საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.09.2026
საქმის ნომერი
2კ-284აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100125011630528

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №284აპ-26 ქ. თბილისი

მ-ი პ, 284აპ-26 22 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. პ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის .. სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2025 წლის იანვარში, ბ-ში, ა-ის ქუჩის N..., ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. მ-მა ხელის სახეში დარტყმით იძალადა ოჯახის წევრზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2025 წლის იანვარში, ბ-ში, ა-ის ქუჩის N..., ბინა N....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. მ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2025 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, ბ-ში, ა-ის ქუჩის N.., ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, პ. მ-მა ხელების ყელის არეში მოჭერით, იატაკზე დაგდებით, ხელებისა და ფეხების სხეულზე რამდენჯერმე დარტყმით იძალადა ოჯახის წევრზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2025 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, ბ-ში, ა-ის ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. მ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2025 წლის 10 მაისს, დღის საათებში, ბ-ში, ა-ის ქუჩის N.., ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. მ-მა ხელებით თმებზე მოქაჩვით იძალადა ოჯახის წევრზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2025 წლის 10 მაისს, დღის საათებში, ბ-ში, ა-ის ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. მ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენით:

2.1. პ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა პ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით, დამატებითი ვალდებულება - მასვე, აეკრძალოს დაზარალებულთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. გირაოს შემტანს, ა. ბ-ს, პ/ნ ..., კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 2025 წლის 13 მაისს, პ. მ-ის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 5000 ლარი. დასტური Nა ....., ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი N..., სს ,,ს-ი’’.

2.3. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, პ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ა. ბ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

7. პ. მ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

8. შეტყობინების რეგისტრაციის N.. დოკუმენტით დგინდება, რომ 2025 წლის 10 მაისს ა. კ-მა განაცხადა, რომ ოჯახური კონფლიქტია.

9. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ა. კ-ი და ნ. ბ-ძე არ არიან ძალადობისა და მუქარის ფაქტის თვითმხილველები, ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

10. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები ასევე ეფუძნება იმ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი არაა მიმართული დანაშაულებრივი ფაქტის დადგენისაკენ. მათში მითითებული გარემოებები არ დადასტურებულა ფაქტის სახით; სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინება კი გაკეთებულია ა. კ-ის მიერ, რომელიც ინფორმაციას დაზარალებულისაგან ფლობს და თავად არ უნახავს კონკრეტული ფაქტი. გარდა ამისა, ვერცერთი აღნიშნული მტკიცებულება ვერ ჩაითვლება იმ ხარისხის მტკიცებულებად, რომელსაც შესაძლებელია დაეფუძნოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის N627აპ-19 განჩინება; 2020 წლის 29 ოქტომბრის 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად, არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №4აპ-23 განჩინება).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი აღსრულების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

14. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

16. განსახილველ საქმეში დაზარალებულმა ა. ბ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მით უფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

17. შესაბამისად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს პ. მ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე პ. მ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე