დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.09.2026
საქმის ნომერი
2კ-49-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802226012991579

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№49I-26 ქ. თბილისი

ი–ი ბ., 49I-26 21 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ი–ის (B. Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. წ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2020 წლის 11 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბოდრუმის პირველი მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით ბ. ი–ი (B. Y.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა);

1.1.1. აღნიშნული განაჩენი 2020 წლის 25 სექტემბერს შევიდა კანონიერ ძალაში.

1.2. 2022 წლის 12 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბოდრუმის პირველი მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით ბ. ი–ი (B. Y.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (ბავშვის განზრახ მკვლელობა), 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) და 79-ე მუხლის პირველი ნაწილით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა);

1.2.1. აღნიშნული განაჩენი 2024 წლის 2 დეკემბერს შევიდა კანონიერ ძალაში.

1.3. 2025 წლის 2 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბოდრუმის სასჯელაღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ბ. ი–ს (B. Y.) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 187 წლის, 6 თვის და 1095 დღის ვადით;

1.4. 2025 წლის 8 ოქტომბერს გაიცა ბ. ი–ის (B. Y.) დაკავების ბრძანება.

2. ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2026 წლის 17 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ი–ი (B. Y.);

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით ბ. ი–ს (B. Y.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2.3. 2026 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს ბ. ი–ის (B. Y.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 14 მაისის განჩინებით ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 17 აგვისტომდე;

2.5. ბ. ი–ი (B. Y.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ბ. ი–ის (B. Y.) მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 2 სექტემბერს ბ. ი–მა (B. Y.) და მისმა თანამზრახველებმა, ქ. ბ–დან ს–ში უკანონო გზით გადაყვანის მიზნით, 6 კაციან ნავში, სამაშველო ჟილეტების გარეშე, მოათავსეს 17 მიგრანტი. ტრანსპორტირების პროცესში, ბ–ში მდებარე კუნძულ ჩ–სთან ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც დაიღუპა 8 მიგრანტი, მათ შორის, 5 ბავშვი, ხოლო 2 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

4. 2026 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა 2025 წლის 2 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბოდრუმის სასჯელაღსრულების სასამართლოს მიერ ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ დანიშნული სასჯელების შეკრების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 6 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, 2025 წლის 2 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ.ბოდრუმის სასჯელაღსრულების სასამართლოს მიერ ბ. ი–ის მიმართ დანიშნული სასჯელების შეკრების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ი–ის (B. Y.) – ინტერესების დამცველი ადვოკატი – ი. წ–ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმებას. ადვოკატი უთითებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა იგი დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყობას ან სასჯელს. კასატორის მტკიცებით, ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და იმავდროულად, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ბ. ი–ი (B. Y.) პროცესებს არ დასწრებია, არ მიუღია მონაწილეობა სასამართლოში საქმის განხილვაში. ასეთ შემთხვევაში კი პირის ექსტრადიცია შეიძლება განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმოადგენენ სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის გარანტიას, სადაც ექსტრადირებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით. საქართველოს პროკურატურას კი ამ კუთხით რაიმე გარანტიები არ წარმოუდგენია. დაცვის მხარე „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე (კოლიზიური თხოვნები) მითითებით ითხოვს ბ. ი–ის (B. Y.) დომინიკის თანამეგობრობაში გადაცემას, ვინაიდან იგი გარდა თ–ს რესპუბლიკისა, იმავდროულად, არის დ–ს თანამეგობრობის მოქალაქეც. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით ბ. ი–ი (B. Y.) არ ეთანხმება თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას, ვინაიდან არსებობს მისი უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე, – მისი მსჯავრდება მოხდა პოლიტიკური მოტივით, რადგან მან სოციალურ ქსელში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მიაყენა შეურაცხყოფა.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და არც საექსტრადიციო მასალებში მოიპოვება მტკიცებულება ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს შემდეგს:

3. 2026 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა 2025 წლის 2 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბოდრუმის სასჯელაღსრულების სასამართლოს მიერ ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ დანიშნული სასჯელების შეკრების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედება დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:

5.1. ზემოაღწერილი ქმედება, დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომლითაც პირი მსჯავრდებულია. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

5.2. ზემოაღწერილი ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა, ჩადენილი ორზე მეტი პირის მიმართ, რამაც გამოიწვია მიგრანტის სიცოცხლის მოსპობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 15 წლით.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით;

6.2. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით დადგენილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამდენად, წინამდებარე განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

7. ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის დანაწესთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემების თანახმად, ბ. ი–ი (B. Y.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე (ტ. N2; ს.ფ.132). ამასთან, საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 19 მაისს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბ. ი–ი (B. Y.) არ ითვლება არც თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში (ტ. N2; ს.ფ. 148).

8.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს (სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს) და 34-ე მუხლის მე-14 პუნქტს (სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს).

9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

10. კასატორის მტკიცებით:

10.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა დადგეს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ (შემდგომში – ,,ევროპული კონვენციის“) მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საკითხი, იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს ,,აშკარა“ დარღვევას.

10.2. ევროპული კონვენციის მე-2-3 მუხლების შესაბამისად, დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს ,,არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ანდა არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. ადვოკატი საკასაციო საჩივარში თავად უთითებს, რომ მტკიცების სტანდარტი მოითხოვს უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნის ან არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის შესახებ მტკიცებულებების წარდგენას, – ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი წარადგინოს აღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებები.

10.3. ამდენად, თავად კასატორი მიუთითებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ვალდებულებაზე, წარადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომლებიც შესაძლოა ექსტრადიციის შემთხვევაში მისი სიცოცხლის, თავისუფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობისათვის საფრთხის არსებობაზე მიუთითებდეს. მიუხედავად ამისა, კასატორს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, კონკრეტული/რელევანტური ინფორმაცია არ წარმოუდგენია და მხოლოდ ზოგად მითითებებსა და ვარაუდებს ეყრდნობა. მას არც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაძლო „აშკარა“ დარღვევის/ასეთის საფრთხის რეალურობის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულება წარმოუდგენია. შესაბამისად, კასატორის მტკიცება, ექსტრადიციას შემთხვევაში ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ ევროპული კონვენციის მე-2-3 და მე-6 მუხლებით გარანტირებული უფლების დარღვევის საფრთხის თაობაზე, მხოლოდ ზოგად მსჯელობას ეფუძნება.

11. სასამართლო ითვალისწინებს:

11.1. თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ.

11.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, par. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005). ამასთან, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განცხადება არ არის საკმარისი მტკიცების შესაბამისი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, თუ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები (Chentiev and Ibragimov v. Slovenia, no 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010).

11.3. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საკუთარი პოზიციის – საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის – დამადასტურებელ არც კონკრეტულ არგუმენტაციას და არც რაიმე სახის რელევანტურ მტკიცებულებას/ებს; საექსტრადიციო მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის, საფრთხე. შესაბამისად, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ბ. ი–ი (B. Y.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.

11.4. კასატორი არ უთითებს, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილ საექსტრადიციო მასალებზე დაყრდნობით, რომ ბ. ი–ის (B. Y.) საქმეში არის რაიმე აშკარა და უხეში დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხე.

11.5. არ არის წარმოდგენილი არც რაიმე ინფორმაცია/მტკიცებულება, რაც თურქეთის რესპუბლიკაში განსახილველი სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

12. კასატორის მტკიცებით ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 187 წლის, 6 თვის და 1095 დღით – სიკვდილით დასჯის ტოლფასი სასჯელია.

12.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა. მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ბ. ი–ის (B. Y.) სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა და არა – სიკვდილით დასჯა. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბ. ი–ის (B. Y.) აქვს თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრით გათავისუფლების შესაძლებლობა (მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, N5275 ,,სასჯელაღსრულებს შესახებ“ კანონის 108/1-c მუხლის შესაბამისად, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეიზღუდება 32 წლით, ხოლო პატიმრობაში გატარებულ 275 დღე გამოაკლდება სასჯელის საერთო ვადას. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებამდე ბოლო ერთი წლით ადრე, კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში, მსჯავრდებული გათავისუფლდება (ტ. N2; ს.ფ. 102-106)).

13. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები; ამ შემთხვევაში პირის ექსტრადიცია შეიძლება განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმოადგენენ სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის გარანტიას, სადაც ექსტრადირებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით.

13.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. ი–ი (B. Y.) ესწრებოდა/მონაწილეობდა საქმის არსებით განხილვაში, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირი, რომლის ექსტრადიციაც მოთხოვნილია ბოდრუმის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკითხული და შემდეგ დაპატიმრებული იქნა 2015 წლის 9 სექტემბერს, სასამართლო განხილვის პროცესში იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2016 წლის 10 ივნისს. 2017 წლის 19 იანვარს მსჯავრდებულმა დაცვა განახორციელა ადვოკატის მონაწილეობით, ასევე – 2022 წლის 12 აპრილს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა მსჯავრდებულის დაუსწრებლად, თუმცა მისი ადვოკატის მონაწილეობით (ტ. N2; ს.ფ. 102-106).

13.2. შესაბამისად, კასატორის მტკიცება, რომ ბ. ი–ი (B. Y.) სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო განხილვის/წარმოების შესახებ და ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მის მიმართ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევას, ხელახალი სასამართლო განხილვის გარანტიის წარმოუდგენლობის გამო, – უსაფუძვლოა და იმავდროულად, ეწინააღმდეგება საქმის მასალებში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ზემოაღნიშნული გარანტიის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

14. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მოთხოვნა „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, კოლიზიური თხოვნის არსებობისა და ამავე კანონის 342-ე მუხლის საფუძველზე, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით დომინიკის თანამეგობრობაში გადაცემის თაობაზე, ვინაიდან ბ. ი–ს (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა იგი თანახმაა დ–ს თანამეგობრობაში გადაცემაზე.

14.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის ექსტრადიციის თაობაზე კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად, ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში პირის ამ კანონით დადგენილი წესით, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოხატულია თანხმობა თხოვნის გამომგზავნ ყველა სახელმწიფოში გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 341-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

14.2. ამდენად, კოლიზიური თხოვნები და მისი თანმდევი რეგულაციები შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც წარმოდგენილია კოლიზიური თხოვნები ერთიდაიგივე პირის ექსტრადიციის თაობაზე, ორი ან ორზე მეტი უცხო სახელმწიფოსაგან.

14.2.1. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ი–ის (B. Y.) ექსტრადიცია მოთხოვნილია მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის მიერ, – დომინიკის თანამეგობრობას ექსტრადიციის მოთხოვნა არ წარმოუდგენია. შესაბამისად, კასატორის მტკიცება ,,ჩვენს მიერ (დაცვის მხარის მიერ) დადგა კოლიზიური თხოვნები“ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

14.2.2. გარდა ამისა, ბ. ი–ი (B. Y.) უარს აცხადებს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე. შესაბამისად, არ არსებობს არც კოლიზიური თხოვნები და არც გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.

15. გარდა აღნიშნულისა, არარელევანტურია კასატორის მითითება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე (სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ: სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს), ვინაიდან ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, აღნიშნული ეხება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის მიერ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულების საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფას და არა პირის ექსტრადიციას.

16. ბ. ი–ის (B. Y.) მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ იგი საქართველომ გადასცეს დომინიკის თანამეგობრობას, ვინაიდან იგი გარდა თურქეთის რესპუბლიკისა, იმავდროულად, არის დომინიკის თანამეგობრობის მოქალაქეც, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მისი იმ სახელმწიფოსთვის გადაცემა, რომლის მოქალაქეც იგი არის.

16.1. განსახილველ შემთხვევაში, ბ. ი–ი (B. Y.) არ არის საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირი და არ არსებობს მისი მოქალაქეობის სახელმწიფოსთვის სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის საფუძველი.

17. კასატორის მტკიცებით ბ. ი–ი (B. Y.) არ ეთანხმება თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას, ვინაიდან არსებობს მისი უფლებების ხელყოფის რეალური საფრთხე, რადგან მისი მსჯავრდება მოხდა პოლიტიკური მოტივით, – მან სოციალურ ქსელში თ–ს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მიაყენა შეურაცხყოფა.

17.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით დასტურდება, რომ ბ. ი–ის (B. Y.) საქმეში არ იკვეთება პოლიტიკური ან სხვა უკანონო მოტივებით მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ფაქტი. მისი ექსტრადიცია მოთხოვნილია მიგრანტების უკანონო გადაყვანისთვის და აღნიშნულ პროცესში რამდენიმე მიგრანტის, მათ შორის, ბავშვების გარდაცვალების ფაქტებთან მიმართებით მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების აღსრულების მიზნით. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, ბ. ი–ის (B. Y.) მიერ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრისათვის შეურაცხყოფას (2021 წლის ოქტომბერი (ტ. N1; ს.ფ. 151-156)) წინ უსწრებს მისი იმ დანაშაულისთვის მსჯავრდება (2020 წლის 11 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბოდრუმის პირველი მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით ბ. ი–ი (B. Y.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით (მიგრანტების უკანონო გადაყვანა)), რომელთან დაკავშირებითაც მოცემულ შემთხვევაში მისი ექსტრადიციაა მოთხოვნილი. იმავდროულად, არ არის წარმოდგენილი ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ სწორედ სოციალურ ქსელში გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადების/კომენტარის გამო დევნის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მითითებული თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღნიშნული მსჯავრდების შემდეგ მოხდა, ვერ ადასტურებს ბ. ი–ის (B. Y.) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან მსჯავრდების პოლიტიკური ან სხვა უკანონო მოტივით განხორციელებას.

18. კასატორის მიერ წარმოდგენილ თურქეთის რესპუბლიკის სამი პროფესორის სამეცნიერო მოსაზრებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მათი დასკვნა წარმოადგენს შესაბამი სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებების სამართლებრივ ანალიზს. ექსტრადიციის მიზნებისთვის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს/გადაამოწმოს ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის კანონიერება. კერძოდ, ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის (თავი III. ექსტრადიცია) თანახმად, ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას უკავშირებს მხოლოდ აღნიშნულ აქტებში სახელდებით და ამომწურავად ჩამოთვლილ წინაპირობებს (მაგალითად: სიკვდილით დასჯა, ხანდაზმულობის ვადა, პრინციპი Non bis in idem და სხვა), რაც არ მოიცავს ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის კანონიერების შემოწმებას.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 6 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ი–ის (B. Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ი–ის (B. Y.) – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. წ–ას – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 6 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე