხადებდეს, რომ იგი აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს“. პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისას გადამწყვეტი არის ის ფაქტი, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავდეს პატივისცემას ქურდული ტრადიციების მიმართ და ხელს უწყობდეს ამ სამყაროს ფუნქციონირებასა და გაძლიერებას, რაც გამოხატულია ი. დ-ის არაერთ ქმედებაში.
12. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ადვოკატის არგუმენტების/პოზიციის საფუძველზე, არ გამოკვეთილა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე კანონისმიერი საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44); „მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდისა ან მსგავსი, უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან” (იხ. ,,დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/03/2013, §39; ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282).
13. „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე